3.მე-3 ჯგუფის ელემენეტები
3.1.f-ელემენტები - ლანთანოიდები და აქტინოიდები
კითხვა:
წარმოების რომელ სფეროში გამოიყენება, ძირითადად, ლათანოიდები და აქტინოიდები?
პასუხი:
ლანთანოიდები გამოიყენება ფოლადის, თუჯის და სხვადასხვა შენადნობის წარმოებაში. მათი დამატებით შენადნობში იზრდება თერმო- და კოროზიამედეგობა. ლანთანოიდები გამოიყენება ელექტრონიკაში, გამოთვლით ტექნიკასა და რეაქტორებში. მათ იყენებენ აგრეთვე ლაზერებისთვის საჭირო მასალის დასამზადებლად.
ლანთანოიდების ყველაზე ფართო მომხმარებელია მინის წარმოება. ცერიუმის შემცველი მინა რადიოაქტიური ზემოქმედებისას არ მუქდება. ნეოდიუმის შემცველი მინისაგან ამზადებენ ლაზერულ ოპტიკურ ელემენტებს. ლანთანოიდების ოქსიდებს იყენებენ მინისათვის განსაკუთრებული ფიზიკური თვისებებისა და ფერის მისაცემად, ფაიფურის მოჭიქვისა და მომინანქრებისათვის, მათ ნაერთებს - საღებავებისა და ლაქების, ლუმინოფორების, კატალიზატორებისა და ფოტორეაგენტების დასამზადებლად, ხოლო ლანთანოიდების რადიოაქტიურ იზოტოპებს იყენებენ სამედიცინო დანადგარებში.
აქტინოიდებიდან დიდი გამოყენება აქვს ურანს. ურანის უმნიშვნელოვანესი თვისებაა ნეიტრონების შთანთქმისას ბირთვების დაშლის უნარი, რასაც ახლავს უზარმაზარი ენერგიის გამოყოფა. მისი ეს თვისება გამოყენებულია რეაქტორებში, რომლებიც ენერგიის წყაროს წარმოადგენს, აგრეთვე ის არის ატომური ბომბის მოქმედების საფუძველიც. ბირთვული ენერგიის მისაღებად გამოიყენება 235U და 233U. 238U-დან ღებულობენ პლუტონიუმის 239Рu იზოტოპს, რომელიც ასევე გამოიყენება ბირთვულ რეაქტორებში და ატომურ ბომბებში. აქტინოიდები და მათი ნაერთები გამოიყენება ატომურ ენერგეტიკაში. თორიუმს იყენებენ ცეცხლგამძლე ფოლადის, მრავალი ნაერთის სინთეზის კატალიზატორის მალეგირებელ დანამატად, ვაკუუმურ ელექტრონიკაში. ურანის ზოგიერთი მარილი გამოიყენება, როგორც მინისა და მინანქრის საღებავი, ანალიზური და ფოტოგრაფიული პრეპარატი.
აქტინოიდების ზოგიერთი იზოტოპი (238Pu, 242Cm და სხვ.), რომლებიც ასხივებენ დიდი ენერგიის a-ნაწილაკებს, შეიძლება გამოყენებულ იქნას დენის წყაროდ ხანგრძლივი დროის (10 წელი და მეტი) განმავლობაში, რაც აუცილებელია თანამგზავრების ნავიგაციური რადიოაპარატურის კვებისთვის. ასეთ დენის წყაროში რადიოაქტიური დაშლისას გამოყოფილი ენერგია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ელექტრულ დენად გარდაიქმნება.