მოლის დღე: რა არის მოლი?
დღეს, 23 ოქტომბერს, მოლის დღეა. ეს დღე ძირითადად ქიმიკოსების საზოგადოებაშია გავრცელებული. მოლი საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავთვალოთ, თუ რა რაოდენობა ესა თუ ის ნივთიერება შევიდა/წარმოიქმნა რეაქციის დროს. ესაა ფუნდამენრური ცნება, რომელსაც ქიმიკოსები იყენებენ.
ქიმიკოსების პრობლემა ატომებთან და მოლეკულებთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს ნაწილაკები ძალზე მცირენი არიან, რაც მათ დათვლას შეუძლებელს ხდის. იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მცირე ზომისაა ატომი, პოპულარულ ანალოგიას შემოგთავაზებთ: დედამიწაში იმდენი ვაშლი ჩაეტევა, რამდენი ატომიც ჩაეტევა ვაშლში. როდესაც რეაქციას ვატარებთ, ჩვენ გვინდა გავიგოთ, თუ რა რაოდენობის ნივთიერებას მივიღებთ ან რა რაოდენობის რეაქტივები უნდა ავიღოთ, მაგრამ ატომების უზარმაზარი რაოდენობა თუნდაც მცირე ნიმუშში, ძალზე მოუხერხებელს ხდის ამ საქმეს.
სწორედ აქ შემოდის მოლი. ის განისაზღვრება, როგორც ნივთიერების რაოდენობა, რომელიც ზუსტად 6.02214076 × 1023 ცალ ატომს, მოლეკულას ან იონს შეიცავს. ფრანგმა ქიმიკოსმა, ჟან პერინმა, გამოიჩინა ინიციატივა, რომ იტალიელი მეცნიერის, ამადეო ავოგადროს, ნამუშევარი დაფასებულიყო. ამადეომ შეამჩნია, რომ აირის მოცულობა, გაზის „ვინაობის“ მიუხედავად, მოცემულ ტემპერატურასა და წნევაზე პირდაპირპროპორციული იყო ატომების ან მოლეკულების რიცხვის. მაშ, ჩვენ 6.022 x 1023 რიცხვს ვიცნობთ, როგორც ავოგადროს რიცხვს.
2019 წლამდე ავოგადროს რიცხვი შემდეგნაირად იყო განსაზღვრული: ესაა ნახშირბადის ატომების რაოდენობა, რომელსაც 12 გრამი ნახშირბად-12 შეიცავს. დღესდღეობით ერთი მოლი განისაზღვრება, როგორც რიცხვი, რომელიც 6.022 140 76 × 1023 სტრუქტურულ ნაწილაკს მოიცავს. მაშასადამე, ნებისმიერი ნივთიერების ერთი მოლი შეიცავს მოლეკულების ან ატომების ზუსტად ამ რიცხვს. რასაკვირველია, ატომის ან მოლეკულის მასაზე იქნება დამოკიდებული ერთი მოლი ნივთიერების მასა - ერთი მოლი წყალი დაახლოებით 18 გრამია, მაგრამ ერთი მოლი მარილი, რომელიც სამზარეულოში გაქვთ, ნატრიუმის ქლორიდი, 58.4 გრამს იწონის.
ზოგიერთისთვის ეს შეიძლება დამაბნეველი იყოს თავიდან, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ეს სრულიად ლოგიკურია. სხვადასხვა ნივთიერებას სხვადასხვა ატომები, მოლეკულები ან იონები ექნება, რომელთაც განსხვავებული მასა აქვთ. ოქროს ატომებს უფრო მეტი მასა აქვს, ვიდრეს რკინის ატომებს, რის გამოც ერთი მოლი ოქრო მძიმეა ერთ მოლ რკინასთან შედარებით.
დიახ, ესაა მოლი, მაგრამ რატომაა იგი საჭირო? დავიწყოთ იმით, რომ მოლი ნივთიერების რაოდენობას გაცილებით ადვილად გამოსახავს. ჩვენ არ გვიწევს, რომ მოლეკულების რაოდენობები ვწეროთ და ეს დიდი რიცხვები გამოვიყენოთ კალკულაციებისთვის. ჩვენ ნებისმიერი ნივთიერების მოლები შეგვიძლია დავთვალოთ მარტივად: ამ ნივთიერების მასა გავყოთ მოლურ მასაზე. მოლური მასა - ესაა 1 მოლი ამა თუ იმ ნივთიერების მასა, რომელიც პერიოდული სისტემის გამოყენებით ადვილად შეგვიძლია გავიგოთ. გარდა ამისა, მოლები საშუალებას გვაძლევს, რომ დავთვალოთ, თუ რა მასის პროდუქტებს მივიღებთ რეაქციის შედეგად.
სამართლიანია, თუ ვიტყვით, რომ მოლს ქიმიკოსებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და, ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოვყავით დღე მის საპატივსაცემოდ.
თარგმანი: ლაშა ხუციშვილი