სტუმრები

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი და  კლუბ „პასტერის“ ხელმძღვანელი თამაზ ქარქუსაშვილი



 

 

მეცნიერება იწყება სკოლიდან

- მოგვიყევით თქვენი კლუბის შესახებ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მჭადიჯვრის საჯარო სკოლის კლუბი „პასტერი“ დაარსდა 2018 წლის ოქტომბერში. თავდაპირველად, გაერთიანებული იყო VIII-XII კლასის 16 მოსწავლე, კლუბში მოსწავლეები აქტიურად ახორციელებდნენ ექსპერიმენტულ სამუშაოებს, შედეგად, კლუბის წევრებმა, დიდი წარმატებით, მიიღეს  მონაწილეობა 2019 წლის მაისში გამართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა ყოველწლიურ ქიმიის კონფერენციაში  „ოქროს რიცხვი“. სამწუხაროდ, ავადსახსენებელ კორონას პერიოდში, შეფერხდა კლუბის მუშაობა. 2022 წლიდან კლუბმა, ახალი შემადგენლობით, განაახლა მუშაობა. აღსანიშნავია, რომ კლუბში გაწევრიანებული არიან ორი მეზობელი სოფლის (ლამოვანი, შუახევი) მოსწავლეები და აქტიურ მუშაობას ეწევიან.

 

- როგორ წევრიანდებიან მოსწავლეები კლუბში?

დებულების თანახმად, კლუბში გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობით, მშობელთა თანხმობის საფუძველზე. თავდაპირველად ბავშვები ეცნობიან ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების პირობებს, რომ ქიმიურ რეაქტივებთან არ შეიძლება მუშაობა ხალათის, ხელთათმანების და დამცავი სათვალეების გარეშე, ასევე, შესანიშნავად, იციან, რომ მუშაობის დროს არ შეიძლება კვების პროდუქტების გამოყენება. ქიმიის კაბინეტში მუდმივად იცავენ მუშაობის პირობებს.

 

- თქვენმა კლუბმა გასულ წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისმეცნიერება იწყება სკოლიდანკვლევები მოსწავლეთა მონაწილეობითგრანტი მოიპოვა. პირველ რიგში, გილოცავთ ამ წარმატებას.  მოგვიყევით თქვენი პროექტის შესახებ.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო რუსთაველის ფონდს და მის წარმომადგენლებს, რომ არა აღნიშნული გრანტი, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა სოფლის სკოლის ქიმიის კაბინეტის ფუნქციონირება. 2022 წლის ზაფხულში წარვადგინეთ პროექტი „დაამზადე და შეამოწმე შამპუნი“.  ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“, პროექტმა მიიღო დაფინანსება, რისთვისაც, კიდევ ერთხელ, ვუხდი მადლობას. რაც შეეხება პროექტს, თავდაპირველად, მომზადდა პრეზენტაცია შამპუნებში გამოყენებად იაფ, ხელმისაწვდომ ნედლეულზე, შემდგომში, დამზადდა შამპუნის პროტოტიპი, მოვახდინეთ შამპუნში შემავალი კომპონენტების განაწილების ოპტიმიზაცია, შედეგად, მივიღეთ 15 განსხვავებული პროცენტული შემცველობის შამპუნის ნიმუში, ამჟამად, ვართ ნიმუშების გამოცდის სტადიაზე. რაც შეეხება პროექტს, ვადა იწურება აპრილის შუა რიცხვებში. აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობისას, მოსწავლეებმა გამოავლინეს, როგორც თეორიული მზაობა, ასევე, ექსპერიმენტატორისათვის დამახასიათებელი, უნარ-ჩვევები. ბედნიერად ჩავთვლი თავს, ყველა თუ არა, ზოგიერთი მათგანი, მაინც, თუ გააგრძელებს მუშაობას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

 

- ამავე გრანტის ფარგლებში ლაბორატორიული ბაზა განაახლეთ.  მოგვიყევით განახლებული ლაბორატორიის შესახებ. რა სახის კვლევების ჩატარება იქნება შესაძლებელი ამ ლაბორატორიაში?

მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად ნულიდან განახლდა ლაბორატორიის ბაზა, არ შეიძლება არ ითქვას, რომ აღნიშნული ქიმიური ჭურჭელი და დანადგარები დააკმაყოფილებს არა, მარტო სკოლის ქიმიის კაბინეტს, არამედ სასურველი ფუფუნებაა ნებისმიერი კვლევით ცენტრისთვის. საგრანტო დაფინანსების პირობებში ლაბორატორია აღიჭურვა ვიდეო პროექტორით, მაგნიტური შემრევით, კოლბა გამახურებლით, მოლეკულური მოდელებით, pH მეტრით, ელექტრონული სასწორით, ორგანული და არაორგანული სინთეზის ჩასატარებლად საჭირო მრავალფეროვანი ქიმიური ჭურჭლით, გამოსახდელი და ექსტრაქციის მოწყობილობებით, ბიურეტებით და მობილური ლაბორატორიული ნაკრებით. სკოლის ქიმიის კაბინეტში შესაძლებელია მიღებული ნივთიერებების, როგორც გამოყოფა, ასევე გასუფთავებაც. აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენება შესაძლებელია, როგორც სადემონსტრაციო ცდებში, ასევე ინდივიდუალურ ექსპერიმენტებშიც.

 

- როგორ აპირებთ გრანტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის საზოგადოებისათვის გაცნობას?

ჩვენს კლუბს აქვს საკუთარი ვებგვერდი chemclub.edu.ge სადაც ვაქვეყნებთ   კლუბის აქტივობებს, ასევე ინფორმაცია ქვეყნდება chemistry.ge-ზე და სოციალურ ქსელებში.  კვლევის შედეგებს წარვადგენთ ასევე მოსწავლეთა და მასწავლებელთა მე-2 რესპუბლიკურ კონფერენციაზე 7 მაისს. თეზისები გაგზავნილი გვაქვს და საორგანიზაციო კომიტეტიდან უკვე მივიღეთ თანხმობა კონფერენციაში მონაწილოებაზე.

 

- და ბოლოს, ორი სიტყვით კლუბის სამომავლო გეგმებზე...

კლუბი ფუქნციონირების გააგრძელებს საგრანტო პროექტის დასრულების შემდეგაც. ჩვენი ლაბორატორიის აღჭურვილობა  საინტერესო პროექტების განხორიცელების საშუალებას გვაძლევს. ცხადია კლუბის აღჭურვილობას საგაკვეთილო პროცესშიც აქტიურად გამოვიყენებთ.

 

- დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 02-04-2023