14.მე-14 ჯგუფის ელემენტები
14.1.ნახშირბადი
კითხვა:
რომელ ჰიბრიდულ მდგომარეობაშია ნაერთებში ნახშირბადის ატომი? როგორია მათი აღნაგობა?
პასუხი:
ნახშირბადის ატომი ნაერთებში ავლენს sp, sp2 და sp3 ჰიბრიდულ მდგომარეობას.
sp3 ჰიბრიდიზაციით მიიღება ოთხი ჰიბრიდული sp3 ორბიტალი, რომლებიც მიმართულნი არიან ტეტრაედრის წვეროებისკენ 109°28¢ კუთხით. ასეთ შემთხვევაში ნახშირბადის ატომი ოთხ ტოლფას ბმას წარმოქმნის სხვა ატომებთან (მაგალითად, ნაერთებში: CCl4, CH4 და სხვ.).
sp2 ჰიბრიდიზაცია ხორციელდება სამი სავალენტო ორბიტალით. ერთი s-ორბიტალისა და ორი p-ორბიტალის ჰიბრიდიზაციის შედეგად წარმოიქმნება სამი ჰიბრიდული sp2 ორბიტალი, რომლებიც განლაგებულნი არიან ერთ სიბრტყეში, ერთმანეთის მიმართ 120ᴼ-იანი კუთხით. მეოთხე, არაჰიბრიდული p-ორბიტალი მონაწილეობს p-ბმის წარმოქმნაში (მაგალითად, C2H4, HCHO და სხვა). მოლეკულას ბრტყელი აგებულება აქვს.
sp ჰიბრიდიზაციის შემთხვევაში ორი ორბიტალის (ერთი s და ერთი p ორბიტალის) კომბინაციით წარმოიქმნება ორი ტოლფასი sp-ატომური ორბიტალი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ 180ᴼ-ის ტოლი კუთხით წრფივად არიან განლაგებულნი და მიმართულნი არიან ცენტრალური ატომიდან სხვადასხვა მხარეს. დარჩენილი არაჰიბრიდული p-ორბიტალები ურთიერთმართობულ სიბრტყეებში არიან განლაგებულნი და მონაწილეობენ p-ბმების წარმოქმნაში. მოლეკულას აქვს ხაზოვანი აგებულება (მაგალითად, C2H2, CO2 და სხვ.).