8.მე-8 ჯგუფის ელემენტები
8.1.რკინა
კითხვა:
რომელ ოქსიდებს წარმოქმნის რკინა? როგორ შეიძლება წარმოვადგინოთ შერეული ოქსიდი Fe3O4 სხვა სახით? რა გამოყენება აქვს ამ ოქსიდს?
პასუხი:
ცნობილია შემდეგი გავრცელებული რკინის ოქსიდები: FeO - რკინა(II)-ის ოქსიდი (მინერალი ვიუსტიტი) შავი ფერისაა, ახასიათებს ფუძე ოქსიდის თვისებები. Fe2O3 - რკინა(III)-ის ოქსიდი (მურა ფერიდან შავ ფერამდე) არსებობს α- და γ-მოდიფიკაციების სახით: α-Fe2O3 (მინერალი ჰემატიტი) და γ-Fe2O3 (მინერალი მაგემიტი).
α-Fe2O3-ს Al2O3-ის მსგავსი კრისტალური ფორმააქვს. α-Fe2O3 პარამაგნიტურია, ხოლო γ-Fe2O3 - ფერომაგნიტური.
Fe2O3 - ხასიათდება სუსტი ამფოტერული თვისებით. Fe2O3-ის შელღობით ტუტე მეტალების კარბონატებთან მიიღება MFeO2-ტიპის ნაერთები, რომლებსაც ფერიტები ეწოდება:
Fe3O4 - რკინა(II,III)-ის ოქსიდი - შერეული (რთული) ოქსიდი, რომელიც ერთდროულად შეიცავს რკინა(II)-ს და რკინა(III)-ს (მაგნეტიტი). მას რკინის ხენჯს უწოდებენ და ბუნებაში გვხვდება მინერალ მაგნეტიტის სახით. Fe3O4 შეიძლება ასე წარმოვადგინოთ: Fe2+(Fe3+O2)2. შესაბამისად, ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფერიტი.
რკინის ხენჯი გამოიყენება თერმიტების დასამზადებლად.
Fe3O4-ის მიღება შესაძლებელია Fe2O3-ის არასრული აღდგენით:
3 Fe2O3 + CO → 2 Fe3O4 + CO2