13.მე-13 ჯგუფის ელემენტები
13.2.ალუმინი
კითხვა:
ალუმინის რომელ ნაერთებს აქვს განსაკუთრებული გამოყენება? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური ფორმულები.
პასუხი:
ალუმინის მარილებიდან განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ჰალოგენიდებს (AlF3 და AlCl3), სულფატს − Al2(SO4)3 და შაბს − KAl(SO4)2·12H2O. უწყლო AlF3 და AlCl3 გამოიყენება ზოგიერთი რეაქციის კატალიზატორებად (არომატული ნახშირწყალბადების ბენზოლის ბირთვში ჩანაცვლების რეაქციებში, უჯერი მონომერების პოლიმერიზაციაში და ა.შ.). შაბი გამოიყენება მღვრიე წყლის დასაწდომად (სიმღვრივის მოსაცილებლად), აგრეთვე ანტისეპტიკურ საშუალებად. კატალიზატორებად გამოიყენება (მაგალითად, კარბონილური ორგანული ნაერთების ჰიდრირება) აგრეთვე ალუმინის ანიონური კომპლექსნაერთი − ლითიუმალუმინჰიდრიდი Li[AlH4]. იგი მიიღება LiH-ის მოქმედებით AlH3-ზე ან Al2Cl6-ზე:
LiH + AlH3 → LiAlH4
8 LiH + Al2Cl6 → 2 LiAlH4 + 6 KCl
ალუმინის ჰიდრიდი მაღალმოლეკულურ, თერმულად უმდგრად ნაერთს წარმოადგენს, გამოიყენება ასევე ტრიეთილალუმინის მისაღებად.
ალუმინის არსენიდი (AlAs)და ანთიმონიდი (AlSb) ნახევარგამტარულ ტექნოლოგიაში გამოიყენება. ალუმინის ზოგიერთი ნაერთი (მაგალითად, „ჰიდრალატი“) გამოიყენება რაკეტულ ტექნოლოგიაში.
ცნობილია ალუმინორგანული ნაერთები, რომლებიც, ძირითადად, კატალიზატორებად ან მათ კომპონენტებად (მაგალითად, ტიტანის ჰალოგენიდებთან მათი კომპლექსური კატალიზატორები სტერეოსპეციფიკური პოლიმერიზაციის ჩასატარებლად) გამოიყენება:
საინტერესო სტრუქტურა და თვისებები აქვს ტუტემეტალთა ფთორალუმინატებს, რომლებიც პოლიმერული ფთორალუმინის მჟავებიდან წარმოიქმნება. მათგან განსაკუთრებული პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა ნატრიუმის ჰექსაფთორალუმინატმა (Na3AlF6 − კრიოლითი), რომელიც ელექტროქიმიური ხერხით ალუმინის მისაღებად გამოიყენება. Na3AlF6 სინთეზის გზით მიიღება ალუმინისჰიდროქსიდზე მლღობი მჟავის (HF) და ნატრიუმის კარბონატის მოქმედებით:
2 Al(OH)3 + 12 HF+ 3 Na2CO3→ 2 Na3AlF6 + 3 CO2 + 9 H2O