15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.2.დარიშხანის ქვეჯგუფი

კითხვა:

როგორ მიიღება As(III)-ის, Sb(III)-ის, Bi(III)-ის ოქსიდები? დაახასიათეთ მათი ქიმიური თვისებები. დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების ტოლობები. რა გამოყენება აქვთ ამ ოქსიდებს?

 

პასუხი:

As2O3 მიიღება დარიშხანის ან დარიშხანშემცველი მადნის (არსენოპირიტის, სულფიდების, არსენიდების) გამოწვით:

2 FeAsS + 5 O2 → Fe2O3 + As2O3 + 2 SO2

As2S3 + 9 O2 → 2 As2O3 + 6 SO2

 

As2O3 წარმოადგენს თეთრი ფერის მყარ ნივთიერებას. იგი ამფოტერული თვისების ოქსიდია, მჟავა თვისებების დომინირებით. შეესაბამება As(III)-ის ჰიდროქსიდი ანუ დარიშხანოვანი მჟავა H3AsO3.

წყალში მცირედ იხსნება და მიიღება:

As2O3 + H2O → 2 H3AsO3

ურთიერთქმედებს ტუტესთან:

As2O3 + KOH + 3 H2O → 2 K[As(OH)3]

ურთიერთქმედებს ჰალოგენწყალბადმჟავებთან:

As2O3 + 8 HCl → 2 HAsCl4 + 3 H2O

 

Sb2O3 და Bi2O3 ოქსიდები მიიღება პირდაპირი გზით.

სტიბიუმ(III)-ის ოქსიდი მიიღება “სტიბიუმის კრიალას” (Sb2S3) გამოწვით. ამ ოქსიდის მიღება შესაძლებელია აგრეთვე სტიბიუმზე განზავებული აზოტმჟავას მოქმედებით. Sb2O3 წყალში უხსნადი, ამფოტერული თვისებების მქონე ოქსიდია. ტუტესთან მოქმედებით მიიღება:

 

Sb2O3 + 2 KOH + 3 H2O → 2 K[Sb(OH)4]

 

Sb2O3 იხსნება კონცენტრირებულ მარილმჟავაში:

Sb2O3 + 6 HCl → 2SbCl3 + 3 H2O

 

სამქლორიანი სტიბიუმი ადვილად განიცდის ჰიდროლიზს, მიიღება ფუძე მარილი. მიღებული ფუძე მარილის შედგენილობა დამოკიდებულია მორეაგირე ნივთიერებათა კონცენტრაციაზე:

Sb2O3 + H2O ⇄ Sb(OH)Cl2 + HCl

Sb(OH)Cl2 + H2O ⇄ Sb(OH)2Cl + HCl

 

სტიბიუმის დიჰიდროქსილქლორიდი ადვილად კარგავს წყალს და მიიღება ოქსიქლორიდი:

Sb(OH)2Cl → SbOCl + H2O

ბისმუტ(III)-ის ოქსიდი Bi2O3 წარმოიქმნება ბისმუტის ნიტრიტის დაშლით. იგი ფუძე ბუნების ოქსიდია, იხსნება მჟავებში და წარმოქმნის ბისმუტ(III)-ის მარილებს.