სტუმრები

ჩვენი სტუმარია ქიმიის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი ილია დოკაძე



 

 


ცნობისმოყვარეობიდან ოლიმპიადის პრიზიორობამდე

-  ილია, მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. ვფიქრობთ, თანატოლებისთვის საინტერესო იქნება რამდენიმე კითხვაზე თქვენი პასუხი და დამოკიდებულება. დავიწყოთ იმით, რომ ქიმიით ბევრი ახალგაზრდა არ არის დაინტერესებული და საინტერესოა თქვენ როდის და რატომ დაინტერესდით?

ბავშვობიდან ცნობისმოყვარე ვიყავი, როგორც ალბათ ყველა ბავშვი. მაინტერესებდა გარშემო ყველაფერი, მთელი სამყარო და მასში მიმდინარე პროცესები. ამასთან დაკავშირებით მქონდა ბევრი კითხვა. ვეცნობოდი საბავშვო ენციკლოპედიებს, ვუყურებდი საინტერესო ექსპერიმენტებს. ჩემი დაინტერესება ქიმიის საგნით მე-8 კლასიდან დაიწყო, როდესაც ჩემს საუკეთესო მასწავლებელს, თიკა ბუთხუზს შევხვდი.

მან შეამჩნია ჩემი ინტერესი ქიმიის მიმართ და მისი შემოთავაზებით საოლიმპიადო წრეში გავერთიანდი. ვამუშავებდით საკითხებს, რომლებიც კვლევასა და აღმოჩენას მოითხოვდა, ეს კი ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემი გახდა. ამ წრეში ვისწავლე, თუ რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება, ვისწავლე სად იყო ჩემი ძლიერი და სუსტი მხარე. ეს ყველაფერი მიმითითებდა იქით, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყავი. თიკა მასწავლებელმა საშუალება მომცა ჩემი პოტენციალის რეალიზება მომეხდინა.

მეორე მოვლენა რომელმაც კიდევ უფრო გაზარდა ისედაც მაღალი ინტერესი ქიმიის მიმართ იყო, ბ-ნი ელიზბარ ელიზბარაშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილები, ის ხსნიდა ძალიან საინტერესოდ და გასაგებად, უამრავი წარმოუდგენელი ანალოგიებით, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა ქიმია.

 

 

-  საერთაშორისო ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება არ არის მარტივი. რა გზა გაიარეთ სკოლის მერხიდან ბრინჯაოს მედალოსნობამდე?

როგორც აღვნიშნე, ყველაფერი მე-8 კლასიდან დაიწყო საოლიმპიადო წრით, სადაც როგორც თეორიულ ნაწილში, ისე ამოცანებზე ვმეცადინეობდი. მე-9 კლასში მონაწილეობა მივიღე ,,ზურგჩანთის“ ოლიმპიადაზე, სადაც პირველი ადგილი დავიკავე და ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს იყო ჩემთვის უზარმაზარი მოტივაცია. მაგრამ ვიცოდი, რომ ამით არ მთავრდებოდა ჩემი მიღწევა და წინ დიდი გზა მქონდა გასავლელი.

არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო თიკა მასწავლებელს ჩემს წინსვლაში. მეცადინეობის პროცესში თუ რამე კითხვა გამიჩნდებოდა, მაშინვე თიკა მასწავლებელს ვეკითხებოდი და ისიც მყისიერად სრულყოფილად მცემდა პასუხებს. მე- 10 კლასში თიკა მასწავლებლის რეკომენდაციით დავრეგისტრირდი ქიმიის ონლაინ სკოლაში "ზურგჩანთა" და რეგულარულად ვესწრებოდი ლექციებს ფიზიკურ, ანალიზურ და ორგანულ ქიმიაში. ამ მომენტში მივხვდი, რომ არც თუ ისე იოლი იყო გზა, რომელიც ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა. ბევრი სწავლა, შრომა იყო ამისათვის საჭირო, რომ მიზნისათვის მიმეღწია. მე- 10 კლასში ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლის შემდეგ შემომთავაზეს რომ მევლო ორგანული ქიმიის გაღრმავებულ საოლიმპიადო გაკვეთილებზე, რომელსაც ბ-ნი ელიზბარ ელიზბარაშვილი ატარებდა ონლაინ სკოლა ზურგჩანთაში. თავდაუზოგავად ვემზადებოდი ეროვნული ნაკრების შესარჩევი ტურისათვის. ამ ყველაფერში მეხმარებოდნენ 2023 წლის ნაკრების წევრები ქეთი პერანიძე და ნიკოლას მეტრეველი თავიანთი ცოდნით და საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. 2023 წელს გავხდი ქიმიის საერთაშორისო ნაკრების წევრი, რაც დიდი პასუხისმგებლობას და ცოდნას მოითხოვდა ჩემგან. ამ ოლიმპიადამ მომცა ძალიან დიდი გამოცდილება და გავითვითცნობიერე, რომ მედლისათვის ბრძოლა მეტ შრომასა და მეცადინეობას მოითხოვდა. დავიწყე აქტიურად მუშაობა თეორიულ საკითხებზე, ოლიმპიადის ამოცანებზე, პრაქტიკულ სამუშაოებზე. უდიდესი მადლობა გუნდის წევრებს და მენტორებს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის. 2024 წლის ეროვნულ ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა გადავედი მესამე ტურში, ავიღე მესამე ადგილი, გავიარე 2024 წლის ქიმიის (IChO) 56 -ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის შესარჩევი პირველი და მეორე ტური და მოვხვდი ეროვნულ ნაკრებში. გავიარე წვრთნები უფრო მშვიდად, ვიდრე წინა წელს და შევძელი ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის,ბატონ ელიზბარ ელიზბარაშვილის, თინათინ ბუთხუზის, სოფიკო ფაცაციას, ვახტანგ კურცხალია და ლაშა ხუციშვილის, რომლებმაც გადამადგმევინეს ნაბიჯები ბრინჯაომდე და მეხმარებოდნენ მუდმივად გაკვეთილებით, ცოდნით, გამოცდილებითა და რჩევებით. მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიკოს ილია ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, რომლებიც მაქსიმალურად მედგნენ გვერდში და ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ ,რომ კომფორტულ და ხელსაყრელ გარემოში შემძლებოდა მეცადინეობა.

 

 

- როგორ შეაფასებდით ოლიმპიადის ორგანიზებას მონაწილის თვალით? რა მოგეწონათ, რა იყო, რამაც მოლოდინები გაგიცრუათ?

როგორც მოგეხსენებათ საუდის არაბეთის საზღვრები სხვა სახელმწიფოებისთვის რამდენიმე წელია გაიხსნა და შესაძლებლობის შესაბამისად კარგად იყო ორგანიზებული. მაქსიმალურად ცდილობდნენ ჩვენთვის საინტერესოდ გაეცნოთ თავიანთი ქვეყანა და კულტურა. დაგვათვალიერებინეს საინტერესო ადგილები, რამაც ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გვქონდა ბევრი თავისუფალი დრო და ვფიქრობ უფრო მეტი აქტივობა შეიძლებოდა დაგეგმილიყო. ჩემი ყველაზე დიდი გულისტკენა და იმედგაცრუება იყო ის, რომ დიდ მოედანზე, სადაც ყველა მონაწილე ქვეყნის დროშები იყო წარმოდგენილი, საქართველოს დროშის ნაცვლად დაგვხვდა აშშ-ს ჯორჯიის შტატის დროშა. უკმაყოფილება რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ორგანიზატორებთან, ძალიან შეწუხდნენ და აღნიშნული ხარვეზი მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აღმოფხვრეს. საბოლოოდ ვთვლი რომ არ იყო ცუდად ჩატარებული ოლიმპიადა, თავისი მცირედი ხარვეზებით და დადებითი მხარეებით.

 

 

- საუდის არაბეთის ოლიმპიადა თქვენთვის უკვე მეორე ოლიმპიადა იყო. შეგიძლიათ შეადაროთ ეს ოლიმპიადები?

 საუდის არაბეთსა და შვეიცარიაში ჩატარებული ოლიმპიადები ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. პირველ რიგში საუდის არაბეთში ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა, რომელსაც ძირითადად კამპუსში ვატარებდით, ხოლო შვეიცარიაში კი პირიქით, გადატვირთული გრაფიკი მრავალი საინტერესო აქტივობებით. ასევე შვეიცარიაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაგვაბინავეს. საუდის არაბეთში კამპუსში ვცხოვრობდით შედარებით ნაკლები საცხოვრებელი პირობებით, რაც შეეხება ოლიმპიადის თეორიულ და ექსპერიმენტულ ტურებს საუდის არაბეთში კარგად ჩაიარა უპრობლემოდ, შვეიცარიაში კი აერიათ ჩვენი ადგილები და 40-45 წუთის დაგვიანებით დაიწყო ექსპერიმენტული ტური, თუმცა ორივე ოლიმპიადა დაუვიწყარ, სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩემ მეხსიერებაში.

 

 

- სხვა ტურნირებზე თუ მიგიღიათ მონაწილეობა? ორიოდე სიტყვით რომ გვითხრათ მათზეც?

- ქიმიის ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების გარდა მონაწილეობა მივიღე ქიმიის საერთაშორისო ტურნირში (IChTo), რომელიც ჩატარდა 2023 წელს თბილისში, დავამუშავე ამოცანა ,,მეტალ-მეტალ პოლიმერებზე”.

2024 წელს მივიღე მონაწილეობა გუნდთან ერთად და გავიმარჯვეთ აგრარული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კონკურსში „ლავუაზიეს წრე“.

ვიყავი მათემატიკის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი 2023 და 2024 წლებში.

 

 

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გავაგრძელო სწავლა ქიმიის მიმართულებით, რათა გავაუმჯობესო ჩემი ცოდნა და უნარები. მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი გამოცდილება, რომელიც ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მივიღე და 2025 წელს გავაუმჯობესო მიღებული შედეგი.

 მინდა სწავლა გავაგრძელო ქიმიური ინჟინერიის ან ფარმაკოქიმიის მიმართულებით.

 

 

-  დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და დაველოდებით თქვეს მორიგ წარმატებას.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 15-08-2024