14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.3.გერმანიუმის ქვეჯგუფი
კითხვა:
შეადარეთ ერთმანეთს გერმანიუმის, კალას და ტყვიის ელექტროქიმიური და ქიმიური აქტიურობა.
პასუხი:
ელექტროქიმიურ ძაბვათა მწკრივში გერმანიუმი (Ge) მოთავსებულია წყალბადის შემდეგ, ხოლო კალა (Sn) და ტყვია (Pb) - წყალბადამდე. ამიტომ, გერმანიუმი განზავებულ მჟავებთან, მაგალითად, HCl-თან და H2SO4-თან, არ მოქმედებს. ტყვიასთან მათი ურთიერთქმედებისას წარმოიქმნება შესაბამისი უხსნადი მარილები (PbCl2 და PbSO4), რომლითაც იფარება ტყვიის ზედაპირი და ტყვიის შემდგომი გახსნა ზემოაღნიშნულ მჟავებში წყდება.
გერმანიუმი აზოტმჟავასთან ურთიერთქმედებით წარმოქმნის გერმანიუმის მჟავას -H2GeO3 (GeO2∙2H2O), ხოლო Sn - კალას მჟავას H2SnO3 (SnO2∙nH2O):
E + 4 HNO3(კონც.) → H2EO3 + 4 NO2 + H2O, სადაც, E = Ge, Sn
განზავებულ აზოტმჟავასთან კალა ისე ურთიერთქმედებს, როგორც ტიპური მეტალი:
3 Sn + 8HNO3(განზ.) → 3 Sn(NO3)2 + 2 NO + 4 H2O
ტყვია ნებისმიერი კონცენტრაციის ამ მჟავასთან ურთიერთქმედებს, როგორც მეტალი და წარმოქმნის Pb(NO3)2-ს.
ხსნარში სტანდარტული ელექტროდული პოტენციალის მნიშვნელობის შედარებიდან ჩანს, რომ განხილული სისტემების პოტენციალთა მნიშვნელობები ახლოს არის ერთმანეთთან:
Sn2+ + 2e- → Snᴼ Eᴼ= - 0,136 ვ
Pb2+ + 2e- → Pbᴼ Eᴼ= - 0,126 ვ
სტანდარტულ პოტენციალთა სხვაობა ნულთან ახლოსაა:
E0 = = -0.126 ვ - (-0.136) ვ = 0.01 ვ
სისტემაში Sn+Pb2+ მყარდება წონასწორული მდგომარეობა, ამიტომ კალა ბოლომდე ვერ ახდენს ტყვიის გამოძევებას მისი ხსნადი მარილის წყალხსნარიდან.