შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

თუ შეიძლება მითხარით როგორ შეიძლება მივიღო ალუმინის ჰიდროქსიდი-Al(OH)3?
სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.

ალუმინის ჰიდროქსიდი Al(OH)3 თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, სიმკვრივე-2,423გ/სმ3 . წყალში ძირითადად უხსნადია (20 °C -ზე ნაჯერ ხსნარში Al(OH)3 -ს შემცველობა შეადგენს 1.5х10+4 %-ს). მისი მიღება, როგორც წესი მიმდინარეობს არაპირდაპირი გზით- ალუმინის მარილებზე ტუტის მოქმედებით: Al3+ +3OH+ = Al(OH)3. აგრეთვე, ალუმინის ჰიდროქსიდი შეიძლება მიღებულ იქნას მეტალურ ალუმინზე ტუტის მოქმედებით:

2Al + 2NaOH +6H2O = 2Na[Al(OH)4] +3H2

Na[Al(OH)4] +HNO3 = Al(OH)3 + NaNO3 +H2O

2 ლ მოცულობის ფაიფურის ჭიქაში ამზადებენ 65გ NaOH -ისა და 500 მლ წყლის ხსნარს, რომელსაც მცირე ულუფებით უმატებენ 50 გ მეტალური ალუმინის ნაქლიბს. დამატებისას ხსნარი ძლიერ ცხელდება და იწყებს ინტენსიურ დუღილს წყალბადის გამოყოფის ხარჯზე.

(აუცილებელია პრაქტიკულად პროცესი ტარდებოდეს გამწოვი სისტემის ქვეშ, დამცავი სათვალეებით და ცეცხლის კერიდან მოშორებით).

რეაქციის დამთავრების შემდეგ ნარევს გაფილტრავენ და ფილტრატს წყლით 2ლ-მდე განაზავებენ. მიღებულ ხსნარს მორევის პირობებში თანდათანობით უმატებენ HNO3-ს (სიმკ. 1.18-1.19) ნეიტრალურ რეაქციამდე. მჟავას ხარჯი დაახლოებით 275 მლ-ს შეადგენს. გამოყოფილ Al(OH)3 ნალექს გაფილტრავენ ბიუხნერის ძაბრზე და 8-10-ჯერ ჩარეცხავენ ცხელი გამოხდილი წყლით. პრეპარატი მიიღება პასტის სახით, თუ საჭიროა მისი მშრალი სახით მიღება, მაშინ პასტას აშრობენ არაუმეტეს 110°C -ზე.

შეკითხვას პასუხობს ასოც. პროფ. ზურაბ გელიაშვილი