15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი

კითხვა:

როგორია დარიშხანის და მისი ნაერთების როლი ადამიანის ორგანიზმში? როგორია მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე?

 

პასუხი:

დარიშხანი ის ელემენტია, რომელსაც მიესადაგება ცნობილი ფრაზა: „ყველა ნივთიერება არის შხამი ან წამალი, გააჩნია მათ დოზას“. მასში შერწყმულია ანტაგონისტური თვისებები.

დარიშხანს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანო და კომპონენტი (სისხლი, ღვიძლი, თირკმელები, თმა, ფრჩხილები) შეიცავს. ის მონაწილეობს ორგანიზმში სხვადასხვა უმნიშვნელოვანესი ფუნქციური ნაერთების (ჰემოგლობინი, ნუკლეინის მჟავები) სინთეზის და განახლების პროცესში. დადგინდა, რომ ის შედის საყოველთაოდ ცნობილი ნივთიერების, ე.წ. „მუმიოს“ შემადგენლობაში. მისი დაგროვების უნარი გააჩნია ადამიანის თმებს, საიდანაც კანქვეშ შეღწევისას მან შეიძლება არაპროგნოზირებადი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

დარიშხანის მცირე რაოდენობით შემცველობა ხელს უწყობს ე.წ. სისხლმბადი ორგანოების (ღვიძლი, ელენთა, ძვლის ტვინი და სხვ.) მოქმედებას და ა.შ. განსაკუთრებით საშიშია დარიშხანის წყალბადშემცველი ნაერთები, მათგან არსინები, განსაკუთრებით აქროლადი, ძლიერი მომწამლავი ნაერთებია. მომწამლავ თვისებას ავლენს აგრეთვე დარიშხან(III)-ის ოქსიდი („თეთრი დარიშხანი“).

ადამიანის ოდესღაც მოურჩენელი დაავადების, ათაშანგის დამარცხება დარიშხანშემცველი ნაერთის – “სალვარსანი-606‘‘-ის გამოყენებით გახდა შესაძლებელი (პ. ერლიხი, ნობელის პრემია, 1908 წელი). დარიშხანის ზოგიერთი ნაერთი გამოიყენება ცხოველთა პარაზიტების გასანადგურებლად (ანტჰელმინთები).