გურამ სუპატაშვილი, წლების მანძილზე, უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქიმიის ფაკულტეტის დეკანი და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე იყო. მისი ხელმძღვანელობით კათედრამ განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია. დაიხვეწა მისი სტრუქტურა, გაფართოვდა და უფრო აქტუალური გახდა კათედრის სამეცნიერო თემატიკა, შემუშავდა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, აღიზარდა ახალგაზრდა ნიჭიერ, ენერგიულ ანალიტიკოსთა მთელი პლეადა; გამოიცა საინტერესო სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები; შემოღებულ იქნა ახალი, თანამედროვე სასწავლო კურსები; ამაღლდა სტუდენტთა სწავლების დონე.
დარგის პრობლემებისადმი შემოქმედებითი მიდგომები, ხედვები და გადაჭრის გზები, ცინცხალი გონება, წიგნიერება, ღრმა აზროვნება, გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭი და უნარი, პრინციპულობა და ობიექტურობა, პატიოსნება, მომთხოვნელობა როგორც საკუთარი თავისადმი, ისე თანამშრომლებისა და სტუდენტებისადმი, უშურობა, სხვისი ნიჭის და ცოდნის დაფასება, მისთვის გაკეთებული სიკეთის დანახვის უნარი, მაღალი კულტურა და ზრდილობა, ზურგსუკან პიროვნების დაცვა და გაჭირვების დროს გვერდში დგომა – ეს ის თვისებებია, რითაც პროფესორი გურამ სუპატაშვილი ხასიათდებოდა!
