მემატიანე
იოსებ (ბიჭი) ჩიკვაიძე
ბატონი იოსების მსგავსი ადამიანები განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ ჩემს მახსოვრობაში, ის არ იყო უბრალოდ ქიმიკოსი, ან საყვარელი ლექტორი, ის ბევრად დიდი პიროვნება იყო და იმის ბოლომდე გააზრებას, თუ რამხელა პიროვნება დავკარგეთ, ვფიქრობ, კიდევ დიდ ხანს ვერ შევძლებთ... რაც ბატონ იოსებს გამოარჩევდა და განსაკუთრებულს ხდიდა სტუდენტების თვალში იყო მისი უბრალოება და პროფესიონალიზმი! ძნელია დაივიწყო მისი თბილი ღიმილი და ინტერესით აღვსილი თვალები, მისი საუბარი და ხუმრობები... მასთან საუბრისას, მიმართვაში, ყოველთვის ,,ბატონი იოსები" იყო, ხოლო, როდესაც სტუდენტები ერთმანეთში ვსაუბრობდით - ,,ჩვენი იო", ასე მოვიხსენიებდით, ჩვენს თბილ, მზრუნველ ადამიანს, რომელმაც უნივერსიტეტის კედლებში ცოდნასთან ერთად ჩვენი პროფესიის სიყვარულს გვაზიარა, ის იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდ ბედნიერებას ქიმია და ადამიანებთან ურთიერთობა ანიჭებდა. რახ უფრო გადის დღეები, მით უფრო ვიაზრებ, რომ ვეღარ ვნახავთ 156-ე ოთახში ჩვენს იოს, რომელიც ყოველთვის მომართული იყო ჩვენს დახმარებასა და წინსვლაზე, მართალი ყოფილა, ღმერთს საუკეთესოები მიჰყავსო... იმ ლამაზ ტირეს გაუმარჯოს, თქვენს ღირსეულად გავლილ ცხოვრებას რომ აღბეჭდავს ქვაზე დაბადებიდან გარდაცვალებამდე, ცხონდეს თქვენი უკვდავი სული, ყველას მოგვენატრებით!




