სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია  ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-8-2 კლასის მასწავლებელი სალომე ქვარცხავა.



 

 

მასწავლებლობა ნებაა ემსახურო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროს -განათლებას.

- გაგვეცანით. ვინ არის სალომე ქვარცხავა?

მოგესალმებით. დავამთავრე წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა პანსიონი.

სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ვსწავლობდი ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, ქიმიის პროგრამაზე, ამავე განხრით დავამთავრე მაგისტრატურაც.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი, ასევე ვმუშაობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორანტად ორგანული ქიმიის  კათედრაზე. უნივერსიტეტში აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. 2017 წელს-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ავიღე  მეორე ადგილი, 2016 წელს ვმონაწილეობდი პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის პროექტში „ შეიყვარე პროფესია, შეაყვარე სხვას“, 2018 წელს ავიღე სერთიფიკატი წარჩინებული სტუდენტისთვის „საწარმო პრაქტიკაში“, 2021 წელს გავხდი ARM-ის სტიპენდიანტი და ამავე წელს გავხდი საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის წევრი.

 

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

მასწავლებლობაზე ბავშობიდან ვოცნებობდი, ამიტომ ჩემი პროფესიული განვითარება ამ კუთხით გავაგრძელე. მასწავლებლობა ნებაა ემსახურო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროს -განათლებას. მასწავლებლობა არის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროფესია. იყო მასწავლებელი ნიშნავს გქონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, ვინაიდან სწორედ მასწავლებელს ენიჭება უმნიშვნელოვანესი როლი მოსწავლეთა პიროვნული ჩამოყალიბების საქმეში. ერთია ასწავლო ბავშვს საგანი და მეორე ყველანაირად ცდილობდე მათ სულთან მიახლოებას, ნამდვილ, ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბებას, სამოქალაქო საზოგადოების წევრად აღზრდას. მ. მონტენი ამბობდა: „ადამიანთა შემეცნებათა ყველაზე მნიშვნელოვან სიძნელეებს მეცნიერებათა იმ ნაწილში აწყდება, რომელიც პიროვნების აღზრდასა და განვითარებას ეხება“.

ვფიქრობ, მასწავლებლობა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ცოდნის გადაცემა მოსწავლეთათვის. მასწავლებლობა ირიბად გავალდებულებს იყო ავტორიტეტული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პირი. მისი სიტყვა ყოველთვის ორმაგად საპასუხისმგებლო ჭრილში განიხილება.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  „ზურგჩანთა“?

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ მომავალ მასწავლებელს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პროფესიულად უფრო განვითარდნენ, ჰქონდეთ მოსწავლეებთან აქტიური ურთიერთობა და ერთობლივი მუშაობით მიაღწიონ შედეგს.

ვფიქრობ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ მაძლევს იმის საშუალებას, რომ თეორიული ცოდნა პრაქტიკულად განვავითარო სწავლების პროცესში და ასევე გამოვიმუშავო ის უნარები, რომელიც მომავლში წარმატებულს გამხდის ჩემს პროფესიაში.

 

- რას შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან ?

„ზურგჩანთა“ ეს არის ონლაინ პლატფორმის ქიმიის სპეციალიზებული სკოლა, რომელიც მოსწავლეებს, ასევე ქიმიით  დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს ქიმიის ონლაინ გაკვეთილებს.  ამ საგნით დაინტერესებულ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა მიღონ სიღრმისეული  ცოდნა ამა-თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ვიდრე ეს სკოლის პროგრამითა გათვალისწინებული.

პროგრამა მოქნილია, იმ თვალსაზრისით, რომ თუკი მოსწავლე,  მაგალითად  დაძლევს მე-8 კლასის დონეს, შეუძლია გადავიდეს მომდენო საფეხურზე და არ მოუწიოს თუნდაც ერთი წელი ლოდინი. ასევე ეს პროგრამა არანაირად არ ზღუდავს მოსწავლეებს ერთდროულად იყვნენ დარეგისტრირებულნი მე-8, მე-9,მე-10 კლასებში, რადგან არის შემთხვევები როცა მოსწავლეებს სურთ ძველი მასალის გადამეორება და ამავდროულად ახალი ცოდნის მიღებაც. ონლაინ სკოლა „ზუგჩანთა“ მოსწავლეებზეა მორგებული.

 

 

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

ქიმია, შეიძლება ითქვას, არის ერთ-ერთი საინტერესო და ამოუწურავი დისციპლინა იმ საგნებიდან, რაც სკოლაში ისწავლება, თუმცა ამ საგნით მოსწავლეების დაინტერესება ნაკლებია. ისინი ადრეული ეტაპიდან „უფრთხიან“ მას. ჰგონიათ, რომ რთულია, არ გამოუვათ ამ სფეროში არაფერი, ვერ მიაღწევენ წარმატებას. მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ, რომ შეუძლებელი და გადაულახავი არაფერია. მთავარია მონდომება. მათ უნდა გაიაზრონ ის თუ  რატომ და რისთვის უნდა ისწავლონ ქიმია.  თუ ეს მოახერხეს, მაშინ  წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.  ჩვენც სწორედ ამაში ვეხმარებით მათ.  

 

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით გავლილ პერიოდს?

მოლოდინს ნამდვილად გაჭარბა მოსწავლეები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ისინი სისტემატიურად ასრულებენ ყოველი გაკვეთილის შემდგომ მიცემულ დავალებებს. მათ მხრიდან ამ საგნით დაინტერესება ნამდვილად იგრძნობა. 4 საგაკვეთილო მასალის შემდეგ მოსწავლეებს აქვთ შემაჯამებელი ტესტირება. მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ისინი მთელი გაკვეთის მანძილზე ყურადღებით არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. მინდა, წარმატება ვუსურვო პროექტს და მის თითოეულ მოსწავლე-მასწავლებლებს.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 08-11-2021