სტუმრები

ჩვენი სტუმარია ჯული ჯიხვაშვილი, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11 და ონლაინ სკოლის “ზურგჩანთა“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლე.



 

 

ქიმიის საგანს პირველად მერვე კლასში გავეცანი და დავრწმუნდი მის განსაკუთრებულობაში.

-გამარჯობა, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი.

გამარჯობა, მე ვარ ჯული ჯიხვაშვილი, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-11 და სკოლა ,,ზურგჩანთის’’ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლე. მიყვარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ამ მხრივ კი განსაკუთრებულ უპირატესობას ქიმიას ვანიჭებ.

 

-რამ გააღვივა თქვენი ქიმიისადმი ინტერესი?

ჩემი მხრიდან საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესი დაბალი კლასებიდანვე გამოვლინდა. მერვე კლასში კი ქიმიის საგანს პირველად გავეცანი და დავრწმუნდი კიდეც მის განსაკუთრებულობაში. მალევე, ქიმიური ჭურჭლის პატარა ნაკრები შევიძინე და სახლის პირობებში  ვატარებდი მარტივ ცდებს. ხოლო მას შემდეგ რაც  გავაანალიზე და აღმოვაჩინე, რომ ქიმია ყველგან და ყველაფერშია, გადავწყვიტე ეს საგანი უფრო საფუძვლიანად შემესწავლა.

 

-რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა „ზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ? 

სკოლა ,,ზურგჩანთა’’ ავირჩიე პირველ რიგში იმისთვის, რომ ჩემი ქიმიის ცოდნა უფრო მეტად გამეღრმავებინა. მის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე თუმცა, უშუალოდ მასში ჩემს ჩართვაში დიდი წვლილი ჩემი ქიმიის მასწავლებელს - ვახტანგ თავდგირიძეს მიუძღვის და საჯაროდ მინდა გადავუხადო მას მადლობა ამისთვის.

 

-რა  შეგმატათ ონლაინ სკოლამ "ზურგჩანთა"?

ონლაინ სკოლამ “ზურგჩანთა“ მომცა შესაძლებლობა საინტერესო გაკვეთილების საფუძველზე განმევითარებინა საკუთარი უნარები საერთო ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად, რაც თავის მხრივ სასიამოვნო და თბილ გარემოს ქმნიდა. გაკვეთილებზე გამოყენებული მასალები, დამატებითი ლიტერატურა და სხვა, უპირობოდ, ძალიან დამეხმარა ბევრი საკითხის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში.

 

-რამდენად გაამართლა თქვენი იმედები ონლაინ სკოლა "ზურგჩანთამ" და დამატებით რას ისურვებით სკოლისგან?

ეს სკოლა გაცილებით უკეთესია ვიდრე წარმომედგინა. ნამდვილად დასაფასებელია მთელი გუნდის გაწეული შრომა, რომელიც ბავშვების ქიმიით დაინტერესებაზეა ორიენტირებული. ვისურვებდი უფრო მეტ აქტიურობას გარკვეული ღონისძიებების სახით, რაც კიდევ ბევრს შეაყვარებს  ამ მართლაც რომ მრავალფეროვან საგანს. იმედს ვიტოვებ , რომ ეს სკოლა კიდევ დიდხანს გააგრძელებს არსებობას და კეთილი საქმის კეთებას მათთვის, ვისაც ქიმია მთელი გულით უყვართ.

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 15-06-2022