სტუმრები
დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ჯემალ შემგელია
მცირე ინფორმაცია ბიოგრაფიიდან:
დაიბადა 1941 წლის 30 ივნისს სოფელ კულაშში (სამტრედიის რაიონი). 1958 წელს დაამთავრა თეთრი წყაროს საშუალო სკოლა. 1958-1963 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 1970 წელს დაიცავა დისერტაცია. არის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი . 1963-1985 წლებში მუშაობდა არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. 1985 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნუვერსიტეტის ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრაზე. ამჟამად არის ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროა მანგანუმის ელექტროქიმია
ელექტრო ქიმია საქართველოში მეცნიერების ტრადიციული დარგია!
- ბატონო ჯემალ, იქნებ ჯიდევ ერთხელ შევეხოთ იმ საკითხებს, რომელიც თქვენს მიერ იქნა სემინარზე მოხსენებული 2011 წლის 21 დეკემბერს?
ა. წ. 21 დეკემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩატარდა სემინარი, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდით დაფინანსებული ორი საგრანტო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო კვლევების შედეგების განხილვას. საგრანტო პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ აგლაძე.
პროექტის ფარგლებში დამუშავებულია ჭიათურის მანგანუმის მადნების ბაზაზე გააქტიურებული მანგანუმის მადნის წარმოების ტექნოლოგია. იგი ემყარება ჩვენს მიერ შემუშავებულ ორიგინალურ მეთოდს, რომელზეც მიმდინარე წელს გაიცა საქართველოს პატენტი. სემინარზე ჩემი მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები ამ მიმართულებით კვლევების შემდგომი განვითარების თაობაზე. შესრულებულ სამუშაოს მიეცა დადებითი შეფასება. ვფიქრობ, სემინარი მრავალმხრივ იყო საინტერესო და სასარგებლო.
რამ განაპირობა თქვენი ინტერესი მანგანუმის პრობლემისადმი?
მანგანუმის ელექტროქიმია და, ზოგადად, გამოყენებითი ელექტროქიმია საქართველოში მეცნიერების ტრადიციული დარგია.იგი სათავეს იღებს გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან, როდესაც ახალგაზრდა მეცნიერმა რაფიელ აგლაძემ, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა, დაამუშავა ელექტროლიზური ლითონური მანგანუმის მიღების ორიგინალური ტექნოლოგია და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში შექმნა ამ ლითონის ევროპაში პირველი წარმოება. აკადემიკოს რ. აგლაძის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ელექტროქიმიური სკოლისა და ელექტროქიმიური პროფილის საწარმოების დაარსება. მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ამ დიდი მეცნიერის მოსწავლე და ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფერო - მანგანუმის გამოყენებითი ელექტროქიმია დაკავშირებულია აკადემიკოს რ. აგლაძის მოღვაწეობის ძირითად მიმართულებასთან.
როგორია თქვენს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის წარმოებაში დანერგვის პერსპექტივა?
ელექტროქიმიურად აქტიური მანგანუმის დიოქსიდის შემცველი პროდუქტის - გააქტიურებული მანგანუმის მადნის მიღების ტექნოლოგიის სამრეწველო განხორციელება არ მოითხოვს მსხვილ კაპიტალურ ხარჯებს. თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმ გარემოებას, რომ პროცესი ტექნოლოგიურად საკმაოდ ღრმად არის დამუშავებული, ვფიქრობ, რომ ჩვენს მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას წარმოებაში დანერგვის რეალური პერსპექტივა აქვს.
რას უსურვებდით ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ ქიმიურ მეცნიერებაში?
ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ მისწრაფება მეცნიერების ამა თუ იმ დარგისადმი, ვურჩევ, უპირველეს ყოვლისა, ღრმად დაეუფლონ დარგის საფუძვლებს. ამავე დროს, ისინი უნდა ფლობდნენ დარგის არჩეულ სფეროში სამეცნიერო დონის შესახებ სრულ ინფორმაციას. ამის გაკეთება კი უცხო ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია. ქიმიური მეცნიერება ძირითადად დაკავშირებულია ექსპერიმენტთან. ამიტომ ახალგაზრდა მეცნიერმა ქიმიკოსმა უნდა გამოიმუშაოს ექსპერიმენტის ჩატარებისა და მიღებული შედეგების დამუშავების უნარი. მოკლედ, მეცნიერება მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას და თავდადებას.
დაბოლოს, მინდა მივულოცო ახალი 2012 წელი საიტის chemistry. ge-ს დამაარსებლებს და მის ყველა მკითხველს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა და შემოქმედებითი მიღწევები.
ესაუბრა ნ. ბერიაშივილი და მარიამ ბარამიძე
გამოქვეყნებულია 22-01-2012