7.მე-7 ჯგუფის ელემენტები

7.1.მანგანუმი

კითხვა:

როგორ თვისებებს ავლენს Mn(II)-ის ოქსიდი და ჰიდროქსიდი? დაწერეთ შესაბამისი ქიმიური რეაქციების განტოლებები.

 

პასუხი:

წყალბადის ნაკადში MnO2-ის გახურებით წარმოიქმნება წყალში უხსნადი, მწვანე ფერის MnO, რომელიც მჟავებთან რეაქციაში ავლენს ფუძე ოქსიდების დამახასიათებელ თვისებებს:

MnO + 2 H3O+ + 3 H2O → [Mn(OH2)6]2+

 

Mn+2-ის მარილების წყალხსნარებზე ტუტეების მოქმედებით ილექება Mn(OH)2-ის თეთრი ფერის ნალექი:

MnSO4 + 2 NaOH → Mn(OH)2-  + Na2SO4

 

Mn(OH)2 მჟავებში ადვილად იხსნება შესაბამისი აკვაკომპლექსის წარმოქმნით:

Mn(OH)2 + 2 H3O+ +2 H2O → [Mn(H2O)6]2+

 

ტუტეებთან MnO და Mn(OH)2 მხოლოდ ხანგრძლივი და ძლიერი გაცხელებისას ურთიერთქმედებს ანიონური კომპლექსის წარმოქმნით:

Mn(OH)2 + 4 OHˉ → [Mn(OH)6]4-

 

ჰიდროქსომანგანატებიდან თავისუფალ მდგომარეობაში გამოყოფილია K4[Mn(OH)6] და Ba2[Mn(OH)6]. ეს ნაერთები წყალხსნარებში არამდგრადებია.

Mn(OH)2 ჩვეულებრივ პირობებში ჰაერის ჟანგბადით იჟანგება:

Mn(OH)2 + 2 H2O + O2 →  2 Mn(OH)4