სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ვ. კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლისა და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი კუპრავა.



 

 

მახსოვს, თუ როგორი დიდი გაოცება გამოიწვია ჩემში ნივთიერებათა ფერთა ცვლამ...

- მოგესალმებით გიორგი, თქვენ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოსწავლე ხართ. მოდით,  ცოტა უფრო დაწვრილებით გაგვაცანით თქვენი თავი.

გიორგი კუპრავა, დავიბადე ქ. თბილისში 2007 წლის 17 იანვარს. მყავს დედ-მამა, ორი უფროსი ძმა და ბებია. მე-7 კლასამდე ვსწავლობდი 128-ე საჯარო სკოლაში. ამჟამად კი ვარ ვ. კომაროვის სახელობის 199-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. სკოლის გარდა ვსწავლობ კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელ ცენტრ „მზიურსა“ და ონლაინ სკოლა „ზურგჩანთაში“. სიამოვნებით ვეუფლები ინგლისურ და იტალიურ ენებს.

 

- ძალიან საინტერესოა. ბევრ რამეს ხართ შეჭიდებული. ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლით დღეს ბევრი მოსწავლეა დაინტერესებული, რაც ძალიან ლოგიკურია. საერთაშორისო ოლიმპიადებზე  მოასპარეზე საქართველოს ეროვნული ნაკრებებიდან ყველაზე ტიტულოვანი სწორედ ამ დარგის ნაკრები გვყავს. ყოველ წელს სხვადასხვა სახის  საერთაშორისო ტურნირებზე არაერთ მედალს იღებენ. მაგარმ იქნებ გვითხრათ,  კომპიუტერულ ტექნოლოგიებისა და  ენების შესწავლასთან ერთად ქიმიით რატომ დაინტერესდით?

რამდენიმე წლის წინ ვაკის პარკში სან-დიეგოს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტები ატარებდნენ სადემონსტრაციო ცდებს. დღესაც მახსოვს თუ როგორი დიდი გაოცება გამოიწვია ჩემში ნივთიერებათა ფერთა ცვლამ, ამოქაფებულმა მასამ, რომელიც ლავასავით გადმოედინებოდა ჭურჭლიდან და კიდევ მრავალმა საინტერესო სანახაობამ. გამიჩნდა უამრავი კითხვა და რაც მთავარია გამიჩნდა სურვილი შემესწავლა ეს ყველაფერი და გამეგო თუ როგორ, რატომ და რანაირად მიმდინარეობდა ესა თუ  ის პროცესი. ვთვლი, რომ სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო ჩემი გატაცება ქიმიით.

 

- დიახ,  ქიმია საბუნებისმეტყველო დარგია და მისი შესწავლა ექსპერიმენტების გარეშე ძნელი და ნაკლებეფექტურია. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“ დაან  საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ?

ჩემმა უფროსმა ძმამ შემატყობინა ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას“ შესახებ. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობდა ქიმიის დისტანციურ სწავლებას. ვთვლი, რომ ეს შემოთავაზება ძალიან კარგი საშუალებაა შევისწავლო და გავიღრმავო ქიმიის ცოდნა.

 

- რა  ცოდნა მოგცათ ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" ?

ონლაინ სკოლაში მასწავლებლები ქიმიის თეორიასთან ერთად გვასწავლიან პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას. ცოდნის გასამტკიცებლად კი გვეძლევა დავალებები. ყოველ გაკვეთილზე გვიტარდება ტესტირება. სკოლა ასევე ატარებს ქიმიის ოლიმპიადას.

 

- რამდენად გაამართლა თქვენი იმედები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" და დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?

ქართულ ინტერნეტ სივრცეში ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ ერთ-ერთი წარმატებული და ქვეყნისათვის  საჭირო პროექტია.

ქიმიის გაძლიერებულ სწავლასთან ერთად გავიცანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც ასევე გატაცებულნი არიან ქიმიით. მომავალში ეს ურთიერთობა  უფრო გაადვილებს და მარტივს გახდის ქიმიკოსებს შორის კომუნიკაციასა და აზრთა ცვლას.

 

- ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.  ბოლოს კიდევ ერთს გკითხავთ.  რას ურჩევდით ჩვენს ონლაინ სკოლას?

ვისურვებდი, რომ ონლაინ სკოლას დამატებოდეს ლაბორატორიაც, რაც კიდევ უფრო დახვეწს და სრულყოფილს გახდის სწავლებას.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 26-04-2022