სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-11 კლასის მასწავლებელი ნოდარ დუმბაძე



 

 

მასწავლებლობა არის საამაყო პროფესია

- გაგვეცანით. ვინ არის ნოდარ დუმბაძე?

მოგესალმებით. დავამთავრე ქალაქ თბილისის 136-ე საჯარო სკოლა (წარჩინებით, ოქროს მედალზე). მოსწავლეობის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული შიდა სასკოლო კონფერენციებსა თუ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ვმონაწილეობდი www.eruditor.ge-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში, სადაც ორივეჯერ მოვიპოვე გამარჯვება ქიმიისა და ისტორიის ოლიმპიადებში (2014 წლის შემოდგომის სეზონსა და 2015 წლის გაზაფხულის სეზონზე).

გარდა ამისა, ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა სპორტი, განსაკუთრებით კი კალათბურთი, რამაც განაპირობა ჩემი ინტერესის გაღვივება ამ უკანასკნელისადმი; რამდენიმე წლის განმავლობაში დავდიოდი სკოლაში არსებულ საკალათბურთო სექციაზე და ვიყავი კალათბურთელი.

ქიმიისადმი ინტერესი ადრეულ ასაკშივე გამიჩნდა და დამოუკიდებლად ვცდილობდი ინტერნეტწყაროებში ინფორმაციის მოძიებასა და ცოდნის გაღრმავებას. პრაქტიკულად დიდი ხანი გადაწყვეტილი მქონდა ქიმიკოსობა, თუმცა არ ვიყავი ჩამოყალიბებული და სათანადოდ ინფორმირებული, თუ საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან რომელი შეესაბამებოდა ჩემს სამომავლო ინტერესებს. აქედან გამომდინარე, დავუკავშირდი ბატონ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელთანაც კონტაქტი ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდიდანვე მქონდა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ვუსვამდი ბევრ კითხვას სხვადასხვა გაუგებარ თუ ჩემთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მისგან ყოველთვის ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას ვიღებდი. ბატონმა ელიზბარმა კიდევ უფრო მეტად გააღვივა ჩემი ქიმიისადმი ინტერესი და სწორედ მან მირჩია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე ჩაბარება, რაც, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო რისი მიღებაც იმ მომენტში შეიძლებოდა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

როგორც აღვნიშნე, სკოლის დასრულების შემდეგ ჩავაბარე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ქიმიის მიმართულებაზე. ამ ეტაპზე დასრულებული მაქვს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსები (უმაღლესი შეფასებით, GPA 4.0) და ვარ დოქტორანტურის I კურსის სტუდენტი. ჩართული ვარ მაღალი დონის სამეცნიერო კვლევაში (პროფ. გიორგი ტიტვინიძის ჯგუფში), რომელსაც ვახორციელებთ Hahn-Schickard Institute-თან (ფრაიბურგი, გერმანია) ერთად მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში და შეეხება ახალი ტიპის პროტონგამტარი მემბრანების განვითარებას ელექტროლიზერებისათვის.

გარდა ამისა, ვარ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი.

 

 

- რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

ზოგადად, პროფესიის არჩევა არ არის მარტივი საკითხი, ვინაიდან მასზე დამოკიდებულია ადამიანის მომავალი და განსაზღვრავს იმ გარემოსა და ხალხის იმ წრეს, ვისთანაც მას მოუწევს ურთიერთობა საკუთარი ცხოვრების განმავლობაში.

მასწავლებლობა არის საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო, თუმცა ამავდროულად - ძალიან საამაყო პროფესია. მასწავლებლობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, მსურს მონაწილეობა მივიღო იმ დიდ და საამაყო საქმეში, რასაც ჯანსაღი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდა ქვია. მე ვფიქრობ, მასწავლებელი, გარდა იმისა, რომ უნდა ბრწყინვალედ ფლობდეს საკუთარ პროფესიას, უნდა იყოს ძალიან კარგი ფსიქოლოგიც და მეგობარიც, ვინაიდან სწორედ ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს მოსწავლეების პიროვნების ჩამოყალიბებაში, ეხმარება მათ საკუთარი ინტერესების გამოკვეთაში და აყენებს სწორ გზაზე, რათა მომავალში უკვე ისინი გახდნენ პროფესიონალები და ასე გაგრძელდეს მომავალ თაობათა სტაბილური განვითარების შეუქცევადი პროცესი.

დავესესხები ცნობილ ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძეს და ვიტყვი, რომ თითოეულმა ადამიანმა და, განსაკუთრებით, მასწავლებელმა, როგორც ყოველ დღე, ასევე საკუთარი კარიერის ბოლოს, უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, მისი მოღვაწეობის მანძილზე თუ „ვის რა არგო“, რამდენი ადამიანი გამოზარდა სწორი, სახელმწიფოებრივი პრინციპებით, დააყენა სწორ გზაზე, დაეხმარა პროფესიის სწორად შერჩევაში და ა.შ.

 

- რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“?

 

მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც უმაღლესი სასწავლებლების მოწვეულ ლექტორს, მაქვს სხვადასხვა მიმართულებისა და კურსის სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, მოსწავლეებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების გამომუშავება უფრო რთული და კომპლექსური საკითხია.

მე ვფიქრობ, რომ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ არის არაჩვეულებრივი საშუალება ჩემთვის, როგორც მომავალი მასწავლებლისთვის, დავიწყო მოსწავლეებთან აქტიური ურთიერთობა და ნელ-ნელა გამოვიმუშავო ყველა ის უნარი, რაც მომავალში შემდგარ და წარმატებულ მასწავლებლად გახდომაში დამეხმარება.

 

- რა შესთავაზეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული და განსხვავებული ჩვეულებრივი სასწავლო პროგრამისა და სასწავლო პროცესისაგან?

ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ მოსწავლეებს ვთავაზობთ არასტანდარტულ სასწავლო პროგრამას, რომელიც არ არის სკოლის პროგრამის „გადამღერება“. კერძოდ, ჩვენ მოსწავლეებს ვაწვდით ბევრად უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას იმ საკითხების შესახებ, ვიდრე ეს სკოლის პროგრამითაა გათვალისწინებული და, ასევე, გვაქვს მომზადებული ისეთი მასალებიც, რომლებიც სკოლის პროგრამაში არ ისწავლება, თუმცა მათი ცოდნა მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისათვის.

გარდა ამისა, თითოეულ საგაკვეთილო პროცესს მასწავლებლები წარვმართავთ ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც მოსწავლეებიც აქტიურად ერთვებიან ხოლმე; ეს ყველაფერი აადვილებს მოსწავლეებთან ურთიერთობას, მათ მიერ მასალის კარგად გაგებასა და, ასევე, უღვივებს მათ ინტერესს ქიმიისა და მისი მომიჯნავე სპეციალობებისადმი.

- რას ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

ჩემს მოსწავლეებს ვურჩევდი, რომ მუდამ იყვნენ მონდომებულები, ენერგიით სავსე, შრომისმოყვარეები, თამამები სხვადასხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას და, რაც ყველაზე მთავარია - მიზანდასახულები: კარგად უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა არის მათი მიზანი, რომელი პროფესიის სიღრმისეული ათვისება სურთ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას, დაინახონ და გამოკვეთონ ქიმიის როლი მათ პროფესიაში, მოარგონ საკუთარ ინტერესებს. ქიმიას არ უყვარს სიზარმაცე და დაბნეულობა.

- უკვე ერთი თვე გავიდა რაც ამ სკოლაში ასწავლით. როგორ შეაჯამებდით განვლილ პერიოდს?

ძალიან დადებითად. შეიძლება ითქვას, რომ მიღებულმა შედეგმა მოლოდინებს გადააჭარბა. მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, ვგულისხმობ როგორც საგაკვეთილო აქტივობას, ასევე, დამოუკიდებელ მუშაობას დავალებებზე: პრაქტიკულად ყოველი გაკვეთილის წინ მოდიან შეკითხვებით, რაც ხაზს უსვამს ქიმიის მიმართ მათ მაღალ ინტერესს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელია. წარმატებებს ვუსურვებ პროექტს და მის ყველა მონაწილეს!

 

 

ონლაინ გაკვეთილი მე-11 კლასში

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 02-11-2021