სტუმრები

ჩვენი სტუმარია თამარ ჯინჭარაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლისა და ონლაინ სკოლა “ზურგჩანთას“ მე-8 კლასის მოსწავლე.



 

 

დავრწმუნდი, რომ ჩემი მომავალი პროფესია ქიმიას დაუკავშირდებოდა

თამარ გამარჯობა. რას გვეტყვით ჩვენს შესახებ?

მე ვარ თამარ ჯინჭარაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე. სკოლის გარდა დავდივარ სამუსიკო სკოლაში, ვეუფლები ფორტეპიანოზე დაკვრას. მიყვარს საბუნებისმეტყველო საგნები და თავისუფალ დროს წიგნების კითხვა.

 

ძალიან საინტერესოა. ბევრი რამით ყოფილხართ გატაცებული. საინტერესოა როგორ ასწრებთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გვაინტერესებს, ამ ყველაფერთან ერთად ქიმიამ რატომ და როგორ გაგიტაცათ?

ჩემი ოჯახის უფროსი თაობის წარმომადგენლები იყვნენ ბუნებისმეტყველები.  ოჯახის ტრადიციიდან გამომდინარე დაინტერესებული ვარ საბუნებისმეტყველო საგნებით. ქიმიისადმი ინტერესი მას შემდეგ უფრო გამიღრმავდა, როცა ბუნებისმეტყველთა კლუბის წევრები წავედით 2019 წელს კონფერენციაზე “ოქროს რიცხვი“, სადაც ბავშვებმა წარადგინეს თავიანთი საინტერესო პრეზენტაციები. შევხვდი ბატონ ელიზბარ ელიზბარაშვილს და ქიმიის ასოციაციის სხვა წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქიმიის შესწავლა არ მქონდა დაწყებული და ვიყავი მხოლოდ მე-5 კლასში ამ დღემ ჩემზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, რადგან ვიყავი დიდი შთაბეჭდილებისა და  ემოციის ქვეშ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ,რომ ჩემი მომავალი პროფესია ქიმიას დაუკავშირდებოდა.

 

რატომ აირჩიეთ ონლაინ სკოლა  “ზურგჩანთა“ და საიდან შეიტყვეთ ამ სკოლის შესახებ?

მე მიმაჩნია, რომ მხოლოდ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა არ იქნება საკმარისი ქიმიის ღრმად და საფუძვლიანად შესწავლისთვის, ამიტომ გავხდი ამ სკოლის მოსწავლე. სკოლა “ზურგჩანთას“  შესახებ გავიგე სოციალური ქსელიდან.

 

თქვენ ერთ-ერთი აქტიური მოსწავლე ხართ სკოლა “ზურგჩანთაში“. პრაქტიკულად ყველა მეცადინეობას ესწრებით დაარსების დღიდან. გულახდილად გვითხარით, მოგცათ რაიმე ახალი ცოდნა?

სკოლა “ზურგჩანთა“ ძალიან დამეხმარა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში. გაკვეთილზე მასალის განმტკიცებასთან ერთად ვასრულებთ ბევრ დამოუკიდებელ და შემაჯამებელ სამუშაოს.

 

მაშასადამე, გაამართლა თქვენი მოლოდინი? ან რის დამატებას ან შეცვლას ისურვებდით ამ სკოლაში?

ონლაინ სკოლა “ზურგჩანთამ“ გაამართლა ჩემი იმედები და მეტიც, საშუალება მომეცა მონაწილეობა მიმეღო ეროვნულ ოლიმპიადაში. ვისურვებდი გაგრძელდეს სკოლის არსებობა მომდევნო წლებშიც.

 

თქვენი გამოცდილების საფუძველზე რას ურჩევდით თქვენს თანატოლებს?

ჩემს თანატოლებს, რომლებიც ქიმიით არიან დაინტერესებულნი, ვურჩევდი ჩაერთონ ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში“, რადგან მათ აქ ელოდებათ საინტერესო გაკვეთილები.

 

კეთილი. დიდი მადლობა ასეთი შეფასებისათვის. თქვენ უკვე ახსენეთ, ჩემს თავს ქიმიაში ვხედავო. სამომავლოდ ქიმიის კუთხით აპირებთ სწავლის გაგრძელებას?

დიახ, ჩემი მომავალი პროფესია ქიმიას უკავშირდება. მინდა გავხდე ქიმიკოსი.

 

დარწმუნებული ვარ, კარგი და სასახელო ქიმიკოსი იქნებით. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, ქიმიის საკითხებს მარტივად სწავლობთ, არ გაშინებთ მოლეკულები და ქიმიური რეაქციები...  მაგრამ ბევრი მოსწავლე ასე უდგება ამ საგანს. როგორ ფიქრობთ, რატომ ითვლება მოსწავლეებში ქიმია რთულ საგნად?

ვერ გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ ქიმია ისეთი საგანია, რომელიც მოითხოვს დიდ შრომას, ნებისყოფას და სიბეჯითეს. ამავე დროს სხვა ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებთან ინტეგრირებას. თუ გინდა ქიმია იცოდე კარგად, ასევე უნდა ისწავლო მათემატიკა, ფიზიკა და ბიოლოგია.

 

და ბოლოს, როგორ შეაჯამებდით განვლილ პერიოდს ონლაინ სკოლა “ზურგჩანთა“-ში ?

 ამ სკოლაში სწავლა ჩემთვის ნაყოფიერი იყო , რაც  შედეგზეც აისახა. გადავედი ოლიმპიადის მესამე ტურში, გაკვეთილზე მეტად თავდაჯერებული ვარ, რადგან გარკვეული საკითხები უკვე გავლილი გვაქვს ონლაინ სკოლა “ზურგჩანთაში“.

 

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. გისურვებთ წარმატებას, როგორც ოლიმპიადის ფინალურ ტურში, ისე ქიმიკოსის პროფესიის დაუფლებაში.

 

 

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 21-05-2022

ჩვენი სტუმარი

მარიკა მეგრელიშვილი

ამ სკოლამ მომცა შესაძლებლობა გამეცნო ქიმიით დაინტერესებული თანატოლები

 

 

სწრაფი ბმულები