ნობელიანტები ქიმიაში
ვენკატრამან რამაკრიშნანი (Venkatraman Ramakrishnan )
დაბადება: 1952-04-05 (ჩიდამბარამი, ინდოეთი)
გარდაცვალება:
ალმა–მატერი: MRC მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია. კემბრიჯი, გაერთიანებული სამეფო
პრემია:2009
"რიბოსომების სტრუქტურისა და ფუნქციის შესწავლისათვის"
ორგანიზმის საციცოცხლო ფუნქციებს მართავენ უჯრედთა რიბოსომებში წარმოქმნილი დიდი ზომისა და რთული შედგენილობის მქონე ცილების მოლეკულები. იქ, „ინფორმაციული რნმ“–დან მიღებული გენეტიკური ინფორმაცია ამინომჟავების ჯაჭვებად „ითარგმნება“, საიდანაც შემდეგ ცილები ყალიბდება.
რენტგენული კრისტალოგრაფიის სახელით ცნობილი მეთოდის გამოყენებით, ვენკატრამანმა და სხვა მკვლევარებმა 2000 წელს შეძლეს ასობით ათასი ატომისაგან შემდგარი რიბოსომის სტრუქტურის ასახვა. სხვა საკითხებთან ერთად, ეს კვლევები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ანტიბიოტიკების წარმოებაში.
2009 წელს ვენკატრამან რამაკრიშნანს ადა იონათთან და თომას სტეიცთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ბიოგრაფია
ვენკატრამან რამაკრიშნანი დაიბადა ჩიდამბარამში (ინდოეთი). 1971 წელს ბაროდას უნივერსიტეტის (ინდოეთი) დასრულების შემდეგ მან ფიზიკაში ბაკალავრის დიპლომი მიიღო, 1976 წელს კი ოჰაიოს უნივერსიტეტში (აშშ) ფიზიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
1976-78 წლებში მან ასპირანტურა გაიარა კალიფორნიის უნივერსიტეტში ბიოლოგიის მიმართულებით.
1983-1995 წლებში რამაკრიშნანი იყო ნიუ იორკის ბრუკავენის ეროვნული ლაბორატორიის ბიოფიზიკოსი.
2004 წელს ვენკატრამანი აშშ-ს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად, 2008 წელს კი ინდოეთის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს.
სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ