სერგო ადამია დაიბადა თბილისში 1932 წელს. 1948 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა 1-ლი სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1953 წელს. მან მუშაობა დაიწყო საქართველოს ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში. აქ მან ცოტა ხანი დაჰყო და შემდეგ ისევ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაბრუნდა, მუშაობა დაიწყო ორგანული ქიმიის კათედრაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთან პროფესორ ილია გვერდწითელთან. 1968 წელს სერგო ადამიამ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1970 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.
ბატონი სერგო ადამია დაჯილდოვებული იყო პედაგოგიური ნიჭით. ის წლების განმავლობაში კითხულობდა ორგანული ქიმიის კურსს ბიოლოგიურ ფაკულტეტზე. გამოცემული აქვს სახელმძღვანელოები, რომელთაგან აღსანიშნავია "ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია" (ქ-ნ დალი წაქაძესთან და ქ-ნ როზა კუბლაშვილთან ერთად), "ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის ენციკლოპედია" (ბ-ნ შოთა სამსონიასთან და ქ-ნ ნანა რთველიაშვილთან ერთად), იყო ქ-ნ მანანა ვარდიაშვილთან ერთად, სკოლის სახელმძღვანელოების ავტორი.
მისი პედაგოგიური მოღვაწეობის გვირგვინს წარმოადგენს წიგნი "ქიმია გაღრმავებული კურსი", რომელიც აბიტურიენტებისათვის და პედაგოგებისათვის არის განკუთვნილი, ძალიან აქტუალურია და აგერ უკვე V გამოცემა გამოდის.
ბატონი სერგო ადამია უყო იტალიური საოპერო მუსიკის ცნობილი კოლექციონერი. მის კოლექციაში შედიოდა უნიკალური საოპერო ნაწარმოებები მარია კალასის, ალფრედო დი სტეფანოს და მრავალი კორიფეების შესრულებით.
სერგო ადამია გარდაიცვალა 2009 წელს.
