6.მე-6 ჯგუფის ელემენტები
6.1.ქრომი
კითხვა:
როგორ დამოკიდებულებაშია მე-6 ჯგუფში ქრომის მომდევნო ელემენტები მოლიბდენი და ვოლფრამი წყლის, ჟანგბადის, მჟავას და ტუტის მიმართ? დაწერეთ შესაბამისი რეაქციების განტოლებები.
პასუხი:
700-800 °C-მდე გავარვარებული მოლიბდენი იწყებს მოქმედებას წყლის ორთქლთან, ჯერ წარმოიქმნება MoO2, ხოლო შემდგომი გახურებით - MoO3:
Mo + 2 H2O ⇄ MoO2 + 2 H2↑
MoO2 + H2O ⇄ MoO3 + H2↑
მოლიბდენის მსგავსად, ვოლფრამი ოთახის ტემპერატურაზე წყალთან არ ურთიერთქმედებს. 600 °C-ზე გაცხელებით ის რეაგირებს წყალთან ვოლფრამ(IV)-ის ოქსიდის წარმოქმნით:
W + 2 H2O ⇄ WO2 + 2 H2↑
ვოლფრამი (ფხვნილისებრი) 80-100 °C-ზე იხსნება კონცენტრირებულ აზოტ-მჟავაში, სამეფო წყალში (“მეფის არაყი”), აგრეთვე კონცენტრირებული აზოტმჟავის და გოგირდწყალბადმჟავის ან ფთორწყალბადმჟავის ნარევში:
2 W + 4 HNO3 + 10 HF → WF6 + WOF4 + 4 NO + H2O
მიკროდისპერგირებული ვოლფრამი იხსნება აგრეთვე ტუტე-მჟანგავ ნარევთა ნალღობში (KOH + KNO3; KOH + KClO3 და Na2CO3 + NaNO3):
W + 2 KOH +3 KNO3 → K2WO4 + 3 KNO2 + H2O
900 °C-ზე ვოლფრამი იჟანგება ჰაერის ჟანგბადით და მიიღება WO3, ხოლო რაც შეეხება მოლიბდენს, 500 °C-ზე გაცხელებისას, ადვილად იჟანგება MoO3-ის წარმოქმნით.
განზავებული მჟავების (HCl, HF, HNO3) მიმართ მოლიბდენი მდგრადია. იხსნება კონცენტრირებულ აზოტმჟავაში, ცხელ კონცენტრირებულ H2SO4-სა და HCl-ში), აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევში, ტუტე-მჟანგავთა ნარევში.