სტუმრები
ჩვენი სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე. ქიმიის ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ბაკურიანში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში. სწორედ ამ სკოლის შესახებ ვთხოვეთ ინტერვიუ.
მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:
• 1993წ. წარჩინებით დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით; • 1993წ. სტაჟირებით მივლინებულ იქნა საფრანგეთში გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლაში; • 1993-1996წწ. სწავლობდა ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ასპირანტურაში; • 1993-1996წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი ფრანგული ენის მიმართულებით. • 1994-1996წწ. - ს.ს. ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი-ჟურნალისტიკა; • როგორც ჟურნალისტი აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან. • 1998წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; • 2003წ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. • სტუდენტობის და ასპირანტობის პერიოდში იყო უშინსკის, მელიქიშვილის და პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატი. • ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, ერთი მონოგრაფიის და ერთი სახელმძღვანელოსი. ასევე მისი ავტორობით შექმნილია სამი ვირტუალური სასწავლო პროგრამა ქიმიასა და ბიოქიმიაში. • აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებში. • არის საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების წევრი. • ფლობს ქართულ, რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს. კითხულობს ლექციების კურსს შემდეგ შემდეგ დისციპლინები: • არაორგანული და ორგანული ქიმია; • ბიოქიმია; • ეკოლოგიური ქიმია; • ბიოინფორმატიკა;
საზაფხულო სკოლები საბუნებისმეტყველო საგნეში
ქალბატონო ქეთევან, ერთი კვირით მიწვეული იყავით საზაფხულო სკოლაში ქიმიის ლექციების წასაკითხად. გვითხარით ამ სკოლაზე.
- წელს პირველად, საქართველოში CERN -ის (European Organization for Nuclear Research) ეგიდით ტარდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა (17ივნისი - 7ივლისი). სკოლის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა.
საზაფხულო სკოლაში 108 მოსწავლე სწავლობს და აქტიურად ისვენებს. წარმოდგენილია შემდეგი ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა. ისიც აღსანიშნავია, რომ სკოლა ინგლისურენოვანია, ყველა გაკვეთილი ინგლისურ ენაზე ტარდება და ეს ბუნებრივია ენის პრაქტიკასაც უწყობს ხელს.
საგანგებოდ მინდა აღვნიშნო სკოლის ორიგინალობა, მრავალფეროვნება, გასაოცარი წესრიგი და კარგი მენეჯმენტი. ეს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორის და ამ კონკრეტული საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელის ბატონი ლევან ხარატიშვილის დამსახურებაა. ბატონ ლევანს საზაფხულო სკოლის ორგანიზების და წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს. მისი თაოსნობით რამდენიმე წელია დიდი წარმატებით ტარდება სხვა ტიპის ასევე საზაფხულო სკოლა მოსწავლეებში ინგლისური ენის განსავითარებლად.
რას გულისხმობთ ორიგინალობაში?
- სკოლა დაყოფილია ე.წ. „ჰაუზებად“. სულ ექვსი „ჰაუზია“ ძალიან ორიგინალური სახელებით: დარვინი, ნიუტონი, აინშტაინი, არქიმედე, გალილეი, პითაგორა. თითოეულ „ჰაუზში“ დაცულია ეროვნული, გენდერული და ინტერესის ბალანსი და საფუძვლად უდევს პრინციპი- ერთი ყველასათვის, რითაც მოსწავლე გუნდურ მუშაობას და სხვების წინაშე პასუხისმგებლობას ეჩვევა. ყველა მოსწავლეს აქვს ე.წ. პასპორტი, სადაც ჩანაწერები კეთდება, როგორც აკადემიური წარმატებების შესახებ, ასევე ვთქვათ სპორტული წარმატების ან კარგი დისციპლინის შესახებ. თუ მოსწავლე ვერ მოიქცევა კარგად, მაგ. დააგვიანებს გაკვეთილზე ან საერთო წესრიგს არ დაემორჩილება, რა თქმა უნდა ესეც აღინისნება მის პასპორთში. წარმატების შემთხვევაში ქულები ემატება, როგორც მოსწავლეს, ასევე მის „ჰაუზს“ და პირიქით.
-კი, ეს მართლაც საინტერესოა, რადგან ეს ბავშვები აქ „შემთხვევით“ არ მოხვდნენ. თითოეული მათგანი ოლიმპიადის გამარჯვებულია და მას აინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნები. მაგ. ქიმიას ორ ჯგუფს ვუკითხავდი - ქიმიის და ბიოლოგიის ჯგუფებს. ყველანი საოცრად მოტივირებულნი იყვნენ, ქიმიით დაინტერესებული ამდენი ბავშვი დიდი ხანია არ მინახავს.
რა საგნებში უტარდებოდათ გაკვეთილები?
- ფიზიკა, ასტრონომია, მათემატიკა, ინფორმატიკა, ქიმია და ბიოლოგია. ყოველ ორშაბათს და სამშაბათს პლენარული ლექციები ტარდება, სადაც ყველა ესწრება და ყველა ისმენს. დანარჩენ დღეებში კი რეგულარული ლექციებია ჯგუფებში.
თქვენ ვიცი, რომ ექსპერიმენტებსაც უტარებდით.
- დიახ, სასტუმროს ბარი (საზაფხულო სკოლა ბაკურიანში სასტუმრო „პრემიერ პალასშია“ განთავსებული) საგანგებოდ ქიმიურ ლაბორატორიად გადაკეთდა, სადაც თითოეული გაკვეთილის თემაზე 6-7 ექსპერიმენტს ვატარებდი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ქიმია ექსპერიმენტების გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ. გარდა ამისა, თუ ჯერ ცდას ჩაატარებ შესაბამისი გაფორმებით, ისე რომ მოსწავლის მოტივაცია გამოიწვიო (თუნდაც უკვე მოტივირებული მოსწავლის) და შემდეგ უკვე მექანიზმს აუხსნი, ეს არადროს აღარ დაავიწყდებათ. ისიც უნდა ითქვას, რომ უცხოელი მოსწავლეებიც აღნიშნავდნენ სკოლაში ექსპერიმენტების ნაკლებობაზე. ასე რომ, ჩატარებული ცდები მართლაც დიდ ინტერესს იწვევდა.
თქვენს გარდა კიდევ იყო (ან იქნება) სხვა ქიმიკოსი მიწვეული, საზაფხულო სკოლა 7 ივლისამდე გრძელდება.
- დიახ, რა თქმა უნდა, მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია. მე პირველი კვირის განმავლობაში ვიყავი. პირველ პლენარულ ლექციაზე კი პროფესორი თამაზ აგლაძე იყო ჩამოსული და ერთად წავიკითხეთ პლენარული ლექცია (სხვადასხვა თემაზე). მეორე და მესამე კვირასაც შეიცვლებიან ქიმიის პროფესორები. ასე რომ მოსწავლეებს თემატიკის მრავალფეროვნება აქვთ. ასე ხდება სხვა საგნებშიც.
რა თემატიკაზე წაუკითხეთ ლექციები თქვენ და პროფესორმა თამაზ აგლაძემ?
-ბატონმა თამაზმა საკმაოდ საინტერესო თემა შესთავაზა ბავშვებს- „ქიმია და ენერგია“. ჩემი თემატიკა იყო: „ალქიმიიდან ქიმიამდე“ (პლენარული), ცილები და მეტალები, არამეტალები და მჟავები, ლიპიდები და ნახშირწყლები და ვიტამინები.
ზაფხულია, არდადეგები, ამდენი სწავლა ხომ არ იქნება დამღლელი ბავშვებისთვის?
-არა, რას ამბობთ, ყველანი დიდი ხალისით არიან, თანაც დღის მეორე ნახევარი ხომ მათია და მთლიანად სხვადასხვა ღონისძიებებს ეთმობა. უკვე ჩატარდა ბრეინ-რინგი, ჩემპიონატი ფეხბურთსა და ფრენბურთში. წინ აქვთ ჭადრაკის, კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატები, ლიტერატურული საღამო, პერფორმანსები, კულინარული საღამო და უამრავი სხვა რამ. გარდა ამისა, დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები და ესქკურსიები. მაგ. უკვე პირველი კვირის ბოლოს ლექციით ეწვიათ CERN-ის გენერალური დირექტორი პროფესორო როლფ ჰოიერი და ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორი ვიქტორ მატვეევი.
წინ კიდევ ორი საინტერესო კვირა აქვთ საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს.
-გეთანხმებით, მართლაც მშვენიერი საჩუქარია ბავშვებისთვის. კვლავ მინდა აღვნიშნო ის წესრიგი და ერთსულოვნება, რაც აქ სუფევს, ძალიან წარმატებული სკოლაა.
ლექციების მიმდინარეობის ამსახველი ფოტო მასალა:ესაუბრა www.chemistry.ge
გამოქვეყნებულია 26-06-2012