15.მე-15 ჯგუფის ელემენტები

15.1.აზოტი. ფოსფორი

კითხვა:

როგორია აზოტის და მისი ნაერთების როლი ადამიანის ორგანიზმში?

 

პასუხი:

ბერძნული ტერმინი „აზოტი“ ქართულად „უსიცოცხლოს“ ნიშნავს, მაგრამ ადამიანის „სიცოცხლის წესი“ სწორედ უმნიშვნელოვანესი აზოტშემცველი ნაერთები ცილებია; ბმული აზოტის შემცველობა ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 7 %-ს შეადგენს. ამ მონაცემებით მას მხოლოდ სამი ელემენტი, ჟანგბადი, წყალბადი და ნახშირბადი აღემატება. აზოტს შეიცავს ამინომჟავები, ჰემოგლობინი (ჰემინის ბირთვი, აზოტშემცველი ჰეტეროციკლის სახით), ნუკლეინის მჟავები (დნმ, რნმ), მცენარეებში – ქლოროფილი, რომელთა გარეშე ცხოველური და მცენარეული ცოცხალი ორგანიზმების არსებობა წარმოუდგენელია. ამიტომ აზოტს „სიცოცხლის ელემენტს“ უწოდებენ.

ადამიანის ორგანიზმზე, კერძოდ, სისხლის ჰემოგლობინით ჟანგბადის გადატანის უნარზე უარყოფითად მოქმედებს ნიტრიტ-იონები (NO2-), სოფლის მეურნეობის პროდუქტების მეშვეობით სასუქებიდან ორგანიზმში მოხვედრილი ნიტრატ-იონიები (NO3-), ასევე კანცეროგენური ნივთიერებები ნიტროზო-ამინები. ფიზიოლოგიურ აქტიურობას ავლენს N2O, რომელიც მედიცინაში ნარკოზულ საშუალებად გამოიყენება. NO2 და N2O3 (განსაკუთრებით აზოტ (IV)-ის ოქსიდი) მომწამლავებია.