14.მე-14 ჯგუფის ელემენტები

14.1.ნახშირბადი

კითხვა:

როგორია ნახშირბადის მნიშვნელობა, ბიოლოგიური როლი და ეკოლოგია?

 

პასუხი:

ნახშირბადი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტია. ის შედის სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესი ნაერთების (ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ლიპიდების, მრავალი ბუნებრივი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთის, ვიტამინების და სხვ.) და სტრატეგიური ნედლეულის – საწვავ-სათბობი რესურსების (ბუნებრივი აირი, ფიქალი, ტორფი, ნავთობი, ქვანახშირი) შედგენილობაში. ნახშირბადის ფორმების მრავალფეროვნებამ და თვისებათა უნიკალურობამ განაპირობა როგორც ბუნებრივი, ისე სინთეზური ნაერთების მრავალფეროვნება. დასაბამი მიეცა ავანგარდული ნახშირბადული ნაერთების – ფულერენების და გრაფენების ბაზაზე მაღალეფექტური კატალიზატორების, ზემდგრადი და უნიკალური ოპტიკური თვისებების მქონე მასალების და ტექნოლოგიების განვითარებას.

ნახშირბადს და მის ნაერთებს განსაკუთრებული როლი დაეკისრა ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედებაში, მცენარეული საფრის გამრავალფეროვნებასა და რეგენერაციაში (მაგალითად, CO2-ს, ფოტოსინთეზის სახით: 6 CO2 + 6 H2O → C6H12O6). ნახშირბადის ზოგიერთი ნაერთი, მაგალითად, ფოსგენი COCl2, ციანწყალბადმჟავა HCN, კალიუმის ციანიდი KCN და სხვა, არასასურველ, ზოგჯერ მძიმე შედეგებს იწვევს. უჩვეულოდ მაღალია ნახშირბადის შემცველობა (CO2-ის სახით) ატმოსფეროში (ზოგიერთი მონაცემით – 4000 მილიარდ ტონაზე მეტი), რაც დედამიწაზე გლობალური დათბობის საფრთხეს ქმნის. ნახშირბადის მონოოქსიდი ახდენს ჰემოგლობინის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარის სრულ მოშლას, დამანგრეველ მოქმედებას ავლენს ემბრიონის განვითარებაზე და ა.შ. ადამიანისთვის ძალზე საშიშია დახურულ შენობებსა და სათავსოებში (ქვევრები, ხილის და ბოსტნეულის შესანახი კონტეინერები და სხვა, სადაც ნახშირბადის დიოქსიდი შეიძლება ლპობის დროს მიმდინარე დუღილის შედეგად დაგროვდეს) გაუფრთხილებლად შესვლა. ასევე საშიშია CO2-ის დაგროვება საცხოვრებელ ბინებში, კერძოდ, სამზარეულოში, სადაც ყოველი 1 მ3 მეთანის წვისას იგივე მოცულობის ნახშირბადის დიოქსიდი წარმოიქმნება.