სტუმრები

დღეს ჩვენი სტუმარია  შ.პ.ს. „ქართული კოსმეტიკის“ მთავარი ტექნოლოგი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი მაჭარაშვილი.



 

 

ჩვენ ვქმნით ქართულ კოსმეტიკას

- როდის დაარსდა კომპანია „ქართული კოსმეტიკა“?

- შ.პ.ს. „ქართული კოსმეტიკა“ დაარსდა 2018 წელს, როგორც უმეტეს შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც თავდაპირველად მეგობრების წრეში გაჩნდა იდეა შეგვექმნა „საოჯახო ქიმიის“, ქართული პროდუქტები, რომლებიც იქნებოდა მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი უცხოური ანალოგების მიმართ.

- კერძოდ რა სახის პროდუქტებს აწარმოებს კომპანია „ქართული კოსმეტიკა“?

- თავდაპირველად შევქმენით ხელის თხევადი საპონი კანის დამარბილებელი ეფექტით, რომელიც 3 სახის არომატიზატორით: ლიმონის, ტარხუნის და ჟოლოს არომატებითაა წარმოდგენილი. შემდეგი პროდუქტები, რაც ჩვენს მიერ იქნა შექმნილი, ეს იყო ანტიბაქტერიული თხევადი საპონი, შხაპის გელი, ხელის სადეზინფექციო სპრეი და გელი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ქაფსაპონი და ნატურალური კრემები. პროდუქტების სავაჭრო ნიშანია „ნამი“.

- რა გამოარჩევს ქართულ პროდუქტებს უცხოური ანალოგებისაგან?

- პირველი ეს არის წყალი, ჩამოთვლილი პროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი კომპონენტი არის წყალი, რომელიც იწმინდება კათიონებისა და ანიონებისაგან უკუოსმოსის მეთოდით, გაივლის ულტრაიისფერ შუქფილტრებს და ამის შემდგომ გამოიყენება ტექნოლოგიურ პროცესში. ხელის დამარბილებელი საპნების ხაზში გამოყენებულია საკვები არომატიზატორები, რომლებიც წყალში კარგად ხსნადია და დაბანის შემდეგ არ ტოვებს სუნს ხელზე. საპნის ერთერთი მნიშვნელოვანი თვისება ხელის დარბილების ეფექტია, გლიცერინის ოპტიმალური შემცველობისა და დაბალანსებული pH-ის გამო. ანტიბაქტერიული საპნის ხაზში გამოყენებულია რძემჟავა, რაც განასხვავებს ჩვენს პროდუქტს უცხოური ანალოგებისაგან, რომლებიც რეცეპტურაში იყენებენ ისეთ ანტიბაქტერიულ ინგრედიენტებს, რომლებიც ანადგურებენ როგორც მავნე, ასევე სასარგებლო ბაქტერიებს.

- სად შეიქმნა კომპანია „ქართული კოსმეტიკის“ პროდუქტები?

-პროდუქტები შეიქმნა კომპანია „ქართული კოსმეტიკის“ კვლევით ლაბორატორიაში, ექსპერიმენტალური კვლევის შედეგად. საყრდენად გამოყენებული იქნა საერთაშორისო სტანდარტები, რომელშიც მკაცრად განსაზღვრულია საპნისა და სხვა ჰიგიენური პროდუქტების ფიზიკო - ქიმიური მახასიათებლების ზღვრები, ისეთები როგორიცაა: ქაფის მდგრადობა, ქაფიანობის რიცხვი, pH, ქლორიდების შემცველობა და ა.შ.

- როგორც ჩამონათვალში ახსენეთ, აწარმოებთ ხელის სადეზინფექციო გელს და სპრეის, რაც პანდემიის პირობებში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტებია, რა უპირატესობა გააჩნია თქვენს მიერ წარმოებულ პროდუქტებს სხვა პროდუქტებისაგან?

- მართალს ბრძანებთ, მომხმარებლისათვის საკმაოდ რთულია ფალსიფიცირებული და ხარისხიანი პროდუქტების ერთმანეთისაგან გარჩევა და ძირითადად ღირებულების მიხედვით მანიპულირებს. ჩვენი პროდუქტებიდან სადენზიფექციო  გელიც და სპრეიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის რექტიფიცირებული ეთანოლისაგან. სადენზიფექციო გელის შემადგენლობაში არის გამოყენებული სპეციალური გელწარმომქმნელი კომპონენტი, რომელიც ხელის კანის ზედაპირზე წარმოქმნის ჰიდროფობურ აპკს, რაც თავიდან გვაცილებს ხელის განმეორებით კონტამინაციას. აღნიშნულ პროდუქტზე გაგვაჩნია ლუგარის ლაბორატორიის მიერ გაცემული შესაბამისი მოწმობა და სერტიფიკატი.

- ქაფსაპონის შესახებ რას გვეტყვით?

- ქაფსაპონი არის სიახლე, რაც შევთავაზეთ მომხმარებელს, იგი ფართოდ არ იყო გავრცელებული ბაზარზე და რეალურად საინტერესო პროდუქტს წარმოადგენს, რადგანაც იგი საკმაოდ ეკონომიურია. მართალია ტუმბოდოზატორიდან მომხმარებელი დიდი მოცულობის მზა ქაფს იღებს, მაგრამ ქაფის გენერაციაზე ოპტიმალური რაოდენობის სითხე იხარჯება, რაც მის ეკონომიურობას განაპირობებს.

- ნატურალური კრემების ხაზი რა პროდუქტებითაა წარმოდგენილი?

- ნატურალური კრემები წარმოდგენილია ხელის, სახის, თვალის ირგვლივ და ტანის დამატენიანებელი კრემის სახით. როგორც თქვენთვის ცნობილია, კრემის ძირითადი შემადგენელი არის წყალი და კოსმეტიკური ცხიმი. კოსმეტიკური ცხიმების ნაწილში ჩვენ ვიყენებთ ქართული წარმოების ყურძნის წიპწის ზეთს, რომელიც თავის მხრივ წყალთან ერთად ინტენსიურად კვებავს და ატენიანებს კანს. რეცეპტურები გამდიდრებულია ვიტამინებით, ფუტკრის ნატურალური ცვილით, სპერმაცეტით, ნატურალური ემულგატორით და სხვა კოსმეტიკური ინგრედიენტებით.

- რაგანაპირობებს თქვენს მიერ წარმოებული პროდუქტების ხარისხს?

- პირველ რიგში მაღალი ხარისხის ინგრედიენტები. ინგრედიანტების შესყიდვა ხორციელდება ძირითადად ევროპიდან და ამერიკიდან, ზოგიერთ შემთხვევაში თურქეთიდანაც. შესყიდვებამდე გვეგზავნება ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომელსაც ვარჩევთ და ვახდენთ შედარებას სხვა მწარმოებლის მიერ მოწოდებულ სერტიფიკატებთან. ყურადღება ექცევა როგორც ძირითადი ნივთიერების კონცენტრაციას, ასევე მასში არსებული მინარევების შემცველობას, რადგანაც „ნამის“ პროდუქტების მთავარი ღირებულება მისი უსაფრთხოებაა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური პროცესის ზუსტი დაცვა და მიღებული პროდუქციის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი, რომელსაც ახორციელებს როგორც წარმოების შიდა ლაბორატორია, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის აკრედიტირებული ლაბორატორია.

- მომავალში თუ აპირებთ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას?

- დიახ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები შამპუნის რეცეპტურის დადგენაზე, უკვე დადგენილი და გამოცდილი გვაქვს ცხოველების (ძაღლის, კატის) შამპუნი, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. განიხილება „სამზარეულოს ქიმიის“ პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდა და სახლის სისუფთავის ქიმიური საშუალებების შექმნაც.

ესაუბრა www.chemistry.ge

გამოქვეყნებულია 04-02-2022