შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
მადლობთ პასუხისათვის. ისევ საპონთან მექნება შეკითხვა. რამდენ პროცენტს უნდა შეადგენდეს სუფრის მარილის შემადგენლობა როგორც სარეცხ, ასევე ხელის საპონში და თუ მარილი იქნება ჭარბი რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს. მადლობთ წინასწარ. რამდენადაც ვიცი ნორმა არის 0.7%.პასუხი:.
საპნის წებოდან საპნის გამომარილება წარმოებს სუფრის მარილის ან სუფრის მარილისა და ნატრიუმის ტუტის კონცენტრირებული ხსნარების დამატებით და ემსახურება საპნის ბირთვის გამოყოდას ჭარბი წყლისა და გლიცერინისაგან.გამომარილებისათვის საჭირო მარილის რაოდენობის დადგენისათვის გამჭვირვალე ქიმიურ ჭიქაში იღებენ მცირე რაოდენობით საპნის წებოს სინჯს,რომელი მიიღება საპნის ხარშვით, და ამატებენ სუფრის მარილს. გამომარილება ითვლება დამთავრებულად, როდესაც სითხის ზედაპირზე შეიკვრება ე.წ. საპნის ბირთვი (ზედაპირზე მოცურავე მყარი მასის სახით), ხოლო მის ქვევით სითხე იქნება გამჭვირვალე და ამ სითხის ერთი წვეთის დატანა მინის ზედაპირზე დარჩება ისევ თხევად მდომარეობაში. თუ მინის ზედაპირზე წვეთის დატანისას მასა გამყარდება ან შესქელდება, მაშინ გამომარილების პროცესი არ არის დასრულებული და საჭიროა მარილის დამატება.
ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად ადგენენ მარილის რაოდენობას, რომელიც მთელი სისტემის გამომარილებისათვის არის საჭირო.
გამომარილების პროცესს, როგორც წესი, დიდი ყურადღება ექცევა, ვინაიდან არასრული გამომარილების შემთხვევაში, ადგილი აქვს საპნის დანაკარგს. ჭარბი მარილის შემთხვევაში კი საპნის ზედაპირზე მისი გაშრობის შემდეგ ჩნდება თეთრი ლაქები, რაც მას საწარმოო სახეს უკარგავს.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ქოქოსის საპნების გამომარილება არ ხდება, ვინაიდან ეს უკანასკნელი იხსნება მარილხსნარში. ასევე კალიუმიანი საპნების გამომარილებისას ადგილი აქვს მიმოცვლის რეაქციას და კალიუმის საპნის ნაწილი გადადის ნატრიუმის საპნის ფორმაში, რის შედეგადაც საპონი იცვლის კონსისტენციას (მყარდება).
შეკითხვას პასუხობს: პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი