სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია ონლაინ სკოლა „ზურგჩანთას” 8-1 კლასის მასწავლებელი როინ ბერულავა



 

 

მკაფიოდ მაქვს გადაწყვეტილი გავხდე ქიმიის მასწავლებელი

- გაგვეცანით. ვინ არის  როინ ბერულავა?

-მოგესალმებით, დავამთავრე ქ. თბილისის 181-ე საჯარო სკოლა. აქტიურად ვიყავი ჩართული სკოლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. ბავშვობაში გატაცებული ვიყავი ცეკვით და ხატვით. ამ კუთხით ბევრ ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით.

ქიმიისადმი ინტერესი 9-10 კლასში გამიჩნდა და ჩავთვალე რომ ქიმია არ იყო მხოლოდ „დაფის“ მეცნიერება. ვკითხულობდი სხვადასხვა სამეცნიერო სტატიებს, ვეძებდი ვიდეო მასალებს სხვადასხვა ექსპერიმენტებზე. ცალსახად გადაწყვეტილი მქონდა ჩამებარებინა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რადგან მქონდა ინფორმაცია იმ ლექტორების შესახებ რომლებთანაც მექნებოდა კავშირი და შეიტანდნენ წვლილს ჩემი ცოდნის გაღრმავებაში.

სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის მიმართულებით. ამ ეტაპზე დამთავრებული მაქვს ბაკალავრის კურსი (წარჩინებით) და ვარ ამავე უნივერსიტეტის პირველი კურსის მაგისტრანტი. ვმუშაობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  ორგანული კათედრაზე ლაბორანტად.   

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

-პროფესიის არჩევა სულაც არ არის მარტივი. როცა ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამაზე  ჩავაბარე, უკვე მკაფიოდ მქონდა გადაწყვეტილი გავმხდარიყავი მასწავლებელი და წვლილი შემეტანა მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაში. იყო მასწავლებელი ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან მასწავლებელზე დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის აღზრდა, განვითარება, კარიერული წინსვლა და სხვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქიმია არაა მხოლოდ „დაფის“ მეცნიერება და დაფაზე დაწერილი ფორმულების თუ რეაქციების ქვეშ ბევრი საინტერესო და სანახაობრივი ექსპერიმენტი იმალება. ბევრ საჯარო თუ კერძო სკოლაში მოსწავლეებს არა აქვთ იმის საშუალება, რომ ნახონ და ჩაატარონ სახალისო ექსპერიმენტები, შესაბამისად უჭირთ ბავშვებს პროფესიის არჩევა ამ კუთხით.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“?

-რატომ „ზურგჩანთა“? ვფიქრობ კარიერული წინსვლისთვის და ბავშვებთან აქტიური ურთიერთობებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. სკოლა დამეხმარება გამოვიმუშაო ის უნარი, რომელიც სჭირდება მასწავლებელს მოსწავლესთან ურთიერთობაში და წარმატებულ მასწავლებლად გახდომაში.   

 

- რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან ?

-ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ მოსწავლეებს სთავაზობს არასტანდარტულ სასწავლო პროგრამას. აქ მოსწავლეები იღებენ უფრო მეტ ინფორმაციას, ვიდრე ეს სკოლებში ისწავლება. მიუხედავად იმისა რომ ონლაინ რეჟიმში შეუძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება, საგაკვეთილო პროგრამის უკეთ აღსაქმელად სკოლა იყენებს სხვადასხვა სიმულაციებს და ვიდეო ექსპერიმენტებს. რომელიც ეხმარება მოსწავლეს უკეთ აღიქვას თეორიული საკითხი.

 

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

-იყავით მიზანდასახულები და შრომისმოყვარეები. ეს თვისებები დაგეხმარებათ იპოვოთ საკუთარი მე. მიზნის მისაღწევად ბევრი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო, თუმცა არასდროს არ უნდა დანებდეთ. როცა გადაწყვეტ ქიმიის დაუკავშირო შენი კარიერა და გაიღრმავებ ცოდნას მიხვდები, თუ რა დაბრკოლებების გადალახვა უწევს  მოლეკულებსაც ქიმიურ რეაქციაში შესასვლელად.

 

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

- დადებითად. ყოველ ახალი გაკვეთილზე შესვლა არის სიამოვნება, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ბავშვების აქტიურმა ჩართულობამ საგაკვეთილო პროცესში და ქიმიისადმი ინტერესმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მადლობა მინდა გადავუხადო მთელს ჯგუფს, ვინც ამ სკოლის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა. ამ ერთმა თვემ კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს გადაწყვეტილებაში, რომ გავმხდარიყავი მასწავლებელი, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 12-11-2021