სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, დოქტორი მაია რუსია
ქიმიურ ელემენტთა ქართული სახელწოდებები
- პერიოდულობის ცხრილში დღეს უკვე 116 წევრია. თუ არსებობს რომელიმე ელემენტის სახელის ქართული შესატყვისი დასახელება?
დღევანდელ კულტურულ-ეკონომიკურად დაწინაურებულ ერთა შორის საქართველო და ქართველი ერი ერთერთი უძველესია. ჩვენი წინაპართა საცხოვრისი მარტო იმ ტერიტორიით არ შემოიფარგლებოდა, სადაც ახლანდელი საქართველოა განფენილი. ქართველი ერი არის შთამომავლობა ხალხთა დიდი მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში პროტოიბერებს უწოდებენ.
მეცნიერ-მკვლევართა უმეტესი ნაწილის მტკიცებით, დღევანდელი კაცობრიობა დიდად არის დავალებული ქართველი ტომებისაგან მეტალთა წარმოების ხელოვნების აღმოჩენა- სრულყოფით. მოიძია და საფუძვლიანად შეისწავლა რა ქიმიისა და მეტალურგიის ისტორიის გამოჩენილი მკვლევარების გასული საუკუნის 80-იან წლებამდე გამოქვეყნებული ნაშრომები თუ მონოგრაფიები, ისტორიკოსი გ. კვირკველია ასკვნის: “უცხოელ მეცნიერთა შორის დღესაც დამკვიდრებულია აზრი იმის შესახებ, რომ შავიზღვისპირეთი, კერძოდ კი პონტოს რაიონი, წარმოადგენს ზოგიერთი ფერადი და შავი ლითონების დამუშავების ეპიცენტრს, ხოლო ქართველური მოდგმის ტომები ხალიბები, მოსინიკები და თუბალები ამ მეტალების პირველმწარმოებლები არიან მთელ მსოფლიოში”.
თითქმის ყველა ელემენტს, რომელთა აღმოჩენის თარიღი დღეისათვის უცნობია, “წმინდა ქართული” სახელწოდებები აქვთ. ასეთებია:
ოქრო – ეტიმოლოგიურად იშიფრება, როგორც “უქრობი”, “მარადჟამს ბზინვარე”. ის ერთერთი ელემენტია, რომელიც არავითარ პირობებში თავის ფერსა და ბზინვარებას არ იცვლის – აქედანაა მისი სახელწოდებაც!
ვერცხლი – ვერცხლი ძველ ქარ- თულში ცნობილი იყო “ვერცხილი”-ს სახელწოდებით, ახალ ქართულში კი “ვერცხლი”-თ; მეგრულად მას “ვარ- ჩხილი” ჰქვია, სვანურად – “ვარჩხილ”. ერთი სიტყვით, ამ ელემენტის სახელწოდება ქართულია და “ნასესხები” არ ჩანს რომელიმე უცხო ენიდან.
სპილენძი – ელემენტის ეს სახელწოდება მომდინარეობს სპირენებისაგან – ერთ-ერთი ქართული ტომისაგან, რომელიც უძველეს დროში ცხოვრობდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და მისდევდა ამ ლითონის წარმოებას. მეგრულად სპილენძს ჰქვია “ლინჯ”, ხოლო სვანურად – “სპილენძ”. ამ ელემენტის საწარმოო მადნები “სპირენძის” სახელწოდებით არის ცნობილი.
სურმა – მ. ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში სურმა სპარსულ სიტყვად მოიხსენიება (სპარს–სურმე), რომელიც მომდინარეობს თურქული სიტყვისაგან “სურმე”, რაც “წასმას” ნიშნავს, ხოლო სულხანსაბა ორბელიანი მოიხსენიებს მას, როგორც სხვათა (რომელიღაც) ენიდან მომდინარეს. როგორც ირკვევა, დღეისათვის არ არის ერთიანი აზრი ელემენტ სურმის ეტიმოლოგიის შესახებ. მისი ბუნებრივი ნაერთი – სურმის (III) სულფიდი იმთავითვე გამოიყენებოდა წარბებისა და წამწამების შესაღებად. დარიშხანი – თანამედროვე გამოკვლევებით, “დარიშხანი”-ს სახელწოდება ეტიმოლოგიურად იშიფრება როგორც “დარი შხამისა” ანუ “შხამის შესადარი”, “შხამის მსგავსი”. რკინა – ლაზური სიტყვაა და ცას ნიშნავს. ჩვენი წინაპრების წარმოდგენით, ცა რკინისგან იყო გადახურულ- მოჭედილი.
ვერცხლისწყალი – სხვა მეტალებისაგან განსხვავებით, მხოლოდ ისაა ოთახის ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაში, წყალივით. გარეგნულად ფერით, იგი ვერცხლს მოგვაგონებს. აქედან გარმოსდგა სახელწოდებაც– ვერცხლისწყალი!
თუთია – მეგრულად “თუთა” მთვარეს ნიშნავს. როგორც ჩანს, ეს მეტალი, მარტივი ნივთიერების სახით, ჩვენმა წინაპარმა მთვარეს მიამსგავსა. თუთია – ასეთი სახელწოდების გავრცელება ქართულ ქიმიურ ლიტერატურაში შედარებით დიდი ინტენსივობით ამ სამი ათეული წლის წინათ დაიწყო. მანამდე კი ამ ელემენტს უფრო საერთაშორისო სახელწოდებით – “ცინკად” მოიხსენიებდნენ.
თითბერი – სპილენძისა და თუთიის შენადნობია. ამ შენადნობის ფერი მკვეთრად იცვლება წითლიდან – სპილენძის ფერიდან თეთრამდე (ამ ელემენტების შემცველობის მიხედვით). “თითბერი”, როგორც ირკვევა, მეგრული “თუთა-ფერის” შეკვეცილი ფორმა უნდა იყოს. ტყვია – მას ძველქართულად “ტყვივსაც” უწოდებენ. ტყვიას სხვანაირად, “ბრჰენის” ან პრპენის” სახელითაც მოიხსენიებენ.
გოგირდი – ეს სახელწოდება რომ ქართული წარმოშობისაა, ცალსახად მტკიცდება თუნდაც იმით, რომ არც ერთ უცხო ენაში ეს ელემენტი ამ სახელწოდებით არ მოიხსენიება (სულფურუმ –ლათინურად).
კალა – ერთადერთი ელემენტია, რომლის სახელწოდების შემოღებაგადმოტანას ქართულ მეტყველებაში “ნახევარკუნძულ მალაკას ქალაქის კალაჰიდან” ვარაუდობენ. თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე სვანეთში არის სოფელი – “კალა”, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს “კალის” უცხო ენიდან შემოტანა-ნასესხობის შესახებ. მეტალთაგან ადამიანმა სულ პირველად სამი ელემენტი აითვისა და გამოიყენა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. ეს უკანასკნელი გაცილებით მეტი რაოდენობითაა გავრცელებული ბუნებაში. სპილენძს ის დადებითი თვისება აქვს, რომ ადვილად ექვემდებარება დამუშავებას, მაგრამ გამოყენებისას მეტისმეტად რბილია. ამიტომ ხალასი სპილენძისაგან დამზადებული საგნები ადვილად დეფორმირდებიან. ამ უდაოდ დიდი ნაკლის გამოსწორებას ძველი ქართველი ტომები სპილენძისადმი ისეთი ელემენტების დამატება-შელ- ღობით შეეცადნენ, რომელიც საგანს მეტ სიმაგრეს მიანიჭებდა. თავდაპირველად ასეთი აღმოჩნდა დარიშხანი, რომელმაც სპილენძს რამდენიმე დადებითი თვისება შესძინა. ასე იქნა დაწყებულ-აღმოჩენილი ბრინჯაოს წარმოება ამ ექვსი ათასი წლის წინათ ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე. ამ მეტალის ქართული სახელწოდება “ლინჯ” ანუ “ბლინჯ” საფუძვლად დაედო ბრინჯაოს საერთაშორისო სახელწოდებას: ირანულად ჰქვია “ბირინჯ”, ხოლო ევროპულ ენებზე – Bronse. ეს შენადნობი ასეთივე სახელწოდებითაა ცნობილი რუსულ ენაშიც – Бронза.
ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ ძველმა ქართველმა ტომებმა პირველებმა შეიმუშავეს ბრინჯაოს წარმოების ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში და რომ ეს სახელწოდება გავრცელდა შემდეგ როგორც მეზობელ ქვეყნებში (ირანი), ისე შორეულ ევროპაშიც.
რ. დიუსის დასკვნის მიხედვით, ძველმა ბერძნებმა რკინისა და ფოლადის წარმოება ქართველი ტომებისაგან - ხალიბებისგან ისწავლეს. აქედან გამომდინარე, ფოლადს ბერძნებმა ხალიბების სახელწოდების მიხედვით “ხალვფს – ხალვდიკოს” დაარქვეს. ასეთ დასკვნას აკეთებს გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილიც. არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ძველ მესოპოტამიასა და ეგვიპტეში მეტალებსა და შენადნობებს, ძირითადად, ქართული წარმომავლობის სახელწოდებები ჰქონდათ. ამის შესახებ ე. ბიბრა ჯერ კიდევ ამ 140 წლის წინათ წერდა: “მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები წარმოადგენდნენ ყველაზე მეტად განვითარებულ არიელებს, სპილენძის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. ეს ლითონი მათ სხვა ხალხისაგან შეითვისეს”. ასეთი დასკვნა მრავლისმეტყველია.
მეტალურგიის ჩასახვა-განვითარების საქმეში ძველ ქართველ ტომ- თა პრიორიტეტზე ისიც მიანიშნებს, რომ ქართული ტომის – მოსინიკების სახელწოდებიდან წარმოქმნილია “თითბერის” სახელწოდებაც. ძველ მეტალურგ ქართველებს ბრინჯაოსი და თითბერის ნაწარმები – საგნები არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ესაჭიროებოდათ, არამედ უცხო ქვეყნებში გაჰქონდათ საექსპორტოდ.
ნიკო მარის ეტიმოლოგიური ძიებითაც მტკიცდება, რომ თითბერის სახელწოდება ქართველი ტომებისგან აქვთ გადაღებულ-ათვისებული სხვა ხალხებს. რაც შეეხება სხვა ელემენტებს – ტყვიასა და ვერცხლს, საზღვარგარეთელი მეცნიერები მათ შესახებ უფრო საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. რ. ფორბსი თვლის, რომ პირინეის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალიბები, რომლებიც მოიაზრებოდნენ პროტოიბერებად, თავდაპირველად ვერცხლს იღებდნენ უაღრესად პრიმიტიულად, ბუნებრივი ნედლეულისაგან. ისინი ტყეს წვავდნენ, რის შედეგადაც ტყვიის და ვერცხლის შემცველი ქანების ტემპერატურა მაღლა იწევდა და გამდნარი მეტალები იწყებდნენ ნაღვარევის სახით ჩამოდინებას. გაცივების შემდეგ ასეთნაირად მიღებული მყარი მასა წარმოადგენდა ვერცხლისა და ტყვიის შენადნობს.
სრულიად განსხვავებული ტექნოლოგია ჰქონდათ შემუშავებული რკინის საწარმოებლად ინდოელებს. ასე რომ, ძველქართული და ინდოეთში მიღებული რკინა-ფოლადი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა შედგენილობა-თვისებებით.
ამრიგად, ენეოლითისა და ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლების ქიმიური შემადგენლობის შესწავლამ ცალსახად ნათელყო, რომ ძველმა ქართველმა ტომებმა პირველებმა შეიმუშავეს მეტალების წარმოების ხელოვნება-ტექნოლოგია ადგილობრივი წიაღისეული რესურსების ბაზაზე. ქართული ბრინჯაოსა და რკინა-ფოლადისაგან დამზადებული საგნები ოდითგანვე გაჰქონდათ საექსპორტოდ მეზობელ და შორეულ ქვეყნებში. ასე გავიდა ქართული სახელწოდებები და წარმოების ტექნოლოგიები უცხო ერებში.
ესაუბრა "თბილისის უნივერსიტეტი", 16 ნოემბერი, # 13, 2011 წელი
გამოქვეყნებულია 12-12-2011