შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
მაინტერესებს დაახლოებით რამდენ გრადუსზე იწვის მეთანი და აქვს თუ არა მნიშვნელობა აირში შემავალ მინარევებს?სანდრო მესტვირიშვილი
პასუხი:.
ნივთიერების წვისას გამოიყოფა ენერგია, ძირითადად სითბოს სახით. გამოყოფილი ენერგია დამოკიდებულია თუ რა ნივთიერება იწვის და რა პირობებში იწვის. ნაერთი, რომელიც იწვის, რაც უფრო დიდი რაოდენობით მოიცავს ნახშირბად ატომებს და ჯერად ბმებს, მით უფრო დიდი რაოდენობით იძლევა სითბოს.
წვა არის ჩვეულებრივი ქიმიური რეაქცია, რომელშიც დასაწვავი ნაერთი რეაქციაში შედის ჟანგბადთან. ამდენად მნიშვნელოვანია თვით ჟანგბადის რაოდენობაც. შესაბამისად, ჰაერზე (რომელშიც ჟანგბადი მხოლოდ 20%-ია) და სუფთა ჟანგბადის არეში (სპეციალური ბალონებიდან მიწოდებისას) წვისას სცვადასხვა ტემპერატურას ანვითარებს ესა თუ ის ნაერთი. როგორც წესი, უკანასკნელ შემთხვევაში უფრო მაღალი ტემპერატურა გამოიყოფა.
გარდა ამისა, დიდ მნიშვბელობა აქვს წვა მიმდინარეობს მუდმივი მოცულობის თუ მუდმივი წნევის პირობებში.
მუდმივი მოცულობის ადიაბატური ალის ტემპერატურა არის ტემპერატურა, რომელიც მიიღება ნივთიერების სრული წვისას რაიმე მუშაობის, სითბოგადაცემის ან კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ცვალებადობის გარეშე.
მუდმივი წნევის ადიაბატური ალის ტემპერატურა არის ტემპერატურა, რომელიც მიიღება ნივთიერების სრული წვისას სითბოგადაცემის ან კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ცვალებადობის გარეშე. მისი მნიშვნელობა შედარებით ნაკლებია პირველ შემთხვევასთან შედარებით, რადგან ამ დროს ენერგიის დანაკარგი ხმარდება მუშაობის შესტულებას (მოცულობის გაფართოვებას).
მეთანის ჰაერზე წვის დროს ალის ტემპერატურა არის 1950 °C.
მინარევებმა მეთანის წვის ტემპერატურა შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს. მაგალითად, ბუნებრივი აირის, რომელშიც ძირითადი რაოდენობა არის მეთანი, ხოლო მინარების სახით შეიცავს ეთანს, წვის ტემპერატურა აქვს 1960 °C. ხოლო თუ მეთანს შევურევთ ისეთ მინარევებს, რომლებიც მოცემულ პირობებში არ დაიწვებიან, მაშინ მეთანის წვის დროს გამოყოფილი სითბოს გარკვეული რაოდენობა მოხმარდება მის გათბობობასა და გაფართოვებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს გამოყოფილი სითბოს შემცირებას.
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი