ბატონი გოგი ახალი გადმოსული იყო გეპეიში, იმ წელს ახალი ორგანული ქიმიის ლაბორატორიაც მიიღეს. პოლონური, ამწოვებით, ყველაფრით იყო აღჭურვილი- ხელსაწყოებით დაწყებული ქიმიური ჭურჭლით დამთავრებული. რეაქტივები თუ საჭირო იყო რუსეთიდან, ბაქოდან, ერევნიდანაც ჩამოგვქონდა. მოკლედ, მჩქეფარე სამეცნიერო მოღვაწეობა დაწყებული ჰქონდა ბატონ გოგის და ჩვენც, მისი რჩეულებიც თავს არ ვზოგავდით. ბატონი გოგის რჩეულებს შორის რჩეული გია ვარდოსანიძე იყო. კვლევის შედეგები დაცვისთვის თითქმის მზად იყო, ყველა და ყველაფერი მობილიზებული იყო. გია უნდა ყოფილიყო მისი პირველი დისერტანტი. ამ დროს გიამ გადაწყვიტა მოეხდინა ცვლილებები თავის ცხოვრებაში და ჩუმად, გაუხმაურებლად გაიარა მენეჯერის კურსები (მაშინ, 80-იანებში ეს ძალიან იშვიათობა იყო) და იტალიაშიც წავიდა. მოკლედ, მიატოვა დისერტაციაც და ქიმიკოსობაც. ეს ღალატი ბატონმა გოგიმ გვიან გაიგო. გია მოკვდა - განაცხადა მან. ანუ რადგანაც გიაში ქიმიკოსი მოკვდა, ე.ი. ის მოკვდა. აი ასე განაცხადა.

საინტერესოა რას იტყოდა, რომ გაეგო ინსტიტუტის დირექტორი რომ ვარ, უფრო მეურნე, ვიდრე მეცნიერი. ნინო მოკვდა-იტყოდა ალბათ.