სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს აგრარული უნივესრიტეტის სრული პროფესორი გიორგი ტიტვინიძე
საქართველო და წარმატებული კვლევები ალტერნატიული ენერგიის წყაროების სფეროში
- მოგესალმებით ბატონო გიორგი. ჩვენი ვებ-გვერდისა და ჟურნალის მკითხველთა წრე გარდა აკადემიურისა, მოიცავს ქიმიის პედაგოგებს, ქიმიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. ამიტომ ინტერვიუს ასეთი შეკითხვით დავიწყებთ, ვინ არის გიორგი ტიტვინიძე? ძალიან მოკლედ თუ შეიძლება მოუყვეთ ჩვენს მკითხველებს თქვენს მიერ განვლილი გზის შესახებ.
- მოგესალმებით და მადლობა თქვენი ინტერესისათვის. მე გახლავართ ქიმიკოსი, კერძოდ კი ჩემი ინტერესის სფეროს წარმოადგენს მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია. ჩემი კარიერის საწყისი ეტაპი სრულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკავშირდება, სადაც დავიცავი სადოქტორო დისერტაციაც. 2005 და 2006 წლებში მოკლე ვიზიტებით გახლდით ჯერ აშშ-ში, ხოლო შემდეგ გერმანიაში, ამ ვიზიტებმა დამანახა კარიერის დასავლეთში გაგრძელების აუცილებლობა, შესაბამისად 2007 წელს გავემგზავრე გერმანიაში, ოღონდ ამჯერად უკვე დიდი ხნით. გერმანიაში პირველი სამი თვე ვმუშაობდი ვიურცბურგის უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ დაახლოებით 6 წელი ვმუშაობდი პოლიმერების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტში, ამის შემდეგ მცირე ხნით ინდუსტრიაში, კერძოდ კი სამსუნგის ევროპულ კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში ვიმუშავე, თუმცა მალევე დავუბრუნდი მეცნიერებას და 1.5 წლით შევუერთდი მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტს. გერმანიაში გატარებული დაახლოებით 9 წლის მერე დავბრუნდი საქართველოში, რათა დაგროვილი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდებს და არა მარტო მათ. ამასთან ერთად ვცდილობ წლების განმავლობაში გერმანელ პარტნიორებთან ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირები გამოვიყენო სამეცნიერო აქტივობის გასაძლიერებლად. ამჟამად ვმუშაობ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, თუმცა დაბრუნების წინ დადებული შეთანხმების საფუძველზე, ყოველ წელს 2 თვით ვსტუმრობ მყარი სხეულების კვლევის მაქს პლანკის ინსტიტუტს. აქვე ხაზი აუცილებლად მინდა გავუსვა ჩემი დაბრუნების ისტორიას, რომ არა ჩვენი უნივერსიტეტის მიდგომა და კერძოდ კახა ბენდუქიძე, მე აქ არ ვიქნებოდი.
- დღეს მსოფლიო რამდენიმე გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველთაგანია ალტერნატიული, იაფი და განახლებად რესურსებზე დაფუძნებული ენერგიის გენერაციის მეთოდებისა და საშუალებების შემუშავება. თქვენი კვლევა სწორედ ამ საკითხების შესწავლას უკავშირდება.
- მართალი ბრძანდებით, დღესდღეობით აქტიურად დგას ალტერნატიული ენერგიის წყაროების გაუმჯობესებისა თუ შექმნის საკითხები, რომლებიც შეძლებენ არაგანახლებად ბუნებრივ რესურსებზე დაფუძნებული ელექტროენერგიის წარმოების ჩანაცვლებას, რისთვისაც თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ მხარესაც. ალტერნატიულ ენერგიის წყაროებს შორის, ერთერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სათბობ ელემენტებს (fuel cell), რომლებშიც ხდება ქიმიური ენერგიის ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა. ჩვენი კვლევები ფოკუსირებულია სათბობი ელემენტების (fuel cell) ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის - მემბრანის გაუმჯობესებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ხშირად არასწორად ხდება სათბობი ელემენტებისა და ბატარეების შეპირისპირება, აღნიშნული ტექნოლოგიები შეიძლება განვიხილოთ ერთმანეთის შემავსებლად, რომელთაც შეიძლება დაიკავონ განსხვავებული ნიშა. დღესდღეობით სათბობ ელემენტებს განიხილავენ შორ მანძილზე გადამზიდავი სატვირთო მანქანებისათვის და ასევე მატარებლებისათვის, მაგ. გერმანიაში უკვე შეგიძლიათ იმგზავროთ სათბობ ელემენტზე მომუშავე მატარებლით, რომლითაც პირადადაც მიმგზავრია და რომელზეც ინტერნეტშიც შეგიძლიათ მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია (Hydrail). აღსანიშნავია, რომ წყალბადზე მომუშავე სათბობი ელემენტებისათვის აუცილებელია წყალბადის ეკოლოგიურად სუფთა წყარო. დღესდღეობით წყალბადი ძირითადად მეთანის კრეკინგით მიიღება, რასაც თან ახლავს გარემოში CO2-ის ემისია. აღნიშნული პროცესის ალტერნატიულ, სუფთა წყაროს წარმოადგენს წყლის ელექტროლიზი, შესაბამისად აუცილებელია ელექტროლიზის პროცესის დახვეწა, სადაც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიმერ-ელექტროლიტური მემბრანა. აქვე დავამატებ, რომ საბოლოო მიზანს წარმოადგენს ელექტროლიზი განხორციელდეს განახლებადი რესურსებით მიღებული და დაგროვილი ენერგიის საშუალებით, რათა მოხდეს სრული „მწვანე ციკლის“ შეკვრა.
- სულ ახლა ხანს გამოვიდა თქვენი ნაშრომი ჟურნალში Advanced Energy Materials. ჟურნალის პრესტიჟულობაზე მისი იმპაქტ-ფაქტორის კოეფიციენტიც (IF=24.884) მეტყველებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ წარმატებას და გთხოვთ, მოკლედ მოგვიყევით რას ეხებოდა ეს უკანასკნელი კვლევა, რითი დააინტერესეთ ასეთი წონიანი ჟურნალი? ეს მაგალითი აჩვენებს, რომ საქართველოშიც შესაძლებელია აქტუალური და მაღალი ხარისხის კვლევის ჩატარება. სად იქნა ეს კვლევა ჩატარებული?
- მიხარია, რომ თქვენი ჟურნალი აქტიურად ადევნებს თვალს ქართველი მეცნიერების მიერ განხორციელებულ კვლევებს. აღნიშნულ კვლევაში პირველად იქნა ნაჩვენები სრულად ნახშირწყალბადოვანი მემბრანების წარმატებული გამოყენება ელექტროლიზის პროცესში, რაც როგორც უკვე მოგახსენეთ მნიშვნელოვანი ეტაპია სათბობი ელემენტების განვითარებაშიც. ამ კვლევაში სიახლის კომპონენტია მნიშვნელოვანი, რაც იმედია შეასრულებს ინიციატორის ფუნქციას და გზას გაუხსნის ახალ კვლევებს ამ მიმართულებით. ავტორებისათვის ყოველთვის გასახარია მაღალი IF-ს მქონე ჟურნალში პუბლიკაციის გამოქვეყნება, თუმცა კვლევის მნიშვნელობას მხოლოდ ჟურნალის პრესტიჟულობა არ განსაზღვრავს, არამედ შემდგომში ციტირების ინდექსი, არის კვლევები, რომლებიც შედარებით დაბალი IF-ს მქონე ჟურნალებში ქვეყნდება, თუმცა უფრო დიდ გავლენას ახდენს კვლევის მიმართულებაზე.
აღნიშნულ კვლევაში 4 ჯგუფია ჩართული, ჩვენი, ჩემი ყოფილი ჯგუფი მაქს პლანკის ინსტიტუტიდან და კიდევ 2 ფრაიბურგის უნივერსიტეტიდან, თავისთავად თითოეულ ჯგუფს ჩვენ ჩვენი ფუნქცია გვქონდა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა ჯგუფმა ამ პროექტში გადამწყვეტი როლი ითამაშა და აგრძელებს კვლავ ამ როლის თამაშს. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანი კვლევების უდიდესი ნაწილი ხორციელდება კოლაბორაციის ფარგლებში, ამდენად მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერების აქტიური ჩართულობა ასეთ თანამშრომლობებში, სადაც მიეცემათ საშუალება შეასრულონ მაღალი დონის კვლევები. სამწუხაროდ ამ ეტაპზე კოლაბორაციის კულტურა საქართველოში არ არის კარგად განვითარებული, რაც ცუდად აისახება პროდუქტიულობაზე, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება მოახერხებს ამ ბარიერის დაძლევას.
ვინაიდან კოლაბორაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრე, აქვე დავამატებ, რომ ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერების სურვილი ითანამშრომლონ ქართულ ჯგუფებთან, აღსანიშნავია რომ ბევრი ქართველი ქიმიკოსი საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა თუ ინდუსტრიაში. მათ შორის გამოვარჩევდი თამაზ გულიაშვილს, რომელიც არის გამორჩეულად წარმატებული მეცნიერი ატომურ ტრანსფერული პოლიმერიზაციის მიმართულებით, ასევე დავით ჯიშკარიანს, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გახდა Chemical and Nanoparticle Synthesis Core (CNSC)-ის ასოცირებული ტექნიკური დირექტორი, ნუგზარ ღავთაძე და კიდევ ბევრი, რომელთა ჩამოთვლა დიდ დროს წაიღებს და მკითხველს აღარ შევაწყენ.
- ქიმიაში კვლევის ჩატარებისათვის ცხადია მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსებიც. მოგვიყვებით თქვენი სამეცნიერო ჯგუფის შეახებ.
- მართალი ბრძანდებით, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა შესაბამისი ადამიანური რესურსითა და კოლაბორაციით მაინც შესაძლებელია მაღალი დონის კვლევების ჩატარება. კვლევებთან ერთად ვცდილობთ მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, რაშიც ჩვენი გერმანელი პარტნიორები აქტიურად გვეხმარებიან.
ჩემი სამეცნიერო ჯგუფი ფრიად პატარა ზომისაა და მხოლოდ სტუდენტებით არის დაკომპლექტებული. გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობისათვის აუცილებელი მასალების სინთეზს ძირითადად ასრულებს მაგისტრატურის I კურსის სტუდენტი ნოდარ დუმბაძე, რომელიც მეორე კურსიდან მოვიდა ჩვენს ლაბორატორიაში. ასევე საინტერესო სამუშაოებს ასრულებს IV კურსის სტუდენტი ნანა არაყიშვილი. აქვე აუცილებლად აღვნიშნავ ჯგუფის ყოფილ წევრ ზვიად კაჭარავას, რომელიც ამჟამად გერმანიაში მაგისტრატურის დამამთავრებელ კურსზეა. აღსანიშნავია, რომ ზვიადი მიწვევით იმყოფებოდა ჩვენს გერმანულ ინდუსტრიულ პარტნიორ FuMaTech-ში, რომელიც ყოველგვარი კონკურსის გარეშე აიყვანეს, რაც ჩვენი სტუდენტებისადმი მათ ნდობაზე მიუთითებს.
- და ბოლოს, რა ურჩევდით ახალგაზრდებს?
- მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ვხვდები სტუდენტებს, რომელთაც მოტივაციის ნაკლებობა აქვთ, რაც თავის მხრივ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და მოცულობაზეც აისახება, რაც მთავარია ხშირად აკლიათ მიზანდასახულობა და თვითრწმენა. თავისთავად ეს ყველას არ ეხება. აქვე დავამატებ, რომ ამ კომპონენტში საკმაოდ დიდ სხვაობას ვხედავ მათსა და მათ ევროპელ თანატოლებს შორის. ამდენად პირველ რიგში მინდა ჩვენს ახალგაზრდებს ვურჩიო იყვნენ მიზანდასახულები, ჰქონდეთ თვითრწმენა, იყვნენ მეტად მშრომელები და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზნებს, მეცნიერებას ნიჰილიზმი არ უყვარს.
-დიდი მადლობა დრო რომ დაგვითმეთ. წარმატებას გისურვებთ შემდგომ კვლევაში.
- დიდი მადლობა და ჩემის მხრივ წარმატებებს ვუსურვებ თქვენს ჟურნალს.
ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 01-06-2020