მემატიანე

ომარ მუკბანიანი

ომარ მუკბანიანი გარდაიცვალაო, როგორც მეხი მოწმენდილ  ცაზე, ისე გაისმა ეს შემზარავი ხმა. ნუგეში იმისა, რომ, როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევაში, უკეთეს სამყაროში გადაინაცვლაო. ხან მჯერა და ხან არა, უკეთესი სამყაროს არსებობის შესახებ. როგორ მინდა მჯეროდეს, რომ ეს მართლაც ასეა. აბა, როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ომარი შეიძლება გაქრეს უკვალოდ  თავისი დიდი ჩანაფიქრით და თავისი დიდი, ეროვნული საქმეებით. დიახ, ერის კაცი იყო ომარი და ეროვნულ იდეებს იყო შეჭიდებული. წარმატებითაც ახორციელებდა მათ. რაოდენ დიდი შრომა და შემართებაა საჭირო ყოველ ორ წელიწადში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გასამართავად. ეს კონფერენცია ტრადიციად იქცა. შეძლებენ კი ამ დიდებული ტრადიციის გაგრძელებას ომარის აღზრდილები?  იმედი მაქვს, რომ  ნიჭიერი და ენერგიული ხალხია ომარის აღზრდილები და ამას წარმატებით გაართმევენ თავს.

მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის  ბედი ყოველთვის წყალობდა  ხელმძღვანელების მხრივ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასე არასდროს გამართლებია. დიახ, ძალიან  გაუმართლა, როდესაც ხელმძღვანელობის  ცვლილების ჟამს  იქ აღმოჩნდა ბატონი ომარი. აქედან დაიწყო სწორედ ამ კათედრის  უმაგალითო  შემოქმედებითი აღმავლობა. უნდა ითქვას, რომ ამდენი წარმატება  კათედრას არასოდეს ჰქონია. მათი ჩამოთვლაც კი ძნელია. და ყველაფერი ეს მოპოვებული იყო პირადად ბატონი ომარის დაუღალავი, ტიტანური შრომის შედეგად თავის ნიჭიერ თანამშრომლებთან ერთად: უამრავი, ასობით სამეცნიერო ნაშრომი, უმეტესად საზღვარგარეთ გამოქვეყნებული, ძირითადად კი ამერიკაში. პატენტები, გრანტები ეროვნული და საერთაშორისო, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები, აღზრდილი მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრები – დოქტორები, მრავალი სახის საზოგადოებრივი დატვირთვა, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდი აკადემიური საბჭოს წევრობა და ა.შ. სხვა მრავალი.

დავღალეთ ბატონი ომარი. არ შეიძლება ერთ ადამიანს დააკისრო ამდენი ვალდებულება. მას  არ შეეძლო საქმის მიფუჩეჩება. იგი ყველაფერს აკეთებდა ხარისხიანად, სხვაგვარად არ შეეძლო. სწორედ მის ამ თვისებას აფასებდნენ მისი საზღვარგარეთელი კოლეგები. მე იგი ყოველთვის მიმაჩნდა რკინის ნებისყოფისა და რკინის ჯანმრთელობის მქონე ადამიანად.  მაგრამ მაინც ყოველთვის ერთსა და იმავეს ვუმეორებდი: ომარ, შენ სჭირდები შენს ოჯახს, შენს  კოლეგებს, შენს მეგობრებს, შენს ქვეყანას.  გაუფრთხილდი შენს ჯანმრთელობას,  „ცოტათი დაუკელი გაზს“ – მეთქი. მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო, არ სცნობდა ნახევრად გაკეთებულ  საქმეს, ყოველთვის  მთლიანად  იხარჯებოდა. ადამიანი არ ყოფილა რკინა და ფოლადი და აი, უმტყუნა კიდეც ბედმა და დაგვიტოვა გაუნელებელი სევდა და ნაღველი.

ბატონო ომარ, არ მემეტები ქართული მიწისთვისაც კი. შენთვის ჯერ ადრე იყო იმ უკეთეს სამყაროში გადასვლა. შენ ჯერ აქ იყავი საჭირო. მე ხომ ვიცი რამდენი ოცნების განხორციელება ვერ მოასწარი. და სწორედ ამიტომ,  მინდა შევძახო მის მრავალრიცხოვან მოწაფეებს, კოლეგებს ერთი  პოეტივით: ეი, თქვენ, ვინ ხართ მანდ მომავლიდან, აიტაცეთ ხელში ესტაფეტა და ღირსეულად განაგრძეთ, გაუყევით ომარის მიერ გაკვალულ გზას. მე  მჯერა თქვენი!  

ავტორი: გივი პაპავა
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი