მემატიანე
თამარ ხატისაშვილი
ზოგი ადამიანი ხმაურს ტოვებს, ზოგიც კი – სითბოს.
თაკო სითბო იყო.
ძნელია გაიაზრო, რომ ადამიანი, რომელიც ასე ფრთხილად ეპყრობოდა ცხოვრებას, საკუთარ ჯანმრთელობას, ყოველთვის მოძრაობაში და გეგმების განხორციელებაში იყო, ერთ წამში შეიძლება გაქრეს. 29 დეკემბერმა ჩვენი სამყარო შეცვალა.
თაკო პირველად 2018 წელს გავიცანი. მაშინ მე სკოლის მოსწავლე ვიყავი და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ვემზადებოდი, ის კი უნივერსიტეტის სტუდენტი, ჩვენი ტრენერების დანიშნული, რომელიც გვეხმარებოდა ლაბორატორიის უნარ-ჩვევების განვითარებაში. შეხვედრის პირველივე მომენტიდან ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ადამიანი იყო. ენერგიული, ხელგაშლილი, ყოველთვის მომღიმარი, დახმარებისთვის მზადმყოფი ადამიანი. მე მოვიხსენიებდი მას, როგორც ყველაზე კომუნიკაბელურ ადამიანს.
2019 წელს ჩავაბარე იმავე უნივერსიტეტში, სადაც უფრო ხშირად იკვეთებოდა ჩვენი გზები. შემდეგ კოვიდის პერიოდში, ერთად ვმუშაობდით ქიმიის სახელმძღვანელოებზე, როდესაც დღესა და ღამეს ვასწორებდით. გამრჯე, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით სავსე, გულისხმიერი.
თაკოს იშვიათი გულუხვობა ახასიათებდა. თუ რჩევას სთხოვდი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყავი, დროს გულიანად გითმობდა. თუ დახმარება გჭირდებოდა, იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე სთხოვდი.
ერთხელ, მაგისტრატურაზე სასწავლელბლად წასვლის წინ, ფრენის დღეს, მჭირდებოდა პასპორტის ჩასადები (ქეისი), მახსოვდა, რომ თაკოს ჰქონდა და ვკითხე, სად შეიძლება ვიყიდო-მეთქი. არა მხოლოდ დამაკვალიანა, არამედ უყოყმანოდ მითხრა: „ლაშ, ჩემსას მოგცემ, მოგიტან, შენ მაგაზე ცალკე დრო არ დაკარგო“. ამ ერთ წინადადებაში სრულიად ეტევა მისი ხასიათი, შეიძლება ითქვას. ბევრია მაინც გასახსენებელი...
2023 წელს აგვისტოში, როდესაც თბილისში ქიმიის საერთაშორისო ტურნირს ვატარებდით, თაკო ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანაუნივერსიტეტელებს შეხვდა. ამ შეხვედრიდან ჩამოყალიბდა მეგობრების წრე, რომელიც ღონისძიების შემდეგადაც ერთად დარჩა. იმავე ზაფხულს ერთად გავატარეთ დრო აჭარაში, კახეთში აღვნიშნავდით მეგობრობას და ახალი ეტაპების დაწყებას.
შემდეგ თაკოს დაეწყო ცხოვრების ახალი ეტაპი, მაგისტრატურა ერასმუსის პროგრამით. საფრანგეთი, ავსტრია, პორტუგალია – სადაც არ უნდა წასულიყო, მოგზაურობებიდან ყოველთვის მოჰქონდა პატარა საჩუქრები – არა ძვირადღირებული, არამედ ყურადღებით შერჩეული, როგორც ნიშანი იმისა, რომ ფიქრობდა შენზე.
საზღვარგარეთ ბოლოს ერთმანეთს ფრანკფურტში შევხვდით, 2025 წლის აპრილში. სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა გზიდან მოსული მეგობრები ერთად ვიყავით. ის, როგორც ყოველთვის, ყველაფრის შუაგულში იდგა, ადამიანებს აკავშირებდა... ერთად გადავიღედ ეს ფოტო, ვერც კი წარმოვიდგენდით, რამდენდად მნიშვნელოვანი გახდებოდა...
თაკო იყო ადამიანი, რომელიც არასდროს ამბობდა დახმარებაზე უარს. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ადგილზე იყო, რომელიც ძალას ჩუმად ატარებდა და სიკეთეს კი – ბუნებრივად. ის მნიშვნელოვანი იყო თავისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება ჰქონდა.
ზოგი ადამიანი ხმაურს ტოვებს, ზოგიც კი – სითბოს.
თაკომ სითბო დატოვა. და ის ჩვენთან დარჩება.
მშვიდად განისვენე, თაკო. RIP



