17.მე-17 ჯგუფის ელემენტები

17.1.ჰალოგენები

კითხვა:

რა გამოყენება აქვს ფთორს, ქლორს, ბრომს და იოდს და მათ ნაერთებს?

 

პასუხი:

ფთორშემცველი ნაერთები (მაგალითად, ნატრიუმის მონოფთორფოსფატი) გამოიყენება ზოგიერთი ფარმაცევტული პრეპარატის და კარიესისგან დამცავი კბილის პასტების დასამზადებლად. ფთორის ორგანული ნაწარმები ფართოდ გამოიყენება მაცივარ-აგენტების (ფრეონები) და სხვადასხვა პოლიმერული მასალის – ფთოროპლასტების დასამზადებლად, რომლებიც ტენ- და შუქმედეგობით, აგრეთვე განსაკუთრებული ქიმიური (შლის მხოლოდ გამლღვალი ნატრიუმი) და თერმული მდგრადობით გამოირჩევა. მათთვის დამახასიათებელია მდგრადობა ზეთებისა და ტექნიკაში ფართოდ გამოყენებული ბევრი ორგანული გამხსნელის მიმართ (იხსნება მხოლოდ რამდენიმე სპეციფიკურ გამხსნელში); მათ ბაზაზე მზადდება მნიშვნელოვანი ფთორშემცველი დაბალმოლეკულური და მაღალმოლეკულური ნაერთები და მასალები, როგორებიცაათერმულად და ქიმიურად მდგრადიდამცავი საფრები და ზეთები, ანტიკოროზიული და ჰიდროფობური მასალები, ოპტიკური ბოჭკოების შუქამრეკლი გარსები და მრავალი სხვა.

ქლორი გამოიყენება მრავალი არაორგანული და ორგანული ნაწარმის მისაღებად. მისი გამოყენებით ღებულობენ მარილმჟავას, ქლორიან კირს, ჰიპოქლორიტებს, ქლორიდებს და ა.შ. ქლორის დიდი რაოდენობა გამოიყენება სასმელი წყლის გაუვნებლობისთვის, ქსოვილების და ცელულოზას გასაუფერულებლად (რომელსაც ქაღალდის წარმოებაში იყენებენ). ის აგრეთვე გამოიყენება ფერად მეტალურგიაში მადნების ქლორირებისათვის, რომელიც ზოგიერთი მეტალის წარმოების ერთ-ერთ სტადიას წარმოადგენს. ვერცხლის ქლორიდი გამოიყენება ფოტოგრაფიაში, რომელსაც საფუძვლად უდევს მისი ფოტოქიმიური (სინათლის კვანტის მოქმედებით) დაშლა:

2 AgCl → 2Ag + Cl2

ეს პროცესი განაპირობებს გამოსახულების წარმოქმნას („ნეგატივი“}, რომელიც აღდგება ნატრიუმის თიოსულფატით („პოზიტივი“). მას შემდეგ, რაც შემუშავდა ფოტოგრაფირების თანამედროვე მეთოდები (ფირგარეშე) ამ მეთოდმა, გარკვეულწილად, კომერციული მნიშვნელობა დაკარგა. თუმცა მას წარმატებით იყენებენ მხატვრული ფოტოხელოვნების მიმდევრები.

ქლორის გამოყენებით მიიღება მრავალი ორგანული გამხსნელი: დიქლორეთანი, ტეტრაქლორნახშირბადი და ა.შ. ორგანულ ნაერთთა ბევრი ქლორნაწარმი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში.

ქლორორგანული ნაერთების საფუძველზე მზადდება სხვადასხვა სინთეზური ბოჭკო, ქლოროპრენული კაუჩუკი („ნაირიტი“, „ქლორნაირიტი“), პლასტიკური მასები, ქიმიური საღებრები, ტყავის შემცვლელი ნივთიერებები და ა.შ. ასე რომ, ქლორი ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტია.

ბრომის ნაერთები გამოიყენება ორგანულ სინთეზში მნიშვნელოვანი ნაერთებისა და ნახებარპროდუქტების მისაღებად. “ბრომიანი წყალი“ გამოიყენება უჯერი ორგანული ნაერთების თვისებით ანალიზში. ბრომი ფართოდ გამოიყენება ტექნიკაში, კერძოდ:

  • ვერცხლის ბრომიდი AgBr (ვერცხლის ქლორიდის მსგავსად) გამოიყენება ფოტოგრაფიაში, როგორც ფოტომგრძნობიარე ნივთიერება;
  • ბრომის პენტაფთორიდი (BrF5) გამოიყენება რაკეტული საწვავის ენერგიულ დამჟანგავად;
  • 1,2-დიბრომეთანი გამოიყენება ბენზინის საწვავის ეკოლოგიურად სახიფათო ანტიდეტონატორის – ტეტრაეთილტყვიის შემცვლელად; 
  • ბრომიდების ხსნარები გამოიყენება ნავთობმომპოვებელ მრეწველობაში;
  • მძიმე მეტალთა ბრომიდები გამოიყენება როგორც ე.წ. „მძიმე სითხეები“ ფლოტაციის მეთოდით სასარგებლო მადნების გამდიდრების პროცესში;
  • ბრომორგანული ნაერთები გამოიყენება ინსექტიციდებად და პესტიციდებად.

ბრომი მედიცინაში გამოიყენება ნატრიუმის და კალიუმის ბრომიდების სახით, როგორც დამამშვიდებელი საშუალებები.