18.მე-18 ჯგუფის ელემენტები
18.1.კეთილშობილი აირები
კითხვა:
რა საშიშროებას ქმნის კეთილშობილი აირი - რადონი ადამიანისთვის და რა შემთხვევაში?
პასუხი:
კეთილშობილი აირებიდან რადონი ყველაზე იშვიათი ელემენტია, მისი ყველა იზოტოპი რადიოაქტიურია. ყველაზე სტაბილური იზოტოპია 222Rn (ნახევარდაშლის პერიოდი 3.8 დღე-ღამეა).
ატმოსფეროში რადონის იზოტოპები ძირითადად ნიადაგიდან ხვდება. დედამიწის ზედაპირიდან სიმაღლის მატებასთან ერთად, ჰაერში მათი შემცველობა მცირდება. ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ნიადაგიდან Rn-ის ექსჰალაციის სიჩქარეს განსაზღვრავს, მასში Rn-ის იზოტოპების (ასევე 238U და 232Th) შემცველობაა. ნიადაგში, ბუნებრივ წყლებში 222Rn-ის მოცულობითი აქტივობა ფართო დიაპაზონში მერყეობს.
რადონის შემცველი ანადუღარი წყლის სასმელად გამოყენება ნაკლებად სახიფათოა. გაცილებით საშიშია რადონის მაღალი შემცველობის წყლის ორთქლით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვა, მაგალითად, სააბაზანოში, სადაც ცხელი შხაპის მიღებისას ჰაერში რადონის კონცენტრაცია შეიძლება რამდენიმე ათეულჯერ გაიზარდოს. სამშენებლო მასალებიდან შესაძლებელია Rn-ის შემცველობა შენობაში არსებულ ჰაერში. ამიტომ უნდა მოხდეს გაწოვა; დაუშვებელია სითბოს შენარჩუნების მიზნით შენობის ხშირი ჰერმეტიზაცია. ვულკანური წარმოშობის მთის ქანები, მათ შორის გრანიტი, მინაქვა (გამოიყენება ბეტონის შემავსებლად), ტუფი ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია. რადონი მოსახლეობის რადიაციული საფრთხის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ არის დასახელებული.