15.მე-15 ჯგუფის ელემენტები
15.1.აზოტი. ფოსფორი
კითხვა:
შეადარეთ ფოსფორის და აზოტის ოქსიდების ქიმიური თვისებები. დაწერეთ შესაბამისი რეაქციის ტოლობები:
პასუხი:
აზოტი წარმოქმნის ოქსიდებს: N2O აზოტ(I)-ის ოქსიდი, NO აზოტ(II)-ის ოქსიდი, N2O3 აზოტოვანი მჟავას ანჰიდრიდი, NO2 აზოტ(IV)-ის ოქსიდი და N2O5 აზოტმჟავას ანჰიდრიდი. აქედან N2O და NO მარილარწარმომქმნელი ოქსიდებია.
N2O3 ჩვეულებრივ პირობებში ლურჯი ფერის სითხეა, წყალთან წარმოქმნის აზოტოვან მჟავას:
N2O3 + H2O → 2 HNO2
NO2 მურა წითელი ფერის მომწამლავი აირია, წყალში გახსნით განიცდის დისპროპორციონირებას:
6 NO2 + 2 H2O → 4 HNO3 + 2 NO
ჰაერის ჟანგბადის თანაობისას NO2-ის წყალში გახსნით მიიღება აზოტმჟავა:
4 NO2 + 2 H2O + O2 ⇄ 4 HNO3
N2O5 უფერო, არამდგრადი კრისტალური ნივთიერებაა. წყალში იხსნება აზოტმჟავას წარმოქმნით:
N2O5 + H2O → 2 HNO3
ფოსფორის ოქსიდებია: P4O6, P4O10 და P2O4.
ფოსფორი(III)-ის ოქსიდი თეთრი ფერის კრისტალური ნივთიერებაა; წყალში გახსნით წარმოქმნის ფოსფოროვან მჟავას:
P4O6 + 6 H2O → 4 H3PO3
P4O10 ცივ წყალში გახსნით წარმოქმნის მეტაფოსფორმჟავას:
P4O10 + 2 H2O → 4 HPO3
ხოლო P4O10 ცხელ წყალში გახსნით კი - ორთოფოსფორმჟავას:
P4O10 + 6H2O → 4 H3PO4
P4O10 ძლიერ ჰიგროსკოპული ნივთიერებაა. წყალს ხარბად შთანთქავს და ამიტომ ის წყალწამრთმევ საშუალებად გამოიყენება.
P4O6 ინერტულ არეში 210 °C-ზე გაცხელებით იშლება:
2 P4O6 → 2 P + 3 P2O4
P2O4 H3PO3-ის და H3PO4-ის შერეული ანჰიდრიდია, რადგან წყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის ფოსფოროვანმჟავასა და ორთოფოსფორმჟავას ნარევს:
P2O4 + 3 H2O → H3PO3 + H3PO4