შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

მოგესალმებით ყველას! მომწონს თქვენი საიტი და მინდა ვისარგებლო თქვენი რესურსით.თუ შეიძლება:) გამომიგზავნეთ ინფორმაცია ქაღალდის ქრომატოგრაფიის შესახებ.მაინტერესებს ფოთლიდან გამოყოფილი მწვანე პიგმენტის გამოკვლევა.წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით ია გიგიბერია

პასუხი:.

თხელფენოვანი ქრომატოგრაფიის საშუალებით შეისწავლება ნივთიერებების ნარევთა თვისებითი და რაოდენობითი შედგენილობა. უფრო იშვიათად, თხელფენოვანი ქრომატოგრაფია გამოიყენება სუფთა ნივთიერებების გამოსაყოფად.

თხელფენოვანი ქრომატოგრაფია ეყრდნობა საკვლევ ხსნარში შემავალი n კომპონენტების ადსორბციის სხვადასხვა უნარს. შემდგომი თანმიმდევრული დესორბცია და გამოყოფა შემადგენელ კომპონენტებად მიმდინარეობს სხვადასხვა გამხსნელის საშუალებით. ექსპერიმენტის შედეგად ღებულობენ თხელფენოვან ქრომატოგრამებს.

 

თხელფენოვანი ქრომატოგრაფიისათვის გამოიყენება თხელფენოვანი ქრომატოგრაფიული ფირფიტა, კრისტალიზატორი, თხელფენოვანი ქრომატოგრამის გამოსამჟღავნებელი კამერა.

 

 

ქრომატოგრაფიული ფირფიტა არსებობს მინის, პლასტმასის ან ლითონის, რომელზეც დაფენილია ადსორბენტის თხელი ფენა. ადსორბენტად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მშთანმთქმელი. მათ შორის ყველაზე დიდი გამოყენება აქვს ალუმინის ოქსიდს (Al2O3), სილიკაგელს (SiO2•H2O). სორბენტის ფენა შეიძლება იყოს დამაგრებული ან დაუმაგრებელი.

კრისტალიზატორი წარმოადგენს მინის ჭურჭელს სახურავით, რომელშიც არის გამხსნელის მცირე რაოდენობა 3-4 მმ სიმაღლეზე. აუცილებლად უნდა შეირჩეს ადსორბენტ - გამხსნელის ისეთი სისტემა, რომელიც მოგვცემს კომპონენტების მკვეთრ განაწილებას მოცემულ სისტემაში.

გამოსამჟღავნებელი კამერა წარმოადგენს მინის ჭურჭელს, რომელშიც ათავსებენ იოდის კრისტალებს, რომლებიც ადვილად ორთქლდებიან და წარმოქმნიან იოდის ნაჯერ ორთქლს. იოდის ორთქლის საშუალებით ხდება ქრომატოგრამის გამომჟღავნება.

ქრომატოგრამის გამომჟღავნება შეიძლება აგრეთვე ქრომატოგრამის დასხივებით ულტრაიისფერი სხივებითჟ გოგირდმჟავით, რომელსაც ასხურებენ პულვერიზატორით და სხვა.

 

ექსპერიმენტის მსვლელობა. მუშაობის დასაწყისში ამზადებენ გამოსაკვლევი ნივთიერებების ნარევის 1 10)-იან ხსნარს წინასწარ შერჩეულ გამხსნელში. წვრილი კაპილარის ბოლოთი ეხებიან ხსნარის ზედაპირს. ამ დროს ხსნარი ადის კაპილარში კაპილარული ძალების გავლენით.

ქრომატოგრაფიული ფირფიტის ერთ-ერთ ბოლოზე აწვეთებენ კაპილარის საშუალებით? საკვლევი ხსნარის ძალიან მცირე რაოდენობას (სტარტის ხაზი), ფირფიტას ათავსებენ გამხსნელის თხელ ფენაში იმავე ბოლოთი, რომელზეც დაწვეთებული იყო სინჯი, ისე, რომ საკვლევი ნივთიერება იყოს ახლოს გამხსნელთან.

გამხსნელი უნდა ავიდეს ფირფიტის ჩაშვებული ბოლოდან მეორე ბოლომდე, 1 სმ-ის დაშორებით (ფრონტის ხაზი).

გამხსნელი კაპილარული ძალების გავლენით მოძრაობს ქვემოდან ზემოთ (აღმავალი გზა) და თან წარიტაცებს საკვლევ ნივთიერებას. საკვლევი ნივთიერების მოძრაობა ქვემოდან ზემოთ ფირფიტაზე ეყრდნობა მის ადსორბციულ თვისებებსა და ხსნადობას. ამიტომაა, რომ სხვადასხვა კომპონენტი ფირფიტაზე განლაგდება სხვადასხვა სიმაღლეზე.

ფირფიტას იღებენ გამხსნელიდან და აღნიშნავენ გამხსნელის ფრონტს.

ფირფიტას აშრობენ 5-30 წთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე.

გამხსნელი ქრომატოგრაფიულ ფირფიტაზე ყველაზე სწრაფად ადის სორბენტის ადსორბციული უნარის გამო და გზაზე ტოვებს გამოსაკვლევი ნივთიერების კომპონენტებს.

ფირფიტის გაშრობის შემდეგ ხდება ქრომატოგრამის გამომჟღავნება გამოსამჟღავნებელ კამერაში.

თუ გამოსაკვლევი ნივთიერება არის სუფთა, მაშინ გამომჟღავნების შედეგად ლაქები გამოიყოფა ერთ ზონაში. ხოლო თუ ნივთიერება არ არის სუფთა, მაშინ ყოველი ნივთიერება ინდივიდუალური ლაქის სახით გამოიყოფა სხვადასხვა ზონაში.

ერთი და იმავე სინჯის სხვადასხვა სორბენტზე და სხვადასხვა გამხსნელში ქრომატოგრამის გამომჟღავნებისას მიიღება ერთი ლაქა. ეს დამადასტურებელია იმისა, რომ აღებული სინჯი სუფთაა.

გარდა ამისა, საკვლევი ნაერთის ინდივიდუალობა შეიძლება დადგინდეს სტანდარტული ნაერთების გამოყენებით. საკვლევი ნივთიერებებისათვის ირჩევენ ცნობილ სტანდარტულ ნაერთს, რომლის შედგენილობა და აღნაგობა შეესაბამება საკვლევი ნივთიერების სავარაუდო აღნაგობას.

თხელფენოვანი ქრომატოგრამის ანალიზის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდია Rf სიდიდის განსაზღვრა. Rf გახსნილი ნივთიერების შეგვიანების ფაქტორია.

ეს სიდიდე წარმოადგენს შეფარდებას Rf=a/b სადაც a არის მანძილი სტარტის ხაზიდან ლაქის ცენტრამდე, ხოლო b-მანძილი სტარტის ხაზიდან გამხსნელის ფრონტამდე.

 

ადსორბენტისა და გამხსნელის შერჩევისათვის თხელფენოვანი ქრომატოგრაფიით მიღებული ინფორმაცია სასარგებლოა როგორც სვეტური, ისე აირთხევადურ ქრომატოგრაფიაში.

შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი