ცრემლმდენი გაზი: ქიმია, გაფანტვის მეთოდები და ეფექტები
ცრემლმდენი გაზი სინამდვილეში აირი არაა. ყოველ შემთხვევაში, მისი აქტიური კომპონენტი მაინც. საზოგადოდ, ცრემლმდენ აირს წარმოადგენს ნაერთი, რომელსაც 2-ქლორბენზალმალონიტილი, ან მოკლედ „სი-ეს“ (CS) აირი, ჰქვია. ოთახის ტემპერატურაზე ეს ნივთიერება მყარია. როგორც წესი, მას მიკროსკოპული ნაწილაკების სახით ფანტავენ ან ხსნიან გამხსნელში და სპრეის სახით იყენებენ.
უფრო ხშირად ცრემლმდენი აირი იფანტება ცეცხლწაკიდებული კანისტრების საშუალებით. ამ კანისტრებში მოთავსებულია საფანტი ნარევი, რომლიც შეიცავს ნახშირს საწვავად და კალიუმის ნიტრატს - მჟანგავს. მჟანგავი ეხმარება, რომ უფრო სწრაფად დაიწვას ნახშირი და, შესაბამისად, უფრო სწრაფად გაიფანტოს აქტიური კომპონენტი.
მბოლავი ნარევი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტ „სი-ესს“, საქაროზას (შაქარს) საწვავად, ხოლო კალიუმის ქლორატი მჟანგავის როლშია, რათა რეაქცია გაძლიერდეს. კალიუმის ქლორატი კალიუმის ქლორიდად გარდაიქმნება რეაქციის დროს და წარმოქმნილ კვამლთან ერთად იფანტება. ეს კვამლი, რა თქმა უნდა, CS-საც ფანტავს მიკროსკოპული ნაწილაკების სახით.
„სი-ესი“ სპრეის სახითაც შეიძლება იყოს გამოყენებული. ამისათვის იგი იხსნება გამხსნელში, როგორიცაა მეთილიზობუტილკეტონი (ანუ 4-მეთილბუტან-2-ონი). მისი წყალში გახსნა ვერ მოხერხდება, რადგან წყალი აჰიდროლიზებს (შლის) ამ ნაერთს სხვა ნივთიერებებად.
ცრემლმდენი აირი TRPA1 რეცეპტორებს უკავშირდება, იმავე რეცეპტორებზე მოქმედებენ, რომლებზეც მდოგვში, ვასაბასა და პირშუშხაში არსებული ზეთები მოქმედებენ, რათა ძლიერი გემო-სუნის შეგრძნება წარმოქმნას. იგი აღიზიანებს ლორწოვან გარსს, მათ შორის, თვალებს, ცხვირს, პირს, კანსა და რესპირატორულ გზებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ანთება და სუნთქვის გართულება. ეს ეფექტები, როგორც წესი, 15-30 წთ გრძელდება ხოლმე.
ჩვეულებისამებრ ცრემლმდენ გაზს ხანგრძლივი ეფექტები არ აქვს ხოლმე, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც რესპირატორული სისტემის გართულება სჭირთ (მაგალითად, ასთმა), მათთვის „სი-ესი“ უფრო მეტად იქნება ზიანის მომტანი. არსებობს კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც, „სი-ესის“ ჩასუნთქვა რესპირატორული დაავადებების წარმოქმნას იწვევს. პანდემიის პირობებში მისმა გამოყენებამ გართულებულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი. დამატებით, CS-ის დახურულ სივრცეში გაშვება გაცილებით საშიშია, ვიდრე ღია სივრცეში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს „სახლის პირობებში შემუშავებული“ რჩევები, „სი-ესის“ ანტიდოტი არ არსებობს. ამიტომ, ამ ნივთიერების სოდიანი წყლით ან რძით მოშორება წყლით დამუშავებაზე უკეთესი შეიძლება არ იყოს.
იმ შემთხვევაში თუ ცრემლმდენი აირის კვამლში მოყევით, აუცილებელია, რომ ამ არეალიდან რაც შეიძლება სწრაფად გახვიდეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. თუ იქნება ამის საშუალება, გაიხადეთ ტანსაცმელი. თუ კონტაქტურ ლინზებს ხმარობთ, რაც შეიძლება სწრაფად მოიხსენით, რადგან მათმა არმოხსნამ შეიძლება თვალის დაზიანება გამოიწვიოს ამ პირობებში.
რადგანაც აირის ნაწილაკები კანზე ეკრობიან, კარგი იქნება, ზედაპირულად მაინც თუ გაწმენდთ. ამის შემდეგ თვალები და კანი წყლის ნაკადს არ უნდა მოაცილოთ 10-20 წთ-ის განმავლობაში. რეკომენდირებულია თვალის სალინით (ფიზიოლოგიური ხსნარით) დამუშავება.
ბიბილიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:
- CS Gas (2-chlorobenzylidene malononitrole) – Public Health England;
- CS tear gas in Hong Kong and elsewhere: Assessing the hazards – Dan Kaszeta, Belingcat;
- Material data safety sheet: Model 8230 Tactical CS Smoke Grenade;
- Is CS gas dangerous? – F T Fraunfelder;
- Tear gas: an epidemiological and mechanistic reassessment – C Rothenburg and others;
- Corrosive effects of tear gas could intensify pandemic – Mike Baker, New York Times;
- Riot control agents: the tear gases CN, CS and OC—a medical review – L Schep and others.
თარგმანი: ლაშა ხუციშვილი