ეს საინტერესოა
ყავა - ენერგიის წყარო ავტომობილებისთვისაც
ბიოდიზელი არის ბიოლიპიდების ესტერიფიკაციის გზით მიღებული მეთილის ესტერი, მაგრამ ყველასთვის გასაგები ენით რომ ვთქვათ, ბიოდიზელი არის მცენარეული ზეთისგან მიღებული ნივთიერება, რომლის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები ნავთობიდან მიღებული დიზელის საწვავის ანალოგიურია და მისი გამოყენება საწვავად შეიძლება ყველა იმ დანადგარში, რაც დიზელის საწვავს მოიხმარს, მათ შორის, ავტომობილების დიზელის ტიპის შიდაწვის ძრავებში, და ამასთან ძრავას არავითარი მოდიფიკაცია არ დასჭირდება.
ბიოდიზელი, დღეს უკვე მსოფლიო ენერგეტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ახალი კვლევის თანახმად, რომელიც განახორციელეს ლისაბონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ბიოდიზელის წარმოება შესაძლებელი გახდა გამოყენებული ყავის მარცვლებისაგან. ამავდროულად, აღნიშნულმა მკვლევარებმა ბიოდიზელის მიღების ორსაფეხურიანი პროცესი ერთ საფეხურამდე დაიყვანეს.
გამოყენებული ყავის მარცვლები, დიდი რაოდენობით ლიპიდებს შეიცავს, რომელთა უმრავლესობა ტრიგლიცერიდებია. მათი მოპოვება და გარდაქმნა კი შეიძლება ცხიმოვანი მჟავის მეთილის ესტერებში, ტრანსესტერიფიკაციის გზით, რომელიც ასევე ბიოდიზელს წარმოქმნის. პედრო სიმესმა, ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორმა და მისმა კოლეგებმა მიიღეს ესტერი 93%-იანი გამოსავლიანობით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ მიღების პროცესი ერთ საფეხურად ჩაატარეს.
ამჟამინდელი კომერციული ბიოიდიზელის წარმოებისთვის საჭიროა ტუტე კატალიზატორი, რათა მივიღოთ გლიცერინისა და მეთილის ესტერის ნარევი. თუმცა, რამდენიმე გამწმენდი პროცესი აუცილებელია, რათა ხსნარიდან მოვაშოროთ კატალიზატორი. ბოლო დროინდელი აღმოჩენის თანახმად, ჩვეულებრივი მეთანოლის მაგივრად გამოიყენება სუპერკრიტიკული მეთანოლი, რომელსაც არ სჭირდება კატალიზატორი და შესაბამისად გამწმენდ სამუშაოებსაც არ საჭიროებს. ამავდროულად, მცენარეული ზეთები უკეთესად იხსნებიან სუპერკტიტიკულ მეთანოლში და აქვთ უფრო დიდი გამოსავლიანობა. თუმცა, მეთოდს სჭირდება ძვირი აღჭურვილობა, მაღალი ტემპერატურა და წნევა.
სიმესის გუნდმა, ბიოდიზელი ზემოდხსენებული მეთოდით მიიღო, თუმცა ნაკლები დანახარჯით. მათი აღმოჩენის თანახმად, ნახშირორჟანგის დამატებით არამხოლოდ გამოსავლიანობა იზრდება, არამედ მეთოდის განხორციელება შეიძლება ნაკლები ტემპერატურით და წნევით.
წყარო:Anna Warson. ChemistryWorld.com
გამოქვეყნებულია: 01-07-2020