ფრჩხილის ლაქის ქიმია

ფრჩხილზე ლაქის წასმა, ერთი შეხედვით, დიდად კომპლექსურ ქიმიური პროცესი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... პოლიმერიზაცია, გამყარება, გამხსნელები, თერმოქრომიზმი... ამ სიტყვებს ალბათ ლაბორატორიაში გაიგებთ უფრო მეტად, ვიდრე ფრჩხილების სალონში, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ცნებები ფრჩხილის ლაქთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ ინფოგრაფიკისა და სტატიის საშუალებით მოდით ახლოდან გავეცნოთ ფრჩხილის ლაქის ქიმიზმს.

 

ჩვეული ფრჩხილის ლაქი შეიცავს პოლიმერს, ყველაზე ხშირად ნიტროცელულოზას პოლიმერს, რომელიც გახსნილია ორგანულ გამხსნელში, მაგ., ეთილაცეტატში ან ბუტილაცეტატში. როდესაც საცხი ზედაპირს მოხვდება, გამხსნელი ორთქლდება ხოლო ზედაპირზე პოლიმერული აფსკი რჩება. გარდა ამისა, ნარევში შემავალი ადჰეზიური რეზინები პოლიმერის ფრჩხილზე მიკრობას უწყობს ხელს. ეს ე.წ. მოდიფიკატორები პოლიმერს სიგლუვესაც ანიჭებენ.

 

რასაკვირველია, მხოლოდ ჩვეული ფრჩხილის საცხი არ გამოიყენება. ფრჩხილის გელლაქი მათი ალტერნატივაა. იგი შედგება მეთაკრილატის ნაერთებისა და ფოტოინიციატორებისაგან, როგორიცაა: ბენზოილის პეროქსიდი. ჩვეულებრივი ფრჩხილის საცხებისგან განსხვავებით, ამ ნარევს გასაშრობად არ ტოვებენ, არამედ ფრჩხილზე წასმის შემდეგ უი სინათლეზე აყოვნებენ. ეს პოლიმერიზაციის რეაქციას აინიცირებს, რის შედეგადაც ლაქი მყარდება. აქ შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ახსნა, ხოლო ამ საიტზე შემოთავაზებლია სტატია, რომელიც კონკრეტულ მაგალითს განიხილავს.

 

ორივე ტიპის ლაქში გამოყენებულია პლასტიფიკატორები. ესაა ნაერთები, რომლებიც ლაქს გატეხვისგან/გაბზარვისგან იცავენ. მეტიც, ამ ტიპის ნივთიერებები არაერთი სახის პლასტმასშია გამოყენებული ელასტიურობის გასაზრდელად.

 

ფრჩხილის ლაქის პლასტიფიკატორებმა კამათი გამოიწვია. დიბუტილფტალატი (DBP) ადრე ფართოდ გამოიყენებოდა პლასტიფიკატორად ფრჩხილის ლაქში. 2004 წელს ევროპაში გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ნაერთი ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რის გამოც დიბუტილფტალატის გამოყენება აიკრძალა. შემდეგში აშშ-მაც აკრძალა და ეს ნაერთი ჩაანაცვლა სხვა პლასტიფიკატორებით, როგორებიც არიან: კამფორი, ტრიფენილფოსფატი (TPPP), გლიცერილტრიბენზოატი. აღმოჩნდა, რომ TPPP-ცაა კავშირში ენდოკრინულ სისტემასთან... ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ უსაფრთხო ალტერნატივების პოვნა კოსმეტიკაში არც ისე მარტივია.

 

კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი, რომელსაც ფრჩხილის ლაქი შეიცავს, პიგმენტებია. პიგმენტები შეიძლება იყოს ორგანული (ნახშირბადშემცველი) ან არაორგანული, მაგალითად: ქრომ(III)-ის ოქსიდი მწვანე ფერის მისაღებად, რკინა(III)-ის ოქსიდი წითლისა და ნარინჯისფერის მისაღებად და რკინის ფეროციანიდი ლურჯი ფეროს მისაღებად.

 

უფრო კომპლექსური ფერთა ეფექტიც შესაძლებელია მივიღოთ. მარგალიტისფერი, მაგალითად, შეიძლება მიღებული იყოს ტიტანის დიოქსიდის ფხვნილისა და ქარსის (ალუმინშემცველი მინერალი) ნარევის საშუალებით. გარდა ამისა, ფრჩხილის ლაქში მბზინავი ნივთიერებაცაა დამატებული. რაც შეეხება გამასქელებელს: მაგ., ჰექტორიტის მარილი შეიძლება იყოს დამატებული იმისათვის, რომ პიგმენტები და სხვა ნივთიერებები ლაქში იყოს ‘გაჩერებული’.

 

თერმოქრომული (ტემპერატურაზე დამოკიდებული ფერი) და ფოტოქრომული (სინათლეზე დამოკიდებული ფერი) ფრჩხილის ლაქებს რაც შეეხება: თერმოქრომული ლაქები შეიცავს ნაერთებს, სახელად ლევკოსაღაბრებს (ლეიკოსაღებარი), მიკროკაფსულების სახით. ეს მიკროკაფსულები, აგრეთვე, შეიცავენ ადვილადდნობად გამხსნელსა და მჟავას. როდესაც ტემპერატურა საკმარისად დაბალია, საღებავის და მჟავას მოლეკულები ერთმანეთთან ახლოს არიან, ამიტომ მათ შორის წყალბადის ატომების მიმოცვლა შესაძლებელია, რის საღებავს ფერი აქვს. როდესაც ტემპერატურა იზრდება, გამხსნელი დნება და მოლეკულები ერთმანეთს შორდება, რის გამოც აღარ მიმდინარეობს წყალბადის მიმოცვლა და, შესაბამისად, საღებავი უფერო ფორმაში გადადის.

 

ფოტოქრომული ლაქები შეიცავს სინათლემგრძნობიარე ნაერთებს, რომლებიც განიცდიან სტრუქტურულ ცვლილებებს მზის სხივის მოხვედრის შემდეგ. ფრჩხილის ლაქში კი გამოიყენება შემდეგი ფოტომგრძნობიარე ნაერთები: სპიროპირანები და სპიროოქსაზინები. ულტრაიისფერი დასხივება ამ ნაერთების სტრუქტურულ ცვლილებას იწვევს, შესაბამისად, ნაერთის აბსორბცია (სხივის შთანთქმის უნარი) იცვლება, რაც ფერის შეცვლით გამოიხატება.

 

უი დასხივება ფრჩხილის საცხებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მზის სინათლე დროთა განმავლობაში ფრჩხილის ლაქს ფერს უკარგავს. იმისათვის, რომ ეს პრობლემა მინიმუმადე იყოს დაყვანილი, ლაქი შეიცავს დანამატებს, როგორიცაა: ბენზოფენონ-1. ეს დანამატები შთანთქამენ უი დასხივებას და ფერად პიგმენტებს გაუფერულებისგან იცავენ.

 

დიახ, ერთი შეხედვით მარტივი პროდუქტი, როგორიც ფრჩხილის საცხია, საკმაოდ დიდ ქიმიზმს მოიცავს. თითოეული კომპონენტი გადამწყვეტია იმისათვის, რომ საბოლოო პროდუქტი ეფექტური იყოს.

 

ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:



თარგმანი: ლაშა ხუციშვილი




 

 

 

s