კოლა და დიეტური კოლა: ფაქტები და ჭორები

რა არ გაგვიგია ტკბილი გაზიანი სასმელების შესახებ: ზოგი ნაცნობისგან გაგონილ ამბავს ყვება ხოლმე და ზოგიც ნაცნობის ნაცნობისგან. მათ შესახებ ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ორგანიზმზე, ონლაინ მედიაშიც გვხვდება. ამ ინფორმაციის ნაკადში რთულია მტყუან-მართალის დადგენა, რადგან ინფორმაცია, როგორც წესი, ჰიპერბოლიზირებულია ან „შინაგანი ხმისგანაა“ წამოსული ხოლმე. გავარჩიოთ, რომელია მტყუან-მართალი.

 

სანამ დავიწყებდეთ, მანამდე უნდა ითქვას, რომ, რაც უფრო ნაკლებ გაზიან სასმელებს მიიღებს ადამიანი, უკეთესია. რასაკვირველია, აქვს ჯანმრთელობაზე გავლენა გადამეტებული დოზით დალევის შემთხვევაში. ამ ინფოგრაფიკის მიზანი მხოლოდ ინფორმაციის სისწორის შემოწმებაა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაციის გადამოწმების ჩვევას თუ განივითარებენ ადამიანები, ცხოვრება გამარტივდება.

 

შეიცავს თუ არა კოლა 10 ჩაის კოვზ შაქარს?

ერთი (ალუმინის) ქილა კოლა შეიცავს 33 გ შაქარს, რაც დაახლოებით 9-10 ჩ/კ შაქარს შეესაბამება. აგრეთვე, გავრცელებულია აზრი, რომ ქილა შეიცავს იმდენ შაქარს, რამდენიც წესით ერთ დღეში უდა მიიღო, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ შაქრისთვის რეკომენდირებული დღიური დოზა არ არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO; ჯანმო) გვირჩევს, შაქრისგან მიღებული კალორიების რაოდენობა 10%-ზე მეტი რომ არ იყოს კარგი იქნება. მეტიც, იდეალურ შემთხვევაში შაქრის დღიურ კალორიები 5%-ს უნდა შეადგენდეს.

 

1 ჩ/კ შაქარი შეიცავს 15 კალორიას, მაშასადამე, 10 ჩ/კ - 150 კალორიას. თუ ჩავთვლით, რომ დღიური რეკომენდირებული კალორიები კაცისთვის 2500-ია, ხოლო ქალისთვის 2000-ია, 150 კალორია ამ რაოდენობების შესაბამისად 6% და 7.5% იქნება. ცხადია, ეს საკმაოდ ბევრი შაქარია და ზემოხსენებულ ჯანმო-ს თუ გავიხსენებთ, 5%-ზე მეტია, თუმცა 10%-ზე ნაკლებია. როდესაც კოლას შაქრიანობაზე ვსაუბრობთ, ეს ფაქტები აღსანიშნავია.

 

იწვევს თუ არა იმდენი შაქარი ან ფოსფორმჟავა, რამდენიც კოლაშია, ღებინებას?

არა. ჩვეულებრივადაა შესაძლებელი დალიოთ 10 ჩ/კ-იანი წყალი და არ აღებინოთ. არის თუ არა ამდენი შაქარი კარგი? არა, თუმცა ღებინებას არ იწვევს.

 

აზიანებს თუ არა კბილის ემალს ფოსფორმჟავა, რომელსაც კოლა შეიცავს?

დიახ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ერთი ჭიქის დალევა კბილების მოშლას არ გამოიწვევს, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით გაზიან სასმელებს დიდი ხნის განმავლობაში მიიღებთ, გასაკვირი არ იქნება, რომ კბილის ემალის მოშლა შეამჩნიოთ, რადგან გაზიან სასმელებს მჟავა რეაქცია აქვთ. აქვე აღვნიშნოთ, რომ არა მხოლო კოლა, არამედ ხილის წვენებიც ამ მხრივ პრობლემატური შეიძლება იყოს, რამდენადაც ისინი ლიმონმჟავას/ვაშლმჟავას შეიცავენ და შეუძლიათ მოშალონ კბილის მინანქარი დროთა განმავლობაში.

 

ეს დამოკიდებულია კონცენტრაციაზე. კოლაში ფოსფორმჟავას კონცენტრაცია საკმაოდ დაბალია (დაახლოებით 0.055%). შეადარეთ ეს ფორთოხალში შემავალი მჟავების კონცენტრაციას, რაც დაახლოებით 1%-ია, და მიხვდებით, რომ ცოტა გაზვიადებულია კოლაში მჟავაზე კონცენტრირება. აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში საჭმელ-სასმელს პირის ღრუში არ ვიჩერებთ, ეს კი კბილზე მჟავის ეფექტებს ამცირებს.

 

შაქრის დიდი რაოდენობით მიღების შედეგად გამოყოფილი ინსულინი ღვიძლში ცხიმების სინთეზს აინიცირებს?

კვლევების მიხედვით, ინსულინის მომატებული დონე არ განაპირობებს ცხიმის წარმოქმნას. ცხიმის წარმოქმნა ძირითადად დაკავშირებულია ხოლმე ღვიძლში ფრუქტოზის მეტაბოლიზმთან. მაშ, ეს დებულება მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არა ინსულინზე, არამედ ფრუქტოზაზე იქნებოდა საუბარი. იწვევენ თუ არა ტკბილი სასმელები ცხიმის წარმოქმნის გაზრდას? პასუხია არა და, ალბათ, არ უნდა იყოს გასაკვირი...

 

მუშაობს თუ არა კოფეინი ისეთი მექანიზმით, როგორითაც ჰეროინი და კოკაინი?

კოფეინთან დაკავშირებით ეს ბრალი ახალი არაა. ამ აზრს კონკრეტული საფუძველი აქვს, მაგრამ იმდენადაა ჰიპერბოლიზირებული, რომ არასწორია.  ბევრ რამეს აქვს ეფექტი ტვინში ე.წ. „სიამოვნების ცენტრზე“ და რამდენადაც დოპამინი ასოცირებულია დამოკიდებულებასთან (თუნდაც ჰეროინზე/კოკაინზე), ჭორიც ამაზეა დაფუძნებული, მაგრამ მსგავსი რამის შედარების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ, რა დოზით/ხარისხით მოქმედებენ ტვინის „სიამოვნების ცენტრებზე“ ეს ნაერთები? როგორც ვთქვი, ბევრ რამეს შეუძლია ტვინის ამ ცენტრებზე მოქმედება, მათ შორის საჭმელსაც და ვარჯიშსაც.

მაშასადამე, რამდენადაც კოფეინს აკავშირებენ ხოლმე დამოკიდებულებასთან, ე.ი. დოპამინის გამოყოფასთან, არ არსებობს კვლევა, რომელიც ამ აზრს მხარს უჭერს, თუმცა კოფეინს აქვს შემდეგი თვისება: ხელს უშლის დოპამინის უკან შეწოვას. როგორც აღვნიშნე, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ დიეტური დოზებით კოფეინი დამოკიდებულებას იწვევდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოფეინის შედარება ჰეროინთან/კოკაინთან აბსურდულია.

 

აქვს თუ არა კოფეინს დიურეზული ეფექტი ორგანიზმში?

დიახ. კოფეინი დიურეზულ ნივთიერებაში გადის (თუმცა არც ისე ძლიერია). კვლევები მოწმობს, რომ კოფეინის ის რაოდენობა, რომელიც 2-3 ჭიქაშია, შარდის რაოდენობას ზრდის. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ კოფეინს, დიურეზულ ეფექტს ლახავენ ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ კოლა ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის წყალზე უკეთესი არაა, როგორც გსმენიათ, დეჰიდრატაციას არ იწვევს და, შესაბამისად, ორგანიზმს სითხეებს არ აკარგვინებს. რომელი სასმელები იწვევენ ორგანიზმის დეჰიდრატაციას? პასუხია ალკოჰოლშემცველი სასმელები. თუმცა იმისათვის რომ ეს ეფექტი შეამჩნიოთ, საჭიროა 2-ზე მეტი ჭიქის მიღება.

 

არის თუ არა კოფეინისა და ასპარტამის კომბინაცია „პოტენციურად მომაკვდინებელი“?

ლოგიკის კანონების მიხედვით, ეს წინადადება სემანტიკურად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ნებისმიერი რამ, თუნდაც წყალი, შეიძლება იყოს მომაკვდინებელი დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში. არის თუ არა ასპარტამისა და კოფეინის ნარევი მომაკვდინებელი იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იგი კოლას ქილაშია? პასუხია არა, არავითარ შემთხვევაში. ასპარტამი უსაფრთხო დამატკბილებელია. მასზე ცალკე ინფოგრაფიკას მოგვიანებით შემოგთავაზებთ. იმისათვის, რომ ასპარტამის დღიურ ნორმას გადააჭარბოთ, საჭიროა დალიოთ 30 ქილა დიეტური კოლა დღეში.

 

„ატყუებს“ თუ არა ასპარტამი ორგანიზმს, რომ იგი შაქარია?

მიუხედავად იმისა, რომ ასპარტამს და სხვა ხელოვნურ დამატკბილებლებს ტკბილი გემო აქვთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ისეთივე მექანიზმით მოქმედებენ, როგორითაც შაქარი. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ასპარტამი ინსულინის დონეზე გავლენას არ ახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიეტური კოლა სისხლში ინსულინის დონეს არ ზრდის.

 

კოლა მაინც და მაინც კარგი არაა, მაგრამ დეზინფორმაცია/ცრუინფორმაცია უარესია

ყველაზე საწყენი ამბავი ამ ყველაფერთან დაკავშირებით მაინც არის ის, რომ დეზინფორმაცია სწრაფად ვრცელდება სოციალურ ქსელებში და ადამიანები თითოეულ სიტყვას იჯერებენ. დიდი დრო არ სჭირდება იმას, რომ გადამოწმდეს ესა თუ ის ინფორმაცია და შეფასდეს მისი სიზუსტე, მაგრამ... დიახ, მართალი იქნებით თუ იტყვით, რომ მეცნიერული ცოდნის გარეშე რთულია, გაარჩიო რა არის მცდარი, მაგრამ გამოსავალი არსებობს: ექსპერტის აზრის მოსმენა.

 

ბიბლიოგრაფია და დამატებითი საკითხავი:

 

 



თარგმანი: ლაშა ხუციშვილი