„ვერცხლის სარკის“ რეაქცია
აღნიშნულ ინფოგრაფიკაზე ასახულია ბოთლის სურათი, რომლის შიდა ზედაპირი დაფარულია ვერცხლით. თუ ქიმიკოსი ხართ, მაშინ უკვე გეცოდინებათ, რომელი ქიმიური რეაქციითა შესაძლებელი აღნიშნული ეფექტის მიღება, მაგრამ თუ არა, მაშინ ალბათ დაგაინტერესათ... თუმცაღა, სამწუხაროდ, ამ რეაქციას სახლის პირობებში ვერ ჩაატარებთ.
ვერცხლი, რომლითაც ბოთლის შიდა ზედაპირი იფარება, მოდის ვერცხლის ნიტრატის ხსნარიდან. იმისათვის, რომ რეაქცია კარგად გამოვიდეს, გარდა ვერცხლის ნიტრატისა, საჭიროა ამიაკი და ნატრიუმის ჰიდროქსიდი. ამიაკი აუცილებელია, რომ ვერცხლის ნიტრატთან შევიდეს რეაქციაში, რათა წარმოიქმნას ე.წ. „ტოლენსის რეაგენტი“.
ტოლენსის რეაგენტი დიამინვერცხლ(I)-ის კომპლექსის უფერო ხსნარია. ხშირად მას ამონიაკალურ ვერცხლის ნიტრატადაც მოიხსენიებენ ხოლმე. ეს რეაგენტი აქტიურად გამოიყენება ორგანულ ქიმიაში (ძირითადად სადემონსტრაციო ცდებში) ალდეჰიდების კარბონმჟავამდე დასაჟანგად. ამ რეაქციის შედეგად დიამინვერცხლ(I)-ის კომპლექსი აღდგება და წარმოიქმნება მეტალური ვერცხლი, რაც ვერცხლის სარკის ეფექტს ქმნის. ხშირად რეაქციაში დექსტროზაა (გლუკოზის ერთ-ერთი ფორმა) ხოლმე გამოყენებული.
ქიმიის მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ ამ ეფექტის აღწერა უფრო მარტივია, ვიდრე მიღება. თუ მხოლოდ ვერცხლის ნიტრატი იქნება გამოყენებული (ამიაკის გარეშე), მაშინ ვერცხლი მყისვე წარმოიქმნება მინის ზედაპირზე, რაც შავად, დაბურულად ჩანს. ამიტომაც ამიაკი ემატება ვერცხლის ნიტრატს, რათა წარმოიქმნას დიამინვერცხლ(I)-ის იონი, სანამ ალდეჰიდურ ჯგუფთან შევა რეაქციაში - ეს იონი უფრო რთული აღსადგენია, ვიდრე ვერცხლის იონები, რაც შენელებულ, უფრო კონტროლირებად ვერცხლის წარმოქმნას უზრუნველყოფს. იმისათვის, რომ ვერცხლის სარკე კარგად გამოვიდეს, აუცილებელია სუფთა ჭურჭლის გამოყენებაც.
კიდევ ერთი ნიუანსი ამ რეაქციისა არის რა, რომ ტოლენსის რეაგენტი რეაქციამდე ახლად უნდა მომზადდეს, რადგან მისი შენახვა არ შეიძლება. ეს იმიტომ, რომ შენახვისას, ნადები ტოლენსის რეაგენტის ხსნარში შეიძლება ვერცხლის ნიტრიდი წარმოიქმნას, რაც, რა თქმა უნდა, ფეთქებადსაშიშია. 2002 წელს, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ სკოლაში ტოლენსის რეაგენტი წინასწარ მოამზადეს დიდი რაოდენობით. შედეგად მოხდა ამ ნარევის აფეთქება და ორი სტუდენტი დაშავდა. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ჩაატაროთ რეაქცია, ონლაინ განთავსებულია რესურსები, ზოგიერთი ლინკი ქვემოთ მითითებულ ბიბლიოგრაფიაშია მოცემული.
ეს რეაქცია მხოლოდ კლასებში არ გამოიყენება - ერთი პერიოდი ამ რეაქციის ვარიანტი გამოიყენებოდა სარკეების დასამზადებლად. იუსტუს ლიბიხის პროცესის მიხედვით, ვერცხლის სარკეები ვერცხლის ნიტრატის აღდგენით იწარმოებოდა 1830-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სარკის წარმოებისთვის სხვა პროცესი გამოიყენება, საინტერესოა ამ რეაქციის ისტორიული გამოყენება...
ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:
- A giant silver mirror experiment – LearnChemistry;
- The silver mirror reaction – David A Katz;
- Formation of a silver mirror on a glass surface – B Porcja, Rutgers.
თარგმანი: ლაშა ხუციშვილი