სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ქიმიკოსი, ცნობილი დრამატურგი რეზო კლდიაშვილი
მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:
-
ბატონი რამაზ ლაღიძე
ამ წერილის სათაურზე ბევრი არ მიფიქრია. მას ყოველთვის ასე მიმართავდნენ კოლეგები, ასპირანტები თუ სტუდენტები. იმ პერიოდშიც კი, როცა მძვინვარებდა მიმართვა “ამხანაგო”, ჩვენ მისი მოსწავლეები ვამაყობდით მასწავლებლით. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ პროფესორ რამაზ ლაღიძესთან თანამშრომლობა ადვილი საქმე არ იყო. ნივთიერების სტრუქტურას რომ დავადგენდით, იგი მაინც ეჭვის თვალით უყურებდა. რამდენჯერმე გვთხოვდა გადაგვემოწმებინა, მანამდე კი ზედმეტი იყო გამოქვეყნებაზე ლაპარაკი. დასაწყისში მისი ეს სიდინჯე მაღიზიანებდა. ხშირად მიფიქრია, რომ ესპანელი ინკვიზიტორები შეიძლებოდა ასე მოქცეულიყვნენ. ერთხელ შემატყო გაღიზიანება და თავის კაბინეტში შემიპატიჟა. თეთრი ფურცელი კარადიდან დინჯად ამოიღო, ლამაზი კალმისტრით ერთმანეთზე გადაჯაჭვული ხუთი წრე შემოხაზა.
_ ჩემო კარგო, პატარა წვრილმანსაც არ გვაპატიებენ და ხუთი კონტინენტის სასაცილო შევიქმნებით. იტყვიან, სადღაც, კავკასიის მთებში მოქცეული პროვინციალი ქიმიკოსები რას სჩადიანო. გაასმაგებული მუშაობა გვმართებს, რაღაც ორიგინალური რომ გავაკეთოთ და მსოფლიოს შევბედოთ დალაპარაკება, ისიც დიდი მორიდებით და ტაქტით. მითუმეტეს ამ ხუთი თითით და ამ სამუშაო პირობებით.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბატონი რამაზი ევროპული რანგის მეცნიერი იყო. ის დაამშვენებდა მსოფლიოს ყველა სამეცნიერო ცენტრს თუ უნივერსიტეტს. გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნებოდა ნორმალურ სამუშაო პირობებში მაგრამ სამწუხაროდ მძიმე ქვეყანაში მოუხდა ცხოვრება. მძიმე დროს. მისი გარეგნობა, ხასიათი, დახვეწილი ქცევები, ორატორული კულტურა, განსწავლულობა, შრომისუნარიანობა, პროფესიონალიზმი, ენების ცოდნა თუ აღიზიანებდა მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს და მტერს უფრო მეტს უჩენდა, ვიდრე მოყვარეს. მან მთელი ცხოვრება ქედუხრელად გაატარა. ეს ყურადღების მისაქცევი დეტალია იმდენად, რამდენადაც სისტემა მაშინაც და დღესაც მსხვრევის პირობებში, ულმობლად ექცევა ადამიანებს. ჩვენს თვალწინ ადამიანები ყიდიან თავიანთ თავს, ყოველგვარი მორიდების გარეშე. ბატონ რამაზს არასოდეს უღალატია თავისი თავისთვის და იმ პრინციპებისათვის, რომელსაც მიზანშეწონილად თვლიდა. ამავე დროს უაღრესად მორიდებული პიროვნება იყო, იოლი გზით სიარული მისთვის მიუღებელი გახლდათ, ყოველ სიტყვას წონიდა. ბევრჯერ მინახავს უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობაში როგორი პატივისცემით და მორიდებით ექცეოდნენ.
1983 წლის აპრილში საბჭოთა კავშირში სტუმრად იყო ინგლისის სამეფო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ოლისი. მან ითხოვა ორი დღით თბილისში ჩამოსვლა, სპეციალურად პროფესორ რამაზ ლაღიძესთან. ბატონ რამაზს და პროფესორ ოლისს ჰქონდათ მეცნიერული კამათი. ეს იმ საკითხებს შეეხებოდა, რომელიც ჩემი დისერტაციის თეორიულ ნაწილში უნდა ყოფილიყო შეტანილი. ლაღიძე არ დაეთანხმა ოლისის შეხედულებას და ბოლოს ინგლისელი სტუმარი დარწმუნდა ქართველი მეცნიერის სისწორეში. ოლისისეული ხელნაწერი და ინტერპრეტაცია საკითხის მიმართ ბატონმა რამაზმა მთხოვა შემეტანა სადისერტაციო ნაშრომში, როცა რუსი ოპონენტი ჩემს დისერტაციაში ამ ხელნაწერს წააწყდა, ცოტა გაღიზიანდა. მან იცოდა ვინ იყო ოლისი. ბატონმა რამაზმა შეგნებულად გააკეთა ეს, თითქოს პატარა დეტალია, მაგრამ ბატონი რამაზის ხასიათისთვის დამახასიათებელი.
პირველად ერთმანეთს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩემი სწავლის დროს შევხვდით, ორგანულ ქიმიას გვიკითხავდა. აუდიტორიაში შემოვიდა სიმპათიური, დარბაისლური გარეგნობის, გემოვნებით ჩაცმული პროფესორი, გაგვიღიმა და დაბალი ხმით დაიწყო ლექციის კითხვა.
ლაღიძის ლექციებს სტუდენტები არ ვაცდენდით. ძალიან თავხედი უნდა ყოფილიყავი, მოუმზადებელი მოსულიყავი მასთან გამოცდაზე. არ იყო მკაცრი გამომცდელი და ამით რეკლამას არ იკეთებდა. მშვიდად გამოისტუმრებდა სტუდენტს.
გავიდა წლები. ერთ-ერთ ინსტიტუტში კიბეზე შევხვდით ერთმანეთს. შეჩერდა, მომესალმა, გამიხსენა და დაინტერესდა ჩემი საქმიანობით. მეც ვუამბე. შევეცოდე, მაინცდამაინც სწორ გზაზე რომ არ ვიდექი და თავისთან მიმიწვია ლაბორატორიაში.
ბატონი რამაზი რიგითი თანამშრომელივით დილიდან საღამომდე ლაბორატორიაში ფუსფუსებდა. ეს უბრალოდ მისი ჩვევა იყო. იცოდა თქმა: “ის ინსტიტუტი რა ინსტიტუტია, ღამით ფანჯრებში სინათლე რომ არ ჩანსო”. როცა თანამშრომლებს გამოგვიძახებდა, ხალათებს შევისწორებდით, წინსაფრებს მოვისხამდით, სამუშაო ჟურნალებს მოვიმარჯვებდით. კარგი ბიჭი იყავი, ექსპერიმენტი სწორად არ გქონოდა გაფორმებული დღიურში. განსაკუთრებით გასუდრულები ვიყავით კითხვების მოლოდინში. დეტალურად გვეკითხებოდა სამუშაოს შესახებ, პატარა ნიუანსსაც არ ტოვებდა. ხშირად გამიგია “ლაღიძე მძიმეაო”, მარტივი რომ არ იყო ფაქტია, უფრო სწორად წესრიგის მოყვარული იყო და ეს ეშლებოდათ მის ოპონენტებს. პირველი დავალება, რომელიც მან მომცა, ამინოვალერიანის მჟავას მიღება იყო. ამავე დროს, მთხოვა გამოსავლის გადიდებაზეც მეზრუნა. სულმოუთქმელად შევუდექი დავალების შესრულებას. ექსპერიმენტს რომ ვატარებდი ხშირად შემოდიოდა ლაბორატორიაში. იქვე ჩამოჯდებოდა, ვითომ სხვა საკითხზე ლაპარაკობდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ მაკვირდებოდა.
დრო გადიოდა, მასალაც გროვდებოდა. ერთ დღეს ბატონმა რამაზმა დამავალა ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება. შევუდექი მზადებას. თურმე სადა ხარ, აწი იწყება წამება. რა თქმა უნდა, ჩემი დაწერილი მოხსენება არ მოეწონა. ვინ იცის, რამდენჯერ გადამაკეთებინა. მოხსენებისათვის პლაკატები მაღალი ხარისხისა მოვამზადე. გამაფრთხილეს, დიდ ყურადღებას აქცევსო. თანამსრომლები დროს როგორვ კი გამოძებნიდნენ, მავარჯიშებდნენ, მაძლევდნენ შეკითხვებს, ეს შავი რეპეტიციები იქამდე მიმდინარეობდა, სანამ ბატონი რამაზი მომისმენდა. დადგა ეს დღეც. ბატონმა რამაზმა, როგორც იქნა, მოიცალა მოხსენების მოსასმენად. ჩვენ პირდაპირ ვიდექით. წინა საღამოს ტელევიზიაში უჩვენეს ფილმი რეჟისორ დოდო ალექსიძეზე. სადაც ბატონი დოდო გაცხოველებით და მისთვის ჩვეული ენერგიით ატარებდა რეპეტიციას. ჰოდა, ეს რეპეტიცია მონაგონი იყო ლაღიძისეულ რეპეტიციებთან.
პროფესორი რამაზ ლაღიძე და ასპირანტი რეზო კლდიაშვილი.
ტაშკენტი, 1973 წ .
_ არ ვარგა... კატეგორიულად არ ვარგა!.. დიაკვნისაგან ხომ უნდა განსხვავდებოდეს!..
ვატყობდი, თვალებში ცრემლი ჩამიდგა, გაქცევა მინდოდა. მძულდა ქიმია და ყველაფერი ირგვლივ. მემუდარებოდა, აზრი მიიტანე მსმენელამდე, აგრძნობინე ამ სამუშაოს სილამაზე. ჯერ მიტრიალდი პლაკატთან, შემდეგ მოტრიალდი, ნუ ლაპარაკობ ცხვირში. რომელი ერთი, აღარაფერი აღარ მესმოდა. მებრძოლა და მებრძოლა ორი დღე, სანამ თავის მიზანს არ მიაღწია. კონფერენციის დღეს პირველი ჩავიდა სააქტო დარბაზში. საერთოდ, როცა ბატონი რამაზი მოხსენებას აკეთებდა, ისნტიტუტის საკონფერენციო დარბაზში ტევა არ იყო. ამ ყურადღებას მისი ლაბორატორიის თანამშრომლების მიმართYიჩენდნენ. ჩემი გვარი რომ გამოაცხადეს, თავი არ აუწევია, სულგანაბული მისმენდა. მე მგონი პირველი და უკანასკნელი შექება დავიმსახურე იმ დღეს.
ტაშკენტში გაიმართა საბჭოთა კავშირ-ინდოეთის სიმპოზიუმი ბუნებრივ ნაერთთა ქიმიაში. იქ სერიოზული ამბავი შემემთხვა. დილით ადრე, სასტუმროს წინ მაღალი, წარმოსადეგი კაცი დავინახე. ჩემი ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ორივეს ერთნაირი ჯინსის კოსტიუმები გვეცვა. უცნობმა მკითხა:
_ ჩაიხანა ხომ არ იცი სად არისო? _ მეც მივუთითე. შემომთავაზა, ჩაი ერთად დაგველია. დავთანხმდი. გამეცნო, იური ანატოლის ძე ოვჩინიკოვი. მეც წარვუდგინე ჩემი თავი. რეაქცია რომ ვერ შემატყო, უფრო დაინტერესდა ჩემით. გამომკითხა საიდან ვარ, რაზე ვარ ჩამოსული ტაშკენტში, მეც ვუპასუხე. ერთი კი მკითხა _ დიდი ხანია რაც ბუნებრივი ნაერთების ქიმიაში მუშაობო? მეც ვუპასუხე _ არც ისე, ერთ წელზე მატია-მეთქი. მეორე დღეს გაიხსნა სიმპოზიუმი. რას ვხედავ, ეს იური არ ხსნის სიმპოზიუმს?! გავოცდი. ბატონ რამაზს გადავუჩურჩულე _ ვინ არის ეს ახალგაზრდა კაცი?! აკადემიკოს-მდივანი იური ოვჩინოკოვი. ასე ახალგაზრდა?! თვალები ამივიდა შუბლზე. პრეზიდიუმიდან მიღიმის. დარბაზში ჩემს ირგვლივ ყველას ჰგონია რომ მათ უღიმის. ეტყობა, ჩემს გაოგნებულ სახეს რომ ხედავდა, თავს ვერ იკავებდა. შესვენებისას დიდ ჰოლში კორდონი გაკეთდა და ამალით მოდიოდა ახალგაზრდა აკადემიკოსი. ესალმებოდა სიმპოზიუმის მონაწილეებს, ბატონ რამაზთან შეჩერდა, გულთბილად მოიკითხა. მოტრიალდა და მხარზე ხელი დამადო _ შენს მოხსენებას აუცილებლად დავესწრებიო _ მიტხრა. თანმხლები პირნი გაოცებული მიყურებდნენ, რით დავიმსახურე ესოდენ დიდი ყურადღება. ბატონ რამაზსაც ჰქონდა გაოცების მიზეზი.
_ საიდან იცნობ ოვჩინიკოვს?! _ მკითხა.
_ ვის, იურას?!
_ ჰო?!
_ ჩემი ძველი ნაცნობია, როგორ თქვენთვის არ მითქვამს?!
ვუამბე, სინამდვილეში როგორ გავიცანი. ვიცინეთ. პროფესორ რამაზ ლაღიძეს მიუახლოვდა უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი სადიკოვი, როგორც სიმპოზიუმის მასპინძელმა მოიკითხა კოლეგა. ეს თვქენი შვილიაო?! _ ჰკითხა ჩემზე და ხელი ჩამომართვა. ბატონმა რამაზმა წარმადგინა, რომ გაიგო კლდიაშვილი, თვალები გაუბრწყინდა. ქეთო ხანუმი რა არის თქვენი _ მკითხა. (ლაპარაკია დავით კლდიაშვილის ქალიშვილზე, რომელიც უზბეკეთის რძალი იყო). მე და ბატონი რამაზი მეორე დღისათვის პრეზიდენტმა მიგვიპატიჟა სადილად, რომელიც მის ბინაში გაიმართა. ვიწრო წრე იყო სტუმრებისა, როგორც საბჭოთა ისე ინდოელების მხრივ. მან დიდი სიყვარულით მოიგონა ქეთევან კლდიაშვილი, მისი ამაგი უზბეკი სტუდენტების მიმართ მოსკოვში სწავლის დროს. იმ პერიოდში ქალბატონი ქეთევანი მეუღლე იყო ბუხარის საემიროს წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში. მან ისიც გაიხსენა, რომ ბუხარის უკანასკნელმა ემირმა თურმე დარბაზობაც კი გაუმართა ქეთევან კლდიაშვილს, პირველად რომ გამოჩნდა უზბეკეთში. ეს ინფორმაცია ჩემთვის ახალი იყო. სტუმრებმა შესვეს ქართველი კლასიკოსის ქალიშვილის სადღეგრძელო. აქ კი სიამაყით აღვივსე.
ეგზოტიკის მოყვარულებმა უზბეკეთში ყოფნა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ბუხარა, სამარყანდი, ხივა მოვინახულეთ. მოგზაურობისას ვერ იცნობდით ბატონ რამაზს, ისეთი ამყოლი და მხიარული იყო. ჩვენ თბილისშიც გვქონდა გასვლითი რეისები _ მცხეთა, ზედაზენი, არმაზი, კიკეთის მიდამოები. მიუხედავად ასაკისა, მანქანის ტარება ძალიან უყვარდა. ზეპირად იცოდა ქართული, რუსული, აღმოსავლური და დასავლური პოეზია. ბევრ იგავ-არაკს ჰყვებოდა. რაღაც სხვანაირი იუმორი ჰქონდა. ცნობილი ქართველი მრეწველის მიტროფანე ლაღიძის შვილს ბავშვობიდანვე კარგი განათლება ჰქონდა მიღებული. ერეკლე ტატიშვილი იყო მისი მასწავლებელი. ბევრს მიამბობდა მის შესახებ.
წაღვერში, არჯევანიძის ტყეში დგას ბატონი რამაზის მამისეული აგარაკი დიდი აივნით და შესანიშნავი ხედით. ერთ ზაფხულს დასასვენებლად მიმიპატიჟა. სოფელი მზეთამზე მზის ამოსვლისას მაჩვენა. უზომოდ უყვარდა ბუნება. პატარა ყვავილსაც კი მოეფერებოდა. ერთხელ მითხრა _ მამაჩემი ჟოლოს აუცილებლად ამ ხეობაში შეიძენდა და სახედრებით ჩამოიტანდა თბილისში, ალუბალს სხვა რაიონიდანო. მაშინ იყო ნამდვილი წყალი, აბა ახლა არც დაილევაო. საღამოობით კი ჩაის მივირთმევდით აივანზე, ციცინათელებთან. ერთი სიტყვით შრომაც იცოდა და დასვენების ფასიც.
1981 წელს პირველად გამოქვეყნდა ჩემი მოთხრობები ჟურნალ “ცისკარში”. მიუხედავად ახლობლობისა, არ მითქვამს, მომერიდა. მითხრეს _ ლაღიძე გთხოვს თავის სამუშაო ოთახშიო. შევედი, ორი ქიმიური ჭიქა სავსე იყო წეთელი ღვინით. მაგიდაზე ჟურნალი “ცისკარიც” დავინახე. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. წავიკითხე _ მითხრა, იმერეთი და ჩემი ბავშვობა მომაგონდა. მთელი ჩემი ცხოვრება მეც მქონდა სურვილი პროზაში ბედი მეცადა, მაგრამ ვერ გავბედე, თანამედროვე ახალგაზრდებს მეტი გამბედაობა გაქვთ. ალბათ, კარგია. სერგო კლდიაშვილმა გამათამამა _ მივუგე მორიდებით. დავლოცოთ ამ წითელი ღვინით შენი დებიუტი.
რეგალიების და კარიერის მოყვარული არასოდეს ყოფილა. თავის ლაბორატორიაში მუშაობა იყო მისი მიკრო სამყარო, მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტობა რომ ნამდვილად ეკუთვნოდა, ეჭვგარეშეა. სამწუხაროდ, ქიმიკოსებმა ეს ბატონ რამაზს არ აღირსეს. ჩვენ მისი მოწაფეები განვიცდიდით ამ უსამართლობას და არა მარტო მისი ლაბორატორიის თანამშრომლები. საერთოდ, მეტი დაკვირვება გვმართებს უფროსებს, როცა ჩვენს გვერდით ახალგაზრდები იზრდებიან. უშეცდომო არავინ არის, მაგრამ პატიება უნდა შეგვეძლოს. ბოლოსდაბოლოს მეცნიერი ხომ მისი ნაშრომის მიხედვით უნდა იღებდეს ამა თუ იმ ტიტულს.
დიდი მოკრძალებიტ, დაგვიანებული მადლობა უნდა მოვახსენო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაშინდელ პრეზიდენტს, აკადემიკოს ევგენი ხარაძეს და მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების წევრებს იმ სამართლიანობისათვის, რომ მათ დამსახურებულად აირჩიეს ბატონი რამაზი აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ვფიქრობ იგი მართლაც, რომ დაამშვენებდა აკადემიკოსების დასს. ეს ფაქტი ჭეშმარიტების და გონიერების გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, პროფესორ რამაზ ლაღიძეს არცერთ თანამშრომელს არ უხეხია რუსეთის ინსტიტუტის ლაბორატორიები. იაფ და შავ მუშახელად არ ვმდგარვართ “უფროსი ძმის” კარზე. მიუხედავად ამისა, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილეები ვიყავით, როგორც კავშირის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ლაღიძის რამდენიმე ეტალონური ნახშირწყალბადი. ეს ბევრი მეცნიერი ხვედრი არ არის. მე ამ წერილში მიზნად არ დამისახავს პროფესორ რამაზ ლაღიძის სამეცნიერო შრომების მიმოხილვა. ეს ცალკე თემაა და თანაც საინტერესო. დღეს სხვა დეფიციტი აქვთ ახალგაზრდებს _ აღმზრდელის, მასწავლებლის, რომელიც ამავე დროს პიროვნებაც უნდა იყოს. ბატონი რამაზი ჩემი კერპი არ ყოფილა, უბრალოდ ქრისტიანი ვარ და პატივს ვცემდი, როგორც მასწავლებელს, პიროვნებას და მეცნიერს.
რუსთაველის პროსპექტი, სადაც ყრმობა და მთელი ცხოვრება გაატარა, ერთხანს დაინგრა და ბრძოლის ველს დაემსგავსა. რა უფრო შეაწუხებდა და შეძრავდა, დანგრეული შენობები თუ ადამიანების დანგრეული სულები? ალბათ ორივე ერთად, მაგრამ უფრო ადამიანები.
ქარიშხალმა გადაიარა. ლაღიძის წყლებთან ავუხვიე და კონსერვატორიისკენ პატარა აღმართს ავუყევი. ბატონი რამაზის სახლის სადარბაზოს კარზე ზარს ისეთივე მოკრძალებით ვრეკავდი, როგორც წლების წინ.
ესაუბრა .
გამოქვეყნებულია 01-08-2011