ბატონი დევი უგრეხელიძე იყო ენციკლოპედიური ცოდნის ქიმიკოსი და არა მარტო ქიმიკოსი, იგი ღრმა განათლების, იცოდა ბევრი და იცოდა საფუძვლიანად. პირად ცხოვრებაში ზნეობით აღსავსე, თავმდაბალი და უზადო იუმორის მქონე ადამიანი.
1965 წელს ბატონი სერგი დურმიშიძის მიწვევით სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ქსენობიოქიმიის ლაბორატორიას. მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში ამ ლაბორატორიის მიერ მრავალ ბალახოვან, ბუჩქოვან და ხემცენარეებში შესწავლილი იქნა ქსენობიოტიკთა ფართო სპექტრის (პარაფინების, ოლეფინების, არომატული, პოლიციკლური, ალდეჰიდებისა და კეტონების, სპირტების და სხვ.) წარმომადგენელთა შეთვისება-გარდაქმნის შესაძლებლობები, კერძოდ მცენარის დეტოქსიკაციური პოტენციალი.
ბატონი დევის მიერ არაერთი ქიმიკოსია გაზრდილი და გზაზე დაყენებული...
მე, პირადად, ბატონი დევისგან დიდი სითბო და ყურადღება მახსოვს. იგი მამაჩემის ახლო მეგობარი იყო, ხშირად მოდიოდა ჩვენთან კლასიკური მუსიკის (იტალიური ოპერების) მოსასმენად. მამაჩემი იტალიური ოპერების ცნობილი კოლექციონერი იყო.
საქართველოში ფართო საზოგადოება მეცნიერებს ნაკლებად იცნობს , მით უფრო, თუ ისინი "ჩუმად" მოღვაწეობდნენ. ერთ-ერთი ასეთი სწორედ დევი უგრეხელიძე იყო, რომლის ღვაწლი ფასდაუდებელია მეცნიერების განვითარებაში.
