შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
როგორ მიიღება ნატრიუმის სულფატი?სტუდენტი: ნათია კაჭარავა
პასუხი:.
ნატრიუმის სულფატის მიღების მეთოდიკა
ანალიზისათვის სუფთა ნატრიუმის სულფატის მიღება შეიძლება ნატრიუმის კარბონატის გოგირდმჟავასთან ურთიერთქმედებით:
Na2CO3 + H2SO4 → Na2 SO4 + CO2 + H2O
ქიმიურ ცეცხლგამძლე ჭიქაში ათავსებენ ქიმიურად სუფთა მშრალ ნატრიუმის კარბონატს (Na2CO3) და მცირე ულუფებით უმატებენ 20%-იან გოგირდმჟავას (ანალიზისათვის სუფთა) ხსნარს CO2 -ის გამოყოფის შეწყვეტამდე. ამავე დროს ხსნარი იღებს სუსტ ტუტე რეაქციას.
შემდეგ ხსნარს აცხელებენ ადუღებამდე, ფილტრავენ; ფილტრატს აორთქლებენ კრისტალიზაციის დაწყებამდე.
ხსნარის გაცივების შემდეგ გამოიყოფა Na2 SO4 .10 H2O-ის კრისტალები.
უწყლო პრეპარატის (Na2 SO4) მისაღებად მიღებულ ჰიდრატს აცხელებენ ფაიფურის ჯამზე 100°C-ზე,ვიდრე არ წარმოიქმნება თეთრი, ფაშარი ფხვნილი, რომელიც წარმოადგენს Na2 SO4 –ს.
პასუხი მოამზადა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა ქრისტინე გიორგაძემ.
ლიტერატურა: Ю.В.Карякин, И.И.Ангелов. Чистые химические вещества. Изд.четвертое, М.,Изд. «Химия», 1974, с.275.