სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინსკოლა “ზურგჩანთას“ კურსდამთავრებული, უკვე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ჯული ჯიხვაშვილი.



 

 

საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მეგობრების ყოლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა წარმატების მისაღწევად...

- ჯული,  უპირველესად  გილოცავთ სტუდენტობას. როგორც ვნახეთ, თქვენ 100%-იანი სასწავლო გრანტით ჩაირიცხეთ ქიმია-ბიოლოგიის პროგრამაზე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. საინტერესოა, როდის დაინტერესდით ქიმიით და რამ გამოიწვია თქვენიქიმიისადმი ინტერესი?

დავიწყოთ იმით, რომ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა წარმოუდგენელია ქიმიის გარეშე. ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ყოფა-ცხოვრებაში ვხედავთ და ვიყენებთ, ქიმიის ცოდნას ეფუძნება. ამ ფაქტის გააზრების შემდეგ, ვფიქრობ, არ იქნება გასაკვირი თუ რატომ შეიძლებოდა დავინტერესებულიყავი ქიმიით ჯერ კიდევ მერვე კლასში, როცა ამ საინტერესო  საგნის შესწავლა ახალი დაწყებული გვქონდა.

 

- სად სწავლობდით ქიმიას?

ქიმიის სწავლაში პირველი ნაბიჯები სკოლაში გადავდგი, რასაც თან დაერთო ონლაინსკოლა “ზურგჩანთის“ გაკვეთილებიც, რომლებსაც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი, მათ შორის აბიტურიენტობის დროსაც.

 

-  რატომ შეარჩიეთ თქვენი  არჩევანი აგრარულ უნივერსიტეტზე  და როგორია თქვენი მოლოდინი?

როგორც კი აგრარული უნივერსიტეტის შესახებ პირველად გავიგე, მაშინვე გამიჩნდა სურვილი აქ დამეწყო სწავლა. მგონია, რომ ეს უნივერსიტეტი საკუთარი თავის თვითრეალიზების საშუალებას აძლევს სტუდენტებს და მაქსიმალურად უწყობს მათ ხელს, თავიანთი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის საფუძველზე, მიაღწიონ კარიერულ წინსვლას.

 

- საინტერესოა და მნიშვნელოვანით,  გვითხრათ, რა მოგცათ სკოლა ზურგჩანთამ“?

სკოლამ “ზურგჩანთა“, ქიმიის თეორიულ ცოდნასთან ერთად შემძინა უდიდესი გამოცდილება, რაც შემდგომში ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც დამეხმარა. ამასთან ერთად დავუმეგობრდი და დავუახლოვდი ჩემს თანატოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებთანაც დღემდე აქტიურად ვაგრძელებ  ურთიერთობას. საერთო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე მეგობრების ყოლა კი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა წარმატების მისაღწევად , რაშიც სკოლა “ზურგჩანთის“ წვლილი ნამდვილად დიდია.

 

- და ბოლოს,  რას ურჩევდით მოსწავლეებს, რომლებიც ახლა აკეთებენ არჩევანს?

მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ არასდროს შეიტანონ ეჭვი თავიანთ შესაძლებლობებში. ცხოვრებაში რთული პერიოდები ყველას აქვს , მაგრამ პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა , რომ ყველაფერი დაძლევადია. ყოველი დაბრკოლება, თავიანთი პიროვნული ზრდისთვის უნდა გამოიყენონ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.

 

- დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებულ წლებსა და დასახული მიზნების ასრულებას გისურვებთ.

 

 

ესაუბრა სოფო ფაცაცია

გამოქვეყნებულია 04-09-2023