ვიტამინების ქიმიური სტრუქტურა
ვიტამინები ჩვენი დღიური კვების მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, სავარაუდოდ, დიდად არ გიფიქრიათ, თუ როგორი შეიძლება იყოს მათი ქიმიური სტრუქტურა. ეს ინფოგრაფიკა 13-ივე ვიტამინის სტრუქტურას ასახავს. აღსანიშნავია, რომ არსებობს მათი ვარიაციები, რაც დამოკიდებულია ვიტამინის წყაროზე, თუმცა ორგანიზმში მოხვედრისას ესენი არიან მთავარი „მოთამაშეები“. ისინი სხვადასხვა როლს ასრულებენ ორგანიზმში. ქვემოთ მოცემულია მოკლე აღწერა, თუ რაში ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ეს ნაერთები.
პირველ რიგში, საინტერესოა, თუ რა ტიპის ქიმიურ ნაერთს ეწოდება ვიტამინი. ვიტამინი განსაზღვრულია, როგორც ორგანული ნივთიერება, რომელიც ცოცხალი ორგანიზმისთვის საჭიროა, მაგრამ ამ უკანასკნელს არ აქვს უნარი, რომ საკუთარ ორგანიზმში დაასინთეზოს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც სჭირდება. რომ დავაზუსტოთ, ამ განსაზღვრებაში არ შედის აუცილებელი ნუტრიენტები, როგორებიცაა ამინომჟავები, ცხიმოვანი მჟავები, ნახშირწყლები და მინერალები.
დღესდღეობით ცნობილია 13 ვიტამინი: ვიტამინები A-დან E-მდე, B ვიტამინების ფართო სპექტრი და ვიტამინი K. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, თუ რატომაა ნაპრალი E-დან K-ს შორის. ადრე 13-ზე მეტი ორგანული ნივთიერება ითვლებოდა ვიტამინად, თუმცა შემდგომმა კვლევებმა და მონაცემების გადამუშავებამ ზოგიერთი ამოშალა ვიტამინთა სიიდან ან B ჯგუფის ვიტამინებში შევიდა. ამის მაგალითია ვიტამინი B7 - ბიოტინი. ადრე ამ ვიტამინს H ერქვა. რაც შეეხება ვიტამინებს, რომლებიც F-დან J-მდე იყო, დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ვიტამინები საერთოდ არ ყოფილან (H-ის გარდა).
საზოგადოდ, ვიტამინები შეგვიძლია დავყოთ ორ დიდ ჯგუფად: წყალში ხსნად და ცხიმში ხსნად ვიტამინებად. ვიტამინები: A, D, E და K ღვიძლში ან ცხიმოვან ქსოვილებში ინახება მანამ, სანამ ორგანიზმს არ დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ხშირი მიღება აუცილებელი არაა. მეორე მხრივ, წყალში ხსნადი ვიტამინები ადამიანის ორგანიზმში ვერ ჩერდება, რის გამოც ეს ვიტამინები ადამიანმა ხშირ-ხშირად უნდა მიიღოს, რათა მათი დეფიციტი არ განიცადოს. მეტიც, იმის გამო, რომ წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმში არ ინახება, მათი გადამეტებული დოზით მიღება ისედაც რთულია (რაც საზიანო იქნებოდა).
ზოგიერთი ვიტამინი ქიმიური თვალსაზრისით უფრო მარტივი აგებულებისაა ვიდრე სხვები. D ვიტამინი, მაგალითად, მხოლოდ იმ ფორმით არსებობს, რომელიც გრაფიკაზეა წარმოდგენილი, ხოლო რაც შეეხება, მაგ., E ვიტამინს, იგი სხვადასხვა (თუმცა მსგავსი) სტრუქტურით შეიძლება შეგხვდეთ. ვიტამინების აქტიური ფორმა ძუძუმწოვრების ქსოვილებში საკმაოდ განსხვავებული შეიძლება იყოს იმ ფორმასთან შედარებით, რა ფორმითაც ისინი საჭმელში შედიან.
ვიტამინები ადამიანის ორგანიზმში უდიდეს როლს ასრულებენ, რომელთა მოკლე განხილვას პოსტერზე ნახავთ. მაგალითისთვის, რამდენიმე B ვიტამინი სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების, წარმოქმნაში მონაწილეობს. შეხვდებით ვიტამინებს, რომლებიც საჭმლის მონელებაში მიუძღვის წვლილი. ზოგი სპეციფიკურ ორგანოს ეხმარება. მაგალითად, ვიტამინი A მხედველობისთვისაა მნიშვნელოვანი, ხოლო K ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში. რასაკვირველია, ვიტამინების დეფიციტსაც ექნება უკუეფექტი. მაგალითად, C ვიტამინის დეფიციტი სურავანდს იწვევს (ცნობილია, რომ სანამ ამ ვიტამინს აღმოაჩენდნენ, მეზღვაურებს ხშირად უვითარდებოდათ სურავანდი). K ვიტამინის ნაკლებობამ სისხლდენის პრობლემებს იწვევს, რის გამოც ახალდაბადებულ ჩვილებს ამ ვიტამინს უკეთებენ, რაც ტვინში სისხლჩაქცევისგან და პოტენციური ტვინის დაზიანებისგან იცავთ მათ.
მაშ, აუცილებელია თუ არა ვიტამინების დანამატები მივიღოთ, რათა მათი დეფიციტი ავიცილოთ დავიდან? თუ თქვენ დაბალანსებულად იკვებებით, მაშინ დიდი ალბათობით საჭირო რაოდენობის ვიტამინებსაც იღებთ. არსებობს შემთხვევები, როდესაც დანამატები საჭიროა მათთვის, რომლებიც დეფიციტის რისკის ქვეშ არიან, მაგრამ, თუ გადავხედავთ კვლევებს, მათი შედეგი ცოტა შემაშფოთებელია. ამ კვლევების მიხედვით, 400 000 ადამიანი მონაწილეობდა და იღებდა ვიტამინის დანამატებს. აღმოჩნდა, რომ უმეტესი მათგანი არ ყურადღებას არ აქცევდა ქრონიკულ დაავადებებს, მათი თავიდან აცილებისთვის არ იღებდა შესაბამის ზომებს, რის გამოც დასკვნა შემდეგია: თუ მულტივიტამინების დანამატებს რაიმე ეფექტი აქვს, მაშინ ის ძალიან მცირეა.
თუ უფრო მეტი გაინტერესებთ ვიტამინებთან დაკავშირებით, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ლინკებს.
დამატებითი საკითხავი და ბიბლიოგრაფია:
- Vitamins & Minerals – Harvard Health;
- Wasting money on vitamin supplements – E Guallar & others;
- Vitamins & minerals – NHS;
- Food – the chemistry of its components – T Coultate.
თარგმანი: ლაშა ხუციშვილი