სტუმრები
ჩვენი სტუმარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის და ონლაინსკოლა ,,ზურგჩანთას“ მე-10 კლასის მოსწავლე თამარ ჯინჯარაძე.
შესაძლებელი რომ იყოს, გავესაუბრებოდი ჯონ დალტონს
- თანამედროვე „ფანტასტიკის“ ჟანრის ლიტერატურაში უხვად მოიპოვება ისეთი შინაარსი ტექსტები, რომელებიც მოგვითხრობს დროში მოგზაურობაზე. ჩვენც ცოტა ექსპერიმენტებს მივმართეთ და დღევანდელ რესპოდენტს თამარ ჯინჭარაძეს, რომელიც გახლავთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის და სკოლა “ზურგჩანთის“ მე-10 კლასის მოსწავლე, ასეთი შეკითხვა დავუსვით: შესაძლებლობა, რომ გქონდეს დროში მოგზაურობისა, რომელ დიდი ქიმიკოს შეხვდებოდა და რატომ ?
შესაძლებელი რომ იყოს გავესაუბრებოდი ჯონ დალტონს, რადგან ყოველთვის მაოცებს ის ფაქტი, რომ მას არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში არ უსწავლია, მაგრამ იყო დიდი მეცნიერი და სიმბოლო ნიჭიერების.
- მინდა ვთქვა, რომ საოცარი პასუხია, ჯონ დალტონი ნამდვილად თვითნასწავლი გენიოსი იყო, მისი თანაბრად წარმატებული მოღვაწეობა, ითვლის უამრავ ფუნდამენტურ ნაშრომს როგორც ფიზიკაში ისე ქიმიაში. აგრეთვე მან პირველმა აღწერა მხედველობის დეფექტი, რომელიც შემდეგ დალტონის - დალტონიზმის სახელით გახდა ცნობილი.
თამარ მოგვიყევით როგორ მოხდა თქვენი ქიმიით დაინტერესება?
2019 წელს ქ. ქუთაისში ჩატარდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია “ოქროს რიცხვი“ . ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა ჩემი სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბი “მანგანუმი“. მაშინ მე მე-6 კლასში ვიყავი. ბატონმა ელიზბარმა შემამჩნია და გამესაუბრა, როცა გაიგო, რომ ბუნებისმეტყველებით ვიყავი დაინტერესებული გადმომცა სერტიფიკატი ,, ყველაზე პატარა მონაწილე“ ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო. ძალიან მომეწონა მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერები. ვათვალიერებდი და ვიქრობდი როდის დადგებოდა ის დრო, როცა მეც შევძლებდი ქიმიის შესწავლას.
- ჩვენი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია „ოქროს რიცხვი“, როგორც ვხედავთ ამ კონფერენციამ ნამდვილად გამოიღო შედეგი, მან მრავალ მოსწავლეს გაუხსნა კარი მეცნიერებაში..
თამარმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იმდენად მოიხიბლა ქიმიით, მის სრულფასოვან დაუფლებაზეც კი ფიქრობს:
ჩემი მომავალი პროფესია მინდა ქიმიას დავუკავშირო. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა სწორედ იმ პირველმა შთაბეჭდილებებმა და სერტიფიკატმა რომელიც წლების წინ გადმომცეს.
- როცა რაღაცით ინტერესდები ძალაუნებურად შენს ირგვლივ იწყებ ყოველივეს შემეცნებას რაც ამ საკითხთან, შენი ინტერესის სფეროსთანაა დაკავშირებული, ჩვენი რესპოდენტი კი ქიმიას აი ასე ხედავს ყოველდღიურობაში:
ჩვენს გარშემო არ არსებობს არც ერთი სფერო, რომელშიც ქიმიის მიღწევების გამოყენება არ ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ქიმია ყველგან და ყველაფერშია. ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
- თამარ შენ ამბობ რომ ქიმია ყველგან და ყველაფერშია, რას იტყვი ზოგადად საბუნებისმეტყველო მეცნიერებით დაინტერესებულმა ადამიანმა უარი უნდა თქვას თუ არა ჰუმანიტარულ საგნებზე?
საბუნებისმეტყველო მეცნიერებით დაინტერესებულმა ადამიანმა, ვფიქრობ, უარი არ უნდა თქვას ჰუმანიტარული საგნების შესწავლაზე, პირიქით ,აუცილებელიცაა ჰუმანიტრული განათლება, მის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ჰუმანური, კეთილშობილი პიროვნების ჩამოყალიბება, რადგან ცოდნა ბოროტი ადამიანის ხელში საშიში ხდება კაცობრიობისთვის.
- თამარის ამ პასუხმა ისტორიულ წარსულში გადამისროლა და მომაგონა, გერმანელი მწერალი, პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე იოჰან ვოლფგან გოეთე. გარდა მისი ლიტერატურული ღრმა და მრავლის მომცველი შემოქმედებისა, ცოტამ თუ იცის, რომ გოეთე შესანიშნავი ბუნებისმეტყველი, მეცნიერი იყო. მან შემოიღო პირველმა ტერმინი „მორფოლოგია“ ასევე მან აღმოაჩინა ყბათაშორისი ძვალი, თვით დარვინიც კი გოეთეს მის დიდი წინამორბედად თვლიდა. ასე რომ კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგი ნამდვილად შეიძლება შეეთავსოს ერთმანეთს, ისინი ადამიანში არ იწვევენ შფოთს, არამედ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ, მეტიც ადამიანს ეხმარებიან პიროვნულ ზრდაში.
ვინაიდან სიტყვა ჰარმონიაზე, ხელოვნებაზე და კაცობრიობაზე ჩამოვარდა და თანაც ჩემი რესპოდენტი ერთობ საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, მეც გავბედე, მისთვის კიდევ ერთხელ ცოტა „ფანტასტიკური“ შეკითხვა დამესვა: რას გამოიგონებდი ისეთს, რითაც მსოფლიოს შეცვლას შეძლებდი?
ჩემს ქიმიურ ლაბორატორიაში მივიღებდი ისეთ ნივთიერებას, რომელის გამოყენების შემდეგ ადამიანები განიკურნებოდნენ ბოროტებისაგან და აღივსებოდნენ სიყვარულით, სათნოებით ,კეთილშობილებით, რაც ყველაზე ძალიან აკლია თანამედროვე ადამიანს.
დღეს გარდა ზემოთ ხსენებულისა საკმაოდ მწვავედ დგას საკითხი ახალგაზრდების ქიმიით და ზოგადად მეცნიერებით დაინტერესების მხრივ საინტერესოა, თამარ, როგორ შეიძლება დავაინტერესოთ შენი თანატოლები ქიმიით, ზოგადად მეცნიერებით?
მეცნიერებით დაინტერესდება მოსწავლე მაშინ, როცა თავად მოირგებს მეცნიერის როლს. ჩაატარებს ექსპერიმენტს, შეძლებს დაკვირვებას, აღწერას, თავად გამოიტანს დასკვნებს და გამოცდილებას გაუზიარებს სხვებს. ამ ყველაფერს სჭირდება გარემო, შესაბამისი კაბინეტ-ლაბორატორიები, რომელსაც სამწუხაროდ, მოკლებულია მოსწავლეც და მასწავლებელიც.
- სამწუხაროდ ჩვენი სკოლები ლაბორატორიული აღჭურვილობის სიმცირეს განიცდიან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომაც ვერ ხდება მოსწავლეების დაინტერესება, თუმცა მრავალი კარგი მასწავლებლის ძალისხმევითა და ენთუზიაზმით მაინც ინახავს ჩვენი თაობები ქიმიის სიყვარულის „ნაპერწკლებს“.
თამარ როგორია კარგი მასწავლებელი შენთვის?
გარდა იმისა, რომ მან სიღრმისეულად უნდა იცოდეს თავისი საგანი, მუდმივად უნდა ეცნობოდეს სიახლეებს, უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლება, იცნობდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია თამარი გახლავთ ოლნაილსკოლა „ზუგჩანთას“ მოსწავლე, აი რა ემოციებს გვიზიარებს სკოლის შესახებ:
ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას’’ შესახებ შევიტყვე სოციალური ქსელიდან. უკვე მესამე წელია ვარ ამ სკოლის მოსწავლე. ონლაინ სკოლა „ზურგჩანთამ“ საშუალება მომცა გამეღრმავებინა ცოდნა ქიმიაში, მიმეღო მონაწილეობა ქიმიის რესპუბლიკური ოლიმპიადის ასაკობრივ ჯგუფში. ოლიმპიადაში ორჯერ მივიღე მონაწილეობა, ერთხელ მივიღე ვერცხლის მედალი და მეორეჯერ ვიყავი მესამე ტურის მონაწილე, რაც დიდი სტიმულია ჩემთვის.
გარდა ამისა ხელი შეუწყო ჩემს სოციალურ განვითარებას, გავიცანი ქიმიით დაინტერესებული ჩემი თანატოლები, პედაგოგები, რომლებიც გულისხმიერებითა და დიდი ენთუზიაზმით გვასწავლიან ქიმიას, „ზურგჩანთა“ არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც გააერთიანა ქიმიის სიყვარულმა. მეც ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვარ და ვამაყობ ამით.
- თამარი იმდენადაა მოხიბლული ამ სკოლით, რომ როცა დავუსვით შეკითხვა: როგორი წარმოგიდგენია ქიმიის თანამედროვე გაკვეთილი? ასეთი პასუხი გაგვცა:
ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ქიმიის გაკვეთილები იყოს ზურგჩანთის გაკვეთილების მსგავსად დაგეგმილი, ამას დამატებული ყველაფრით აღჭურვილი ლაბორატორიები, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. რასაც მოკლებულია განსაკუთრებით სოფლის სკოლები.
-რას ისურვებდი სკოლიდან სამომავლოდ?
დიდი სურვილი მაქვს კიდევ დიდხანს გაგრძელდეს ამ სკოლის არსებობა, რადგან ბევრ მოსწავლეს მიეცეს საშუალება ისწავლოს და გაიღრმავოს ცოდნა ქიმიაში. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ზურგჩანთის მოსწავლეების მონაწილეობით ჩამოყალიბდეს სამოყვარულო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უჭირთ გაკვეთილებისა და დავალებების მომზადება ქიმიაში. მეც სიამოვნებით მოვირგებდი ამ როლს. ეს ხელს შეუწყობს ამ სკოლის პოპულარიზაციას.
- თამარ მინდა მადლობა გადაგიხადო,ამ შესანიშნავი ინტერვიუსთვის და ვისურვებდი, რომ ქართული „ქიმიის ხვალინდელ“ დღეს შეემატოს კიდევ მრავალი ენთუზიასტი პროფესორი, მასწავლებელი, სკოლა, დაწესებულება, კლუბი, მოსწავლე და ა.შ. რომლებიც ქართული „მეცნიერების“ შენებისას, ყველა ერთად უამრავ თავის აგურს დადებს. დიდი მადლობა.
ესაუბრა დავით ჟღენტი
გამოქვეყნებულია 11-02-2024